სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნუგზარ წიკლაური: განგვიმარტონ, რა საფრთხეა ამ კანონში...

რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირების შესახებ მომზადებული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ნუგზარ წიკლაური ამტკიცებს, რომ "კანონის საფუძველზე საფრთხეების შესახებ საუბარი მითიურია და არანაირი საფუძველი არ აქვს".

დეპუტატის აზრით, "ყველამ, ვინც ამ კანონში რაიმე საფრთხეს ხედავს, მათ შორის საპატრიარქომაც უნდა დააკონკრეტონ, თუ რა უარყოფით შედეგებს ელის მიღებული კანონისგან".

ამასთან, წიკლაური რელიგიური გაერთიანებების სსიპ-ად გამოცხადების თაობაზე მიღებულ კანონში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ინტერესებზე საუბარს "ყურით მოთრეულ თემას" უწოდებს და ფიქრობს, რომ "მეუფე ზენონის განცხადება გაუთვიცნობიერებელი ადამიანის უპასუხისმგებლო ნაბიჯი იყო".

"6 წელია, რაც ამ თემაზე მსჯელობა მიდის და გუშინდელი დღე ისტორიულია იმ თვალსაზრისით, რომ პარლამენტმა ისტორიული გადაწყველიტება მიიღო. საქართველო რელიგიურ და კონფესიურ ჯგუფებად არ უნდა იყოფოდეს და სირცხვილია, რომ კანონის მიღება აქამდე ვერ მოხერხდა. თუკი ჩვენ გვსურს, ევროპული საზოგადოების ნაწილი ვიყოთ, ეს კანონი უნდა მიგვეღო", - აცხადებს წიკლაური.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ უძღოდა კანონპროექტის მომზადებას წინ კონსულტაციები საქართველოს საპატრიარქოსთან, წიკლაური აცხადებს, რომ "ეკლესიას საკუთარი საზღვრები აქვს, სახელმწიფოს კი - საკუთარი და ამ შემთხვევაში არავითარი ვალდებულება იმისა, რომ კანონპროექტი საპატრიარქოსთან შეთანხმებით მომზადებულიყო, არ არსებობდა".

მან აქვე დასძინა, რომ "აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არცერთი კონკრეტული წინადადება საპატრიარქოს მხრიდან არ წამოსულა".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიების ხელმძღვანელმა მეუფე ზენონმა გუშინ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა, რომ "ხელისუფლების ქმედებით გამარჯვებული გარეგინ მეორე აღმოჩნდა".

"სომხეთის პატრიარქი საქართველოში კონკრეტული მისიით ჩამოვიდა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და მესაკუთრის უფლების აღდგენა მიეღო იმ ეკლესია-მონასტრებსა და ნაგებობზე, რაზეც იგი პრეტენზიას აცხადებდა. მისმა უწმინდესობამ ეს განცხადება მოისმინა და უთხრა: "არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, რომ სტატუსი მიიღოთ, თუმცაღა სომხეთში ქართული ეპარქიისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ ჩვენც ჩვენი მოთხოვნები გვაქვს". მაშინ სომხეთის პატრიარქმა წინააღმდეგობა არ გამოხატა, მაგრამ ბოლო წუთებში მან კომიუნიკეს ხელმოწერაზე უარი განაცხადა. გარეგინ მეორეს ვიზიტს ცოტა ხანში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ედვარდ ნალბანდიანის ვიზიტი მოჰყვა. ეს ვიზიტი სწორედ ამ სტატუსის მიღებას უკავშირდებოდა. სომხურმა ეკლესიამ იმ წუთში მიზანს ვერ მიაღწია, მაგრამ მოგვიანებით მიაღწია ხელისუფლების საშუალებით. როდესაც სომხეთის პატრიარქი სამშობლოში დაბრუნდა, მის ვიზიტს საქართველოში ძალიან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. რაც შეეხება კათოლიკურ და ბაპტისტურ ეკლესიებს, ისინი საჯარო სამართლის იურიდიული სტატუსის მინიჭებას არ ითხოვდნენ. აღმოჩნდა, რომ კათოლიკური ეკლესია ამ თემასთან დაკავშირებით სრულიად არ იყო საქმის კურსში. უფრო მეტიც, მას ეს სტატუსი მოთხოვნილი არ ჰქონდა. იგი საერთაშორისო სუბიექტს წარმოადგენს და საერთაშორისო სტატუსს ითხოვდა. ბაპტისტურ-ევანგელისტურ ეკლესიასაც თავისი ხედვები გააჩნია", - განაცხადა მეუფე ზენონმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100