სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არჩევნების მეორე ტურით ჩვენ დავასრულებთ საბოტაჟის პოლიტიკას

არჩევნების მეორე ტურით ჩვენ დავასრულებთ საბოტაჟის პოლიტიკას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პრეზენტაციის შემდეგ თემის კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მიზანია დემოკრატიის რეალური განვითარება და მეორე ტური სწორედ ამის მაგალითია.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი კანდიდატები ყველგან გაიმარჯვებენ. ჩვენ ძალიან რთული კოჰაბიტაციის პერიოდი გავიარეთ. ყველას კარგად გვახსოვს უგულავას საბოტაჟის პოლიტიკა, როდესაც თბილისის ბიუჯეტიდან 100 მილიონი აუთვისებელი დარჩა. თუ გსურთ საბოტაჟის გაგრძელება, ხმა მიეცით მელიას, ხოლო თუ განვითარება გსურთ, ხმა მიეცით ნარმანიას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი თომას ჰამერბერგის ანგარიშსაც გამოეხმაურა. მისი განმარტებით, ხელისუფლების მთავარი გამოწვევა არის სწორედ ეკონომიკა და მძიმე სოციალური ფონი, თუმცა არსებობს სწორი ხედვა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას.

„წინა ხელისუფლებამ შექმნა განვითარების ილუზია, სინამდვილეში კი ეკონომიკა რეალურად არ არსებობდა, სოფლის მეურნეობა კი მიზანმიმართულად ნადგურდებოდა. ჩვენ ვიცით რეალობა და სწორი მიმართულებით ვავითარებთ ეკონომიკას, რისი ერთ-ერთი გამოხატულებაც სწორედ ანაკლიის პორტის პროექტია“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ანაკლიის პორტის მნიშვნელობა და მას ისტორიული მნიშვნელობის პროექტი უწოდა. პრემიერის შეფასებით, პროექტის განხორციელება საქართველოს საკუთარი პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობას მისცემს, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

მთავრობის მეთაურმა ასევე კომენტარი გააკეთა მთავრობისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებების გამიჯვნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს საკითხი მკაფიოდ გაწერილია კონსტიტუციაში, შესაბამისად მასზე ზედმეტი სპეკულაცია საჭირო არ არის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100