ქუთაისში „შიშველი ფოტოსესიის“ ავტორი სასტიკად სცემეს და თვალის ამოთხრას უპირებდნენ
ცოტა ხნის წინ „არტ ჰედ კოლექტივის“ ბლოგზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქუთაისში სასტიკად სცემეს ფოტოგრაფი რობერტო ქველინი, რომელიც ქუთაისში, თეთრ ხიდთან მოწყობილი, ქალაქში პირველი სკანდალური შიშველი ფოტოსესიის ავტორია. ფოტოსესიის შესახებ „დრონი.ჯი“–მ ამ სტატიაში დაწერა და მას თან დაურთო სიუჟეტი, რომელიც ტელეკომპანია „იმედმა“ საინფორმაციო პროგრამა „ქრონიკაში“ გადასცა. „არტ ჰედ კოლექტივის“ ბლოგზე ნათქვამია:
„რობერტო ქველინი სულ ცოტა ხნის წინ ქართული საკრალური ტელესივრცის გმირი და ქუთაისური ორგიების მეფე გახდა. საქმე იმაშია რომ მან და მისმა მეწყვილემ სოფიო შადრიგინამ განიძრახეს ფოტო კონკურს „ილოსთვის“ არაამქვეყნიური ექსპოზიცია შეეთავაზებინათ და დედიშობილა შადრიგინა ქუთაისური "კაცობის სავანეში" თეთრი ხიდის ქვეშ გაირთხა, ზემოდან კი რობერტომ ვნებიანი ფოტოების კორიანტელი დააყარა.
ფოტოკონკურსში რაღაც სპეციალური პრიზი კი დაიმსახურეს, მაგრამ როგორც ჩანს, „პროგრესულად მოაზროვნე“ „ჭეშმარიტ ქალაქელებს“ ეს დიდხანს არ დაავიწყდებათ.
ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ქველინი გუშინ დაახლოებით 18 საათზე, სწორედ რომ თეთრ ხიდთან გალახეს.
ალბათ გახსოვთ ძველ ქართული წარმართული ტრადიცია, „სადაც დააშავა იქ უნდა დააკლა“-ს პრინციპი – რობერტო იქ სცემეს, სადაც რამოდენიმე კვირის წინ ფოტო სესია მოაწყო – თეთრ ხიდზე.
„4 კაცი მცემდა უმოწყალოდ, ერთ ერთმა თვალში მთხარა თითი და მითხრა: „შენნაირმა ბლანჟეიანმა ყ** ფოტოგრაფებმაა რომ გაათახსირეს საქართველო“... ვარ უმოწყალოდ ნაცემი, თვალში მიჭირს ხედვა, ფაქტიურად ყველა სახსარი მტკივა...“ - აღნიშნა რობერტო ქველინიმ ჩვენთან საუბარში
„არტ ჰედ კოლექტივი“ შეშფოთებას გამოთქვამს აღნიშნულის გამო, ჩვენთვის მიუღებელია ყველა სახის ძალადობა, დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებების დარღვევა.
გვჯერა სამართალდამცავები ნაყოფიერად გამოიძიებენ აღნიშნულ ფაქტს და ნებისმიერი ამგვარი ქმედება შესაბამისად იქნება აღკვეთილი.“
კომენტარი