გიგი უგულავა 8 თებერვლის მოვლენებზე ირაკლი ღარიბაშვილის დაკითხვას მოითხოვს
დედაქალაქის მერი გიგი უგულავა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან 8 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის დაკითხვას მოითხოვს. "ვითხოვ დაიკითხოს თვითონ ირაკლი ღარიბაშვილი და ყველა ის ადამიანი, ვისაც წესრიგის დაცვა ევალებოდა. გამოძიებამ ასევე უნდა გამოავლინოს, ვის ეჩურჩულებოდა ნანა კაკაბაძე და ვისგან იღებდა ინსტრუქციებს" - განაცხადა უგულავამ ჟურნალისტებთან საუბარში.
მისივე განმარტებით, ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების დროს პოლიცია უმოქმედო იყო.
"რატომ არ მივედი დაკითხვაზე იმ შენობაში, რომელიც, სხვათა შორის, ჩემი გახსნილია, ამის შესახებ უკვე განვმარტე. იმიტომ, რომ გამოძიების წარმმართველი მინისტრი აშკარად არღვევს უდანაშუალობის პრეზუმციას _ მან წინასწარ გამოგვაცხადა პროვოკატორებად, წინასწარ შეთხზა ვერსია და შეეცადა მისი დანაშაულებრივი უსუსურობა დაემალა. მიმაჩნია, რომ ამით მან, პირველ რიგში, პოლიციელის ღირსება შელახა, როცა დანაშაულებრივი უმოქმედობისკენ უბიძგა მათ და თუ პოლიციელის მუნდირს და ღირსებას იცავს მინისტრი, ეს უპირველესად უნდა გაკეთდეს იმით, რომ მისცეს მათ საშუალება კანონის შესაბამისად იმოქმედოს. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს, ესაა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების დაპირისპირება, სადაც პოლიცია არ ჩაერევა და არ დაამყარებს წესრიგს. იმ დღეს რაც მოხდა, ნიშანდობლივია სხვა რამის გამო _ ხვალ სხვა 200 ადამიანი შეიკრიბება ივანიშვილის სახლთან და მოითხოვს ანალოგიურად, ზეგ პეტრესთან მივლენ, მაზეგ პავლესთან და შეიძლება ქვეყანაში მივიღოთ ქაოსი. იმისთვის რომ აღიკვეთოს ქაოსი, ყველამ უნდა დაიცვას წესი და არ უნდა შეეცადოს არავინ თავისი უმოქმედობა გადააბრალოს სხვას", - აღნიშნა უგულავამ.
თბილისის მერმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დაკითხვის ადგილთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების ფორმულირებას დაელოდება.
ამასთან, შსს-ს გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, გამოძიება მიმართავს საქალაქო სასამართლოს, რათა გასცეს ბრძანება გიგი უგულავას გამოძიების წინაშე იძულებით წარდგენის შესახებ.
"თბილისის მერი გიგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მოწმის სტატუსით დაკითხვაზე არ გამოცხადდა. შესაბამისად მის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იძულებითი ზომები განხორციელდება.
გამოძიება მიმართავს საქალაქო სასამართლოს, რათა გასცეს ბრძანება გიგი უგულავას გამოძიების წინაშე იძულებით წარდგენის შესახებ. პირის იძულებით მოყვანის წესი გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის 1998 წლის 20 თებერვლის კოდექსის 175-ე მუხლით" - აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარი