ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტუდენტებმა "ხუდონჰესის" პროექტის პერსპექტივებზე იმსჯელეს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტუდენტებს შორის მოეწყო ლექცია - დისკუსია საქართველოში დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და რეზონანსული - "ხუდონჰესის" პროექტის თემაზე.
ლექცია ჩატარდა "საქართველოს ინფრასტუქტურული პროექტების ინიციატივის" ორგანიზებით. დისკუსიას უძღვებოდა სიპის ხელმძღვანელი, ექსპერტი ეკონომიკის დარგში, ლევან კალანდაძე.
ლექციის მსვლელობისას სტუდენტებმა და ექსპერტმა განიხილეს პროექტის ყველა ასპექტი, ყურადღება გაამახვილეს რუსეთის ახალ ენერგოდოქტრინაზე და უკრაინის მაგალითზე, სადაც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხზე პოლიტიკურ ჭრილში ისაუბრეს.
„ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი ელექტრო და ზოგადად ენერგობაზარი ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე. ამ თვალსაზრისით, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგოდამოუკიდებლობის დონის მომატება, უკრაინის და რუსეთის ურთიერთობის ბოლო პერიოდის მაგალითიც თვალნათლივ ასახავს. "შაჰ-დენიზის" და "ხუდონის" პროექტების რეალიზაცია ერთი მხრივ საშუალებას იძლევა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, გაჩნდეს შემოსავლების ახალი, დამატებითი წყაროები ბიუჯეტისთვის, ამავდროულად, ქვეყანას გაუჩნდეს ახალი და რაც ყველაზე მთავარია, იაფი გაზის და იაფი ელექტროენერგიის მიღების ალტერნატიული წყარო, რათა ამით კიდევ უფრო შევამციროთ რუსულ ფაქტორზე ჩვენი დამოკიდებულების ხარისხი“ - განაცხადა ლევან კალანდაძემ შეხვედრაზე.
მსგავსი ტიპის შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა" პერიოდულად ატარებს, იმისთვის, რომ მოხდეს მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
კომენტარი