სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პასკა და ერთი გაყინული ქათამი – აი, რა დაურიგებს საგარეჯოს მერია, სააღდგომოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია, სააღდგომოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებს პასკას და ერთ გაყინულ ქათამს გადასცემს.

შესაბამისი ორი ტენდერი, რომელიც ჯამში, 10 ათასი ლარის ღირებულებისაა, მერიამ უკვე გამოაცხადა.

სატენდერო პირობების თანახმად, პასკა და ქათამი, 800 სოციალურად დაუცველი ოჯახისათვის, გამარჯვებულმა კომპანიამ, მერიას 28 აპრილამდე უნდა მიაწოდოს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ალექსანდრე გილაშვილი „პრაიმტაიმთან“ განმარტავს, რომ საკვები პროდუქტის შეძენა ბიუჯეტის შესაძლებლობების მიხედვით ხდება.

„ბიუჯეტს მეტის შესაძლებლობა არ აქვს. ჩვენთან აღრიცხულ სოციალურად დაუცველებს ხშირად ვეხმარებით. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სახის პროდუქტს გადავცემთ. ამ ეტაპზე ასეთი სახის დახმარება იქნება. ბიუჯეტს რის შესაძლებლობაც აქვს, იმას ვაკეთებთ”- განაცხადა გილაშვილმა.

ტენდერის ჩატარებულად გამოცხადების შემთხვევაში, დახმარებას სააღდგომოდ, სოციალურად დაუცველი, 800 ოჯახი მიიღებს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია, პროდუქტის შეძენას ნოვრუზ- ბაირამის დღესასწაულზე, მუნიციპალიტეტში მცხოვრები, ეთნიკური აზერბაიჯანელებისათვისაც გეგმავდა, თუმცა პროდუქტის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100