ბრაიზა: სააკაშვილი ყველაზე პოპულარულია, ივანიშვილი კი თარგამაძეზე სუსტია
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილ თანაშემწეს ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში, აშშ-ის ყოფილ ელჩს აზერბაიჯანში მეთიუ ბრაიზას "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარესთან გიორგი თარგამაძესთან შედარებით, სუსტ პოლიტიკოსად მიაჩნია.
ასე გამოეხმაურა მეთიუ ბრაიზა "ივერონთან" საუბარში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის გახმაურებულ შედეგებს.
"პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოში ყველაზე პოპულარულ ლიდერად რჩება. ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, მაგრამ ამომრჩევლებს დიდი სურვილი აქვთ, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს მისცენ ხმა. რაც შეეხება ოპოზიციას, "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარესთან, უფრო გამოცდილ გიორგი თარგამაძესთან შედარებით, სუსტ პოლიტიკოსად მეჩვენება" – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.
ამავდროულად, მისივე შეფასებით, "სხვა ოპოზიციურ მოძრაობებთან შედარებით, "ქართული ოცნება" მხარდამჭერთა სწრაფად მოსაპოვებლად ყველაზე აქტიურად და ეფექტიანად იბრძვის".
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის შედეგების მიხედვით,
შიდა ქართლში "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის გიორგი თარგამაძის მიმართ 76 პროცენტია კეთილგანწყობილი, 18 პროცენტი - არაკეთილგანწყობილი, 0 პროცენტს მის შესახებ არაფერი სმენია, 6 პროცენტმა კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა (ან არ იცის).
კახეთში მის მიმართ კეთილგანწყობა რესპონდენტთა 81 პროცენტმა დააფიქსირა, კეთილგანწყობილი არ არის 16 პროცენტი, 3 პროცენტი კი კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებს.
სამცხე-ჯავახეთი გიორგი თარგამაძის მიმართ გამოკითხულთა 68 პროცენტია კეთილგანწყობილი, 8 პროცენტი – არაკეთილგანწყობილი, 14 პროცენტს მის შესახებ არაფერი სმენია, 10 პროცენტი კი კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებს (ან არ იცის).
აჭარაში მის მიმართ კეთილგანწყობა რესპონდენტთა 74 პროცენტმა დააფიქსირა, არაკეთილგანწყობა – 24%-მა, 2%-ს კი "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის შესახებ არაფერი სმენია.
გურიაში ქდმ-ის ლიდერის მიმართ კეთილგანწყობილია რესპონდენტთა 67 პროცენტი, არაკეთილგანწყობილი - 31 პროცენტი, 2 პროცენტისთვის კი მის შესახებ არაფერია ცნობილი.
სამეგრელოში გიორგი თარგამაძის მიმართ გამოკითხულთა 83 პროცენტია კეთილგანწყობილი, 16 - არაკეთილგანწყობილი, 1 პროცენტს კი მის შესახებ არაფერი სმენია.
იმერეთში პროცენტული მაჩვენებლები ასე გადანაწილდა: 81 პროცენტი - კეთილგანწყობილი, 18 - არაკეთილგანწყობილი, 1 პროცენტისთვის კი გიორგი თარგამაძის შესახებ ცნობილი არაფერია.
მცხეთა-მთიანეთში კი ასეთი მონაცემებია მიღებული: 56 პროცენტი - კეთილგანწყობილი, 35 – არა, 0 პროცენტს არაფერი სმენია, ხოლო კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს 9 პროცენტი იკავებს (ან არ იცის).
კომენტარი