სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არასამთავროები: შსს-მ ვერ დაგეგმა შესაბამისი ღონისძიებები, რათა უსაფრთხოება უზრუნველეყო

არასამთავრობო ორგანიზაციები "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" , "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო" ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართული საპროტესტო აქციის დროს გამოვლენილი ძალადობის ფაქტებს გმობენ.

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით აღნიშნული ორგანიზაციები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ.
"მიგვაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ უზრუნველყო პრევენციული ზომების ეფექტურად გატარება, რათა საპროტესტო აქციის დროს არ დაშავებულიყვნენ ღონისძიებაზე მიწვეული სტუმრები. სიტუაციის განმუხტვა შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლის შემდეგ მოხდა. სამინისტროს პირველი პირის აღნიშნულ საკითხში პირადად ჩარევა ცალსახად პოზიტიური ფაქტია, თუმცა მიგვაჩნია, რომ სამინისტრომ ვერ დაგეგმა შესაბამისი ღონისძიებები, რათა უზრუნველეყო მონაწილეთა უსაფრთხოება. ყოველივე ამის გამო საჭირო გახდა პრეზიდენტის გამოსვლის გადადება",- ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, აღსანიშნავია, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, თუმცა, ამ უფლების რეალიზება კანონის ჩარჩოებში უნდა თავსდებოდეს.
"ჩვენ გვესმის იმ ადამიანების, ვისაც წლების განმავლობაში უსამართლობის განცდა დაუგროვდა, თუმცა მსგავსი განცდა ვერ იქნება კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამართლების საფუძველი",- ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოახდინოს ობიექტური და ეფექტური გამოძიება ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებზე და უმოკლეს ვადებში დააყენოს არეულობის ორგანიზატორთა და მონაწილეთა სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
"მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრების უფლება მისცეს იმ ადამიანთა მცირე რაოდენობას, რომელთაც ამის სურვილი აქვს. სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ გადაიტანოს პრეზიდენტის გამოსვლა და დებატები პარლამენტის შენობაში. მოვუწოდებთ მხარეებს, ყველა ღონე იხმარონ, რათა თავიდან იქნას აცილებული სამოქალაქო დაპირისპირება", - ნათქვამია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების", "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და "ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100