სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი თოფურია „ქართული ოცნების“ წევრის ცემას უარყოფს, ჩხუბის ფაქტს კი ადასტურებს

არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიული ინსტიტუტის" თავმჯდომარე გიორგი თოფურია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებაში მონაწილეობას უარყოფს. როგორც "ივერონს" ფაქტის კომენტირებისას თოფურიამ განუცხადა, იგი ინციდენტის დროს პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ვაკის ოფისში იმყოფებოდა, რასაც 20-მდე ახალგაზრდა დაადასტურებს.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლის მონაწილე არ გახლდით. შეურაცხყოფილი ვარ ანონიმის ცილისწამებით. მინდა, განვაცხადო, რომ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი არ ვარ. ჩხუბის ფაქტის შესახებ ინფორმაციამ ჩემამდე მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მოაღწია. ამასთან, მინდა, მოვუწოდო ყველა ახალგაზრდას, თუ ვინმეს რაიმე ამბიცია აქვს, საკუთარი შესაძლებლობები საქმეში გამოიყენოს და არა ინტრიგებში. თხოვნით მივმართავ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის თითოეულ წარმომადგენელს, ნუ გამრევთ თქვენს ბინძურ დაპირისპირებაში", - განუცხადა "ივერონს" თოფურიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს "ივერონმა" გაავრცელა ინფორმაცია საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრთა დაპირისპირების თაობაზე.

"რამდენიმე დღის წინ "მშვიდობის ხიდთან" ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც ახალგაზრდული ფრთის წევრმა გიორგი თოფურიამ და მისმა მეგობრებმა თანაგუნდელი გიორგი აფხაიძე ცემეს. ამ უკანასკნელს თვალზე სილურჯე ახლაც ეტყობა" – განუცხადა "ივერონს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა.

მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდულ ორგანიზაციაში დაპირისპირება თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას უკავშირდება." - ნათქვამი იყო 22 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100