სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალექსანდრე ხეთაგური: "ტარიფების შემცირებამ, შესაძლოა, ენერგოკრიზისი გამოიწვიოს“

საქართველოში საზოგადოების უმრავლესობა და ასევე ოპოზიციის ("ნაციონალური მოძრაობის" გარდა) და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ერთად თანხმდებიან იმაზე, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიასა და გაზზე არსებული ტარიფები ძალიან მაღალია და ხელოვნურადაა გაზრდილი. "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ ტარიფების შემცირება იყო, რაც წინა ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდს დღემდე წარმოუდგენლად მიაჩნია და ამტკიცებს, რომ გაზის და ელექტროენერგიის გაიაფება შეუძლებელია, ვინაიდან აღნიშნულმა შესაძლოა, ქვეყანაში ენერგოკრიზისი შექმნას და ასევე, აუთვისებელი ჰიდრორესურსის ათვისებას ხელი შეუშალოს. ისინი იმედოვნებენ, რომ ახალი მთავრობა სფეროში დეტალურად გარკვევის შემდეგ ტარიფების დაწევაზე არ ისაუბრებს.

რეალურად შეძლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილის მთავრობა გაზსა და ელექტროენერგიაზე ტარიფების დაწევას, ამას მხოლოდ დრო და შედეგი გვიჩვენებს, მანამდე კი საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური განმარტავს, თუ რატომაა შეუძლებელი ტარიფების დაწევა:

- პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას გაზის და ელექტროენერგიის ტარიფების დაწევას დაჰპირდა. როგორც პრემიერი აცხადებს, ქვეყანა აზერბაიჯანიდან ძალიან იაფად ყიდულობს გაზს, თუმცა ტარიფების აწევა ქვეყნის შიგნით ხელოვნურად ხდება. თქვენ როგორც ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, რამდენად იზიარებთ ამ ბრალდებას და როგორ ფიქრობთ, როგორ შეძლებს ახალი მთავრობა ტარიფების შემცირებას ან რის ხარჯზე?

- ჩემი შეფასება ასეთია – ტარიფების შემცირება შეუძლებელია, რადგან ტარიფების შემცირებამ ჯამში შესაძლოა, ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვიოს – ეს პირველი და მეორე – ახალი რესურსების ათვისება შეუძლებელი იქნება დაბალი ფასის პირობებში. რაც შეეხება დანარჩენს, ამ ეტაპზე შეფასებების გაკეთება ჯერ ადრეა, თავისთავად გაივლის რაღაც პერიოდი, უფრო დეტალებში მოხდება გარკვევა და მას შემდეგ რაც გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, მერე უნდა გაკეთდეს შეფასებები. ამიტომ ჯერჯერობით ახალი მთავრობის მხრიდან ზედაპირული განცხადებები კეთდება, საჭიროა, თითოეული ადამიანი დეტალებში გაერკვეს. ყველაფერს დრო გვიჩვენებს. რაც შეეხება გაზის ტარიფს, დღესდღეობით, საქართველოში ოთხი სხვადასხვა წყაროს და სხვადასხვა ფასის გაზი შემოდის, მათ შორის ორი წყარო არის შაჰდენიზის და ის ლიმიტირებულია.

კერძოდ, პირველი წყარო ეს არის შაჰდენიზის გაზის ტრანსპორტირების საფასური, რაც გულისხმობს ტრანსპორტირებული გაზის 5%-ის კონკრეტულ ფასად - 55 აშშ დოლარად შემოტანას, ასევე გვაქვს უფლება, რომ შაჰდენიზიდან შევისყიდოთ გაზის დამატებითი მოცულობა, რომელიც ასევე ლიმიტირებულია და მისი ფასი 64 აშშ დოლარს შეადგენს. ანუ შაჰდენიზიდან ჩვენ ჯამში მაქსიმუმ ვიღებთ 800 მლნ კუბურ მეტრ გაზს, საიდანაც 500 მლნ კუბური არის 64-დოლარიანი დამატებითი გაზი, 300 მლნ კუბური კი 55 დოლარად – იმ შემთხვევაში, თუ თურქეთში 6 მლრდ კუბური გაზი გაივლის, მაგრამ ჯერ არ გადის ამ მოცულობის, ამიტომ ამ მოცულობის გაზი არასოდეს გვქონია და დაახლოებით, 200-250 მლნ კუბურ გაზს ვიღებთ. ანუ ჯამში რომ ავიღოთ, დაახლოებით, 250 მლნ კუბური გაზი გვაქვს 55-დოლარიანი, 500 მლნ კუბური გაზი გვაქვს 64-დოლარიანი. ამავდროულად გვაქვს რუსეთ-სომხეთის ტრანზიტისგან 150 მლნ კუბური მეტრი გაზი, ფასი – 110 დოლარი. ანუ ჯამში გამოგვდის 900 კუბური მეტრი გაზი, რომელთა ფასებია 55 დოლარი, 64 დოლარი და 110 დოლარი.

ჩვენი წლიური მოხმარება გაზისა კი შეადგენს 1 მლრდ 800 მლნ კუბურ გაზს. დარჩენილ 900 მლნ-ს ჩვენ ვიღებთ აზერბაიჯანიდან ორი სხვადასხვა კონტრაქტით – პირველი არის ე.წ. სოციალური გაზი, რომლის მოცულობა, დაახლოებით, 500 მლნ კუბურია და მისი ფასი 189 დოლარია, დარჩენილ 400 მლნ კუბურ გაზს კომერციულ ფასად ვყიდულობთ და მისი ფასი – 240 აშშ დოლარად. ამდენად, ჯამში გამოგვდის, რომ 900 მლნ კუბური გვაქვს "შეღავათიან ფასად", დამატებით 500 მლნ ოდნავ დაბალ ფასად – 189 დოლარად. შესაბამისად, ჯამში სოციალური ნაწილი – ესაა მოსახლეობის სახლში მოხმარება გაზის, პლიუს თბოელექტროსადგურების მიერ გაზის მოხმარება, შეადგენს 1 მლრდ 400 მლნ კუბურ მეტრ გაზს და მისი საშუალო შეწონილი ფასი 143 აშშ დოლარია.

დანარჩენი ესაა კომერციული მიწოდებები – აზოტის მიწოდება, გაზგასამართი სადგურები, სხვადასხვა კომერციული მიწოდებები და ა.შ და ამისთვის აზერბაიჯანი გაზს გვაწვდის 240 აშშ დოლარად. რაც შეეხება 143 დოლარიან გაზს, ის მიეწოდება გამანაწილებელ კომპანიებს – "ყაზსტრანსგაზს", ქუთაისგაზს, რუსთავგაზს და თბოელექტროსადგურებს.

თბოელექტროსადგურების მიერ განაწილებული გაზის ფასი არის 143 დოლარს პლიუს გაზის ტრანსპორტირების საფასური საზღვრიდან თბოელექტროსადგურამდე და ეს დაახლოებით, არის 16 ლარი 1000 კუბურ მეტრზე და გაზგამანაწილებელ კომპანიებს, მაგალითად, ყაზსტრანსგაზს, ქუთაისგზას, რუსთავგაზს გაზი მიეწოდება 143 დოლარს პლიუს ტრანსპორტირება საზღვრიდან ქალაქამდე, ესეც იგივე 16 ლარია. ამის შემდეგ თბილისში 1000 კუბურზე გაზის საფასური არის 500 ლარი. საიდან? - 143 დოლარი უნდა გადავამრავლოთ ლარის კურსზე, მივიღებთ გაზის ფასს ლარებში საზღვარზე, შემდეგ უნდა დავამატოთ ტრანსპორტირების საფასური საზღვრიდან ქალაქამდე და ქალაქში გაზი იყიდება 500 ლარად ანუ 1 კუბური 50 თეთრად. 500 ლარს, გაზის საფასურს და გაზის ტრანსპორტირების ფასს შორის სხვაობა არის "ყაზსტრანსგაზის" განაწილების საფასური, რომელშიც შედის ქსელის მომსახურება, ქვითრების გამოწერა, ხელფასების გაცემა და ყველა საექსპლუატაციო ხარჯები. ჯამში "თბილგაზს" აქვს ფიქსირებული მოგება, რომელიც კომპანიის შემოსავლების 15%-მდეა, ანუ 15%-იან მოგებაზე მუშაობს. ანალოგიურად გამოიანგარიშება რუსთავგაზის საფასურიც.

შესაბამისად, დღეს მოქმედი ფასები რაც არის, ეს იქნება გაზზე თუ ელექტროენერგიაზე, უზრუნველყოფს უწყვეტ ელექტრო და გაზმომარაგებას, სექტორის განვითარებას და კომპანიების რეაბილიტაცია-ინვესტირებას. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით, ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფების შემცირება გამოიწვევს ამ სექტორში ინვესტიციების შემცირებას ცალსახად და სტაბილურ გაზს და ელექტრომომარაგებას ეჭვქვეშ დააყენებს. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჯერ კიდევ შეფასებებისგან თავს ვიკავებ, იმიტომ რომ მას შემდეგ, რაც ყველა დეტალებში იქნება გარკვეული და მათი განცხადებები და კონკრეტულ კვლევებზე და დაანგარიშებებზე იქნება დაფუძნებული, ამის შემდეგ შეფასებების გაკეთება უფრო იქნება შესაძლებელი. თუმცა ვეჭვობ, რომ დეტალებში გარკვევის შემდეგ ტარიფის შემცირებებზე დაიწყოს საუბარი.

- ასევე მინდა, შევეხოთ, პრემიერის კიდევ ერთ განცხადებას ჰესებთან დაკავშირებით, რომელიც მან ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობის პერიოდში გააკეთა. ის მიიჩნევს, რომ ჰესები უნდა აშენდეს, მაგრამ – არა გიგანტური, რადგან დიდ ჰესებს ეკოლოგიური და მიგრაციული პრობლემები ახლავს თავს. თქვენი აზრით, დიდი ჰესები რამდენად უქმნის საფრთხეს ქვეყანას?

- შეგახსენებთ საბჭოთა კავშირის ბოლო წლებს, როდესაც ხუდონის ელექტროსადგურის მშენებლობა იყო გაჩერებული ეროვნული მოძრაობის მიერ, მაშინ "მწვანეთა პარტიის" ლიდერი ზურაბ ჟვანია იყო და მერე თვითონ ჟვანიამ აღიარა, რომ ეს იყო შეცდომა, გამომდინარე იქიდან, რომ შეუძლებელია, ქვეყანაში სტაბილური ელექტრომომარაგება და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება დაფუძნებული იყოს მხოლოდ მცირე და საშუალო სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურებზე. წარმოიდინეთ, დღეს რომ ენგურის ჰიდროელექტროსადგური არ გვქონდეს, სადგური, რომელიც გამოიმუშავებს ქვეყნის ენერგომოხმარების, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის და ოსეთის ჩათვლით, 45%-ს, ახლა სიბნელეში ვიჯდებოდით. ეს არის მარტივი ახსნა იმისა, თუ რატომ უნდა აშენდეს ქვეყანაში დიდი ჰესები. ჩემი აზრია, რომ როგორც მცირე, ასევე დიდი ელექტროსადგურები უნდა აშენდეს. საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება საშუალოდ, 9.8%-ით იზრდება, ეს არის როგორც მოსახლეობის, ისე ახალი საწარმოების მიერ მოხმარებული ენერგია და პრაქტიკულად დღემდე ენერგეტიკული კრიზისი და ელექტროენერგიის მიწოდების დეფიციტი არ ყოფილა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ შევქმენით სათანადო მოწოდების წყაროები. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროსადგურების მშენებლობები არ გაგრძელდა, მათ შორის დიდის, პატარისას და საშუალოსიც, დავბრუნდებით იქ, საიდანაც მოვდივართ.

- ახალი მთავრობის მინისტრთა კაბინეტის ფორმირების პროცესში მიმდინარე კონსულტაციებისას გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბუნებრივი რესურსები ენერგეტიკის სამინისტროს ნაცვლად, გარემოს დაცვის სამინისტროს დაექვემდებარება.. ბუნებრივი რესურსები სწორედ თქვენი მინისტრობის პერიოდში გადმოვიდა ენერგეტიკის დაქვემდებარებაში.. როგორ ფიქრობთ, რომელი მთავრობა შეცდა?

- სწორედ ჩემი მინისტრობის პერიოდში ბუნებრივი რესურსები გადმოვიდა ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში და მინდა, აღვნიშნო, რომ ეს საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება იყო. ბევრისთვის ეს შეიძლება მიუღებელია, მაგრამ მარტივად მინდა, გავუსვა ხაზი, რომ მაგალითად, თურქეთში არის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.. ანალოგიური სამინისტროები არსებობს სომხეთსა და აზერბაიჯანში. უფრო მეტიც, აზერბაიჯანში ბუნებრივი რესურსები, ენერეგტიკა და ინდუსტრია ერთი სამინისტროს ქვეშაა. ანალოგიურია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც. აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, რომ გარკვეული ინტერესთა კონფლიქტია, სრულიად მიუღებლად მიმაჩნია. მითუმეტეს მაგალითად, თუ ავიღებთ ბულგარეთს, იქ ენერგეტიკის სამინისტრო საერთოდ არ არსებობს და აქვთ ეკონომიკის, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების და კიდევ რამდენიმე უწყების სამინისტრო. ჩვენს რეგიონში კი ყველა მეზობელს ჰქონდა ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო საქართველოს გარდა. შესაბამისად, საკმაოდ მარტივია - ნებისმიერი სამინისტრო იქმნება კონკრეტული პოლიტიკური მიზნისთვის, ამიტომ როდესაც შენს მეზობლებს გააჩნია პოლიტიკური მიმართულება ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების კუთხით, ანალოგიურად უნდა გაგაჩნდეს შენც, გამომდინარე იქიდან, რომ მეზობელ ქვეყანაში ელაპარაკო ერთ ადამიანს და არა სამი-ოთხი ადამიანი – ერთს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენც საკმაოდ პრაგმატული გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველანაირი მოდელი იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს მუშაობა უნდა. ბულგარეთის მოდელიც შეიძლება, რომ გვქონდეს, თუმცა ბულგარელი კოლეგა მეუბნებოდა ხოლმე, რომ უბრალოდ აუტანელია, ერთ დღეს ტურიზმზე ისაუბრო, მეორე დღეს ენერგეტიკაზე და ა.შ.

- და ბოლოს, როგორც ყოფილი მინისტრი, რა რჩევებს მისცემდით ახალ მინისტრს და თუ გქონდათ ისეთი პროექტები, რომელთა დასრულება და ბოლომდე მიყვანა გსურდათ და ვერ მოასწარით?

- ახალ მინისტრს ვუსურვებ ყველაფერში გარკვევას, განსაკუთრებით როგორც გაზის, ისე ელექტროენერგიის ტარიფებში და თავისთავად ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გაგრძელებას, გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ჰესების მშენებლობით, ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება გარანტირებული იქნება და არცერთ ჩვენს მეზობელ ქვეყანაზე დამოკიდებული აღარ ვიქნებით. ჩვენ ნავთობის და გაზის რეზერვები არ გაგვაჩნია, რომ ქვეყნის მოხმარება დაფარული იყოს, მაგრამ გაგვაჩნია ჰიდრორესურსები, რომლის ათვისების შემთხვევაში თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ თბოელექტროსადგურები აღარ არსებობდენ და მხოლოდ საკუთარ ჰიდროსადგურებზე ვიყოთ დამოკიდებულები.

რაც შეეხება დაუსრულებელ პროექტებს, ასეთები ყოველთვის იქნება, რადგან პროექტები არ სრულდება ერთ თვეში. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა მინიუმ 3 წელი გრძელდება. რაც დავიწყეთ, დღესაც გრძელდება და ვისურვებდი, რომ ყველა ის სადგური აშენდეს და ახლებიც დაემატოს, რადგან განვმეორდები - ენერგეტიკული უსაფრთხოება გარანტირებული იქნება. სწორედ ამ ყველაფერზე ახალმა მთავრობამ უნდა იმსჯელოს, იმუშაოს და მიიღოს გადაწყვეტილებები.


თელარა გელანტია
(ჟურნალ "Business Time Georgia"-ს მასალა)

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100