საქართველოს ბანკმა ქვეყნის ისტორიაში პირველად ლარით დენომინირებული ევროობლიგაციები გამოუშვა
თბილისი, 25 მაისი, 2017 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა 500 მლნ ლარის მოცულობის ევროობლიგაციების გამოშვების შესახებ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო ობლიგაციები ადგილობრივ ვალუტაში განათავსა. ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 11%-ს შეადგენს, ხოლო ვადა - 2020 წლის ივნისამდეა. საქართველოს ბანკის ლარით დენომინირებული ევროობლიგაციებიირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდება.
ეს გარიგება ქვეყნისთვის და ქართული საბანკო სექტორისთვის დიდი მიღწევაა, რადგან გამოხატავს უცხოელი ინვესტორების ნდობას ქვეყნის ეკონომიკური გეზის, მისი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის და საბანკო სექტორის მიმართ. იგი ნიშნავს არა მარტო უცხოური კაპიტალის მოზიდვას საქართველოში, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ეკონომიკის ლარიზაციის პროცესში. გარიგება ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივი საფონდო და სავალუტო ბაზრების შემდგომ განვითარებას.
“ლარით დენომინირებული ევროობლიგაციების გამოშვება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ლარიზაციის მიმართულებით. აღნიშნული სტრატეგია ასევე ითვალისწინებს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რომლის აუცილებელი კომპონენტია ბაზარზე ქართული კორპორატიული სექტორის ეროვნული ვალუტით დენომინირებული გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდების ხელმისაწვდომობა. აღნიშნულ სექტორს უნდა შეეძლოს ლარში გრძელვადიანი ობლიგაციების გამოშვება და კაპიტალის მიღება. ეროვნული ვალუტის ევროობლიგაციების გამოშვება ასევე ხელს შეუწყობს ლარის შემდგომ პოპულარიზაციას საერთაშორისო ინვესტორებს შორის, რაც მნიშვნელოვანია მათი ადგილობრივ ბაზარზე შემოსვლის თვალსაზრისით,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
“საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ლარით დენომინირებული ბონდების გამოშვებას, როგორც კაპიტალის ბაზრის განვითარების აუცილებელ კომპონენტს და, მეორეს მხრივ, გრძლევადიანი ლარის რესურსზე ხელმისაწვდომობისა და ლარიზაციის ხელშემწყობ ფაქტორს.
მისასალმებელია, რომ ქართული ეროვნული ვალუტით დენომინირებული პირველი ევრობონდების საერთაშორისო ბირჟაზე განთავსება, ავტორიტეტული ფინანსური ინსტიტუტების შემდეგ, ქართული ბანკის მიერ ხორციელდება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინიციატივას ადგილობრივი კომპანიებიდან არაერთი მიმდევარი გამოუჩნდება“ აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
„მე ძალიან მოხარული ვარ რომ, ჩვენთვის და საქართველოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი გარიგება, წარმატებით დასრულდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უცხოელი ინვესტორები ამ მასშტაბის ინვესტიციას ახორციელებენ ეროვნულ ვალუტაში. მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო საქართველოსთვის უპრეცენდენტო გარიგებაში, განსაკუთრებით ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნულ ბანკს მხარდაჭერისთვის“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.
საქართველოს ბანკის ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გარიგების დასრულება მოხდება 2017 წლის 1-ელ ივნისს. ობლიგაციები გამოიცემა და გაიყიდება გამოსაცემი ფასის 100%-ში. ობლიგაციების საკრედიტო რეიტინგებია: BB- (Fitch) და Ba3 (Moody's). აღნიშნული ტრანზაქციის ხელმძღვანელები J.P. Morgan-ი და Renaissance Capital-ი იყვნენ, თანახელმძღვანელი კი „გალტ ენდ თაგარტი“. ტრანზაქციის ხელმძღვანელებისა და კომპანიის იურიდულ მრჩევლები Dechert LLP-ი და Baker & McKenzie LLP-ი.
კომენტარი