სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ნატახტარი“ უერთდება „არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის“ განცხადებას

კომპანია „ნატახტარი“ უერთდება „არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის“ განცხადებას იმის თაობაზე, რომ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების რეგულაცია უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს.

„ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორის თორნიკე ნიკოლაიშვილის თქმით: „აღნიშნული რეგულაციის შემოღებამ შესაძლოა გამოიწვიოს არა მარტო პროდუქციის (ჩვენს შემთხვევაში ლიმონათის) თვითღირებულების ზრდა, არამედ ბაზარზე ჩვენი პროდუქციის გაძვირებაც და რაც ყველაზე მტკივნეულია, ჩვენი საექსპორტო პოტენციალის მკვეთრად გაუარესება. წელს „ნატახტარის ლიმონათი“ უკვე 20 ქვეყანაში გადის და ჩვენს ქვეყანას და ქართულ წარმოებას უწევს, პირველ რიგში, პოპულარიზაციას. ჩვენ გვესმის სახელმწიფოს მხრიდან აღრიცხვიანობის საჭიროება და მნიშვნელობა, მაგრამ მეწარმეების დაზარალებისა და მთლიანი სექტორის მომავლის საფრთხის ქვეშ დაყენების ხარჯზე ეს ნამდვილად არ უნდა ხდებოდეს“.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხუთმა მსხვილმა ქართულმა კომპანიამ გააპროტესტა ახალი რეგულაცია. მათი ძირითადი არგუმენტები უკავშირდებოდა პროდუქციის გაძვირების, უარყოფითი ფისკალურ-ეკონომიკური ეფექტის მიღების, ექსპორტის შემცირების საფრთხის, კანონის არასამართლიანობისა, მომხმარებელთა დაზარალების საკითხებს და სახელმწიფოს მხრიდან აღრიცხვიანობის ალტერნატიული სისტემის შემოღების აუცილებლობის საკითხებს.

2012 წლის 24 აპრილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №129 ბრძანების საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს ცვლილებას „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანებაში, განისაზღვრა არააქციზური საქონლის მარკირების სავალდებულო წესი. თავად ეს ცვლილება კი ეფუძნება საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ნუსხა და მარკირების პირობები.

აღნიშნული ბრძანების თანახმად, მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას ექვემდებარება არაალკოჰოლური სასმელები (მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყლები). სავალდებულო მარკირება ხორციელდება ბოთლის, ქილის ან კასრის გვერდზე, თავსახურზე ან ტარის ძირზე. ამასთან, შერჩეული პირის მიერ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება განისაზღვრება: ა) არაალკოჰოლური სასმელისთვის (გარდა მინერალური და მტკნარი წყლისა) – 1000 ცალ ერთეულზე – 5,5 ევროს ეკვივალენტი ლარებში და ბ) მინერალური და მტკნარი წყლისათვის – 1000 ცალ ერთეულზე – 4,63 ევროს ეკვივალენტი ლარებში.

ელექტრონულ მარკირებას, საქართველოს სახელმწიფოსთან დადებული ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს შვეიცარული კომპანია SICPA, რომელსაც მოქმედი რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში, არაალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი გადაუხდის მომსახურების საფასურს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100