ცოლ-ქმარმა ბაქოდან კორონავირუსი „ჩამოიტანა" - წყვილი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მოათავსეს, რომელთაც ბაქოში მოგზაურობის ისტორია აქვთ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, კლინიკაში პაციენტები წყალტუბოს საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით შვიდი პაციენტი მკურნალობს, კიდევ ორი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. მათ ლაბორატორიული კვლევა დღეს ჩაუტარდებათ.
12 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 837-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 697, გარდაცვლილია 13. საკარანტინე ზონაში იმყოფება 3 213 ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კი 303 პაციენტია. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.
კომენტარი