სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბურჯანაძის კლანის მიერ ჩადენილი ფინანსური მაქინაციების დღემდე უცნობი დეტალები...

ნინო ბურჯანაძემ ყელი ისე მოიღერა ოპოზიციაში, ისე გალაღდა, წარსული საერთოდ მიივიწყა. გეგონება, ამ ქალს მთელი ცხოვრება ხელფასზე უცხოვრია და მის ოჯახში მარცხენა შემოსავალი არ გაჭაჭანებულაო. არადა, რეალობა სხვაა. ყველას კარგად გვახსოვს მამამისის, ანზორ ბურჯანაძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები კორუფციის ბრალდებით, რომელთა ჩაფარცხვასაც ხან თავად „დონ ანზორი ახერხებდა“, ხან სიძე და შვილი ეხმარებოდნენ. რამდენჯერმე მაშინდელმა გენპროკურორმა, ანზორის მეგობარმა, ნუგზარ გაბრიჩიძემაც შეიწუხა თავი. დღეს ნინო ბურჯანაძე სხვის კორუმპირებულობაზე ლაპარაკობს, არადა, თუ ლევან ბერძენიშვილს დავესესხებით, „ბურჯანაძეთა ოჯახში ნივთი არ არის, ხაზინიდან მოპარული ფულით რომ არ იყოს შეძენილი. ანზორ ბურჯანაძე და მისი შვილი თუ სიძე ერთმანეთს ეშურებოდნენ, ვინ მეტს მოიპარავდა ბიუჯეტიდან“. საქმე იქითკენ მიდის, შეიძლება, ნინო ბურჯანაძეს ხელისუფლების წევრთა კორუმპირებულობაზე ლაპარაკის იშტა დაეკარგოს.
„დრონი.ჯი“-ს ხელში ჩაუვარდა კონტროლის პალატის დასკვნა. აღნიშნული დასკვნა ეხება პარლამენტის შემოწმებას სწორედ იმ პერიოდში, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გახლდათ, ხოლო პარლამენტის ყველა მნიშვნელოვან სამსახურს მისი კადრები განაგებდნენ. კონტროლის პალატის დასკვნაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები შეინიშნება და კულუარული ინფორმაციით, მისით პროკურატურა დაინტერესდა. თავად ბურჯანაძისა რა მოგახსენოთ, მაგრამ აღნიშნული დასკვნა პროკურატურას იმის საშუალებას ნამდვილად მისცემს, რომ ბურჯანაძის პარტიის ლიდერებს მისწვდეს – გოჩა მარტინენკოს, მურღულიასა და ცერცვაძეს. ეს სამეული განაგებდა პარლამენტის აპარატს და მის ფინანსებს. სხვათა შორის, როცა ბურჯანაძეს საპარლამენტო სიის დაპირისპირება მოუხდა სააკაშვილთან, რადგან საკუთარი ხალხი იმ რაოდენობით არ ჩაასმევინეს, თავად რომ ითხოვდა, „ბურჯანაძის სიაში“ ეს სამეულიც იყო და ნინო მათ გადეპუტატებასაც აპირებდა.
კონტროლის პალატის სარევიზიო კომისიის შემოწმების აქტის თანახმად, პარლამენტის აპარატის ყოფილი უფროსი გოჩა მარტინენკო ფინანსთა მინისტრს, ლექსო ალექსიშვილს მიმართავს წერილობით, რომ „კაპიტალური ხარჯების“ მუხლიდან 80 000 ლარი გადაიტანოს „სხვა საქონლისა და მომსახურების მუხლში“. ალექსიშვილი თხოვნას უსრულებს მარტინენკოს და პარლამენტის ბიუჯეტში 80 000 ლარი აორთქლდა, ეს თანხა გაიხარჯა და ამის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ არსებობს.
გარდა ამისა, გოჩა მარტინენკომ დაარღვია ფინანსთა მინისტრის №1278 ბრძანებულება. პარლამენტის საწყობიდან გაცემულია „მატერიალური საშუალებები“, მაგრამ შესაბამის დოკუმენტს ხელს მარტინენკო არ აწერს. ხელს მხოლოდ საწყობის გამგე აწერს და მისივე ბეჭედი აზის, რაც კანონდარღვევაა. ამ „მატერიალურ საშუალებებში“ 2 ჭაღი, 4 ხალიჩა, 6 მაგიდა, 14 მაგიდის ბრა, 6 კომპიუტერი, სულ 18 დასახელების საქონელია. გამოდის, ისე ნიავდებოდა სახელმწიფო ქონება, მარტინენკო, პარლამენტის აპარატის უფროსი ან აზრზე არ იყო, ან თვალს ხუჭავდა. 2006 წლის 2 მარტს, პარლამენტმა კონკურსი გამოაცხადა ავტომობილების შეძენაზე და შპს „კრეს ავტოჰაუსისგან“, ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, 771 000 ლარის ოდენობის 21 ერთეული VOLKWAGEN MULTIVAN შეიძინა. ცხადია, რომ დარღვეულია კანონი „შესყიდვების შესახებ“, რომლის თანახმადაც საბიუჯეტო ორგანიზაცია ვალდებულია, 100 000 ლარის ზემოთ ნებისმიერი საქონლის შეძენასა და მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადოს და ტენდერში გამარჯვებულთან გააფორმოს კონტრაქტი. მარტინენკომ ტენდერი კი გამოაცხადა, მაგრამ არ ჩაატარა, ერთ იურიდიულ პირთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეიძინა ლამის მილიონის ღირებულების ავტომობილები. ნინო ბურჯანაძის ნებართვის გარეშე ამას მარტინენკო ვერ გაბედავდა, ამას ბევრი ლაპარაკი არ უნდა. ახლა ისაა საინტერესო, ვინ დგას შპს „კრეს ავტოჰაუსის“ უკან და რატომ გაუსაღა ბურჯანაძე-მარტინენკომ 21 ავტომობილი, თითო - 36 714 ლარად, როცა „ფოლკსვაგენის“ ეს მოდელი, იმ დროს, თბილისში გაცილებით იაფი ღირდა. პარლამენტმა ორჯერ ისე შეისყიდა დიზელის საწვავი შპს „უნიგრუპისგან“, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესაბამისი დოკუმენტაცია არ წარუდგენია. ამით დაარღვია „შესყიდვების შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რაც ითვალისწინებს როგორც ადამიანის ტრადიციულ, ასევე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. პარლამენტმა „უნიგრუპს“ ჯერ 29 900, მეორედ 36 00 ევრო გადაურიცხა.
2007 წელს, ასევე კანონდარღვევით განხორციელდა 4 მილიონ 933400 ლარის შესყიდვა ასევე უტენდეროდ, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. შემდეგ, ამავე წესით (ანუ კანონდარღვევით) 2 მილიონ 57 100 ლარის საქონელი შეისყიდა პარლამენტმა. ამავე წელს, შპს „ბასკოს“ გადაერიცხა 113600, შპს „საბას“ – 892000. შპს „მოდერნ ვილას“ - 300 ლარი გადაერიცხა ავანსად. ხელშეკრულების თანახმად, მათ შესაბამისი მომსახურება უნდა გაეწიათ პარლამენტისთვის, ხოლო დარჩენილ თანხას შეკვეთის შესრულების შემდეგ მიიღებდნენ. მაგრამ კონტროლის პალატამ ვერ აღმოაჩინა ამ სამ შპს-ის მიერ თუნდაც ავანსად მიღებული თანხების საფასურად გაწეული სამუშაოები. პარლამენტში ამის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ მოიძებნა. გამოდის, კონტრაქტორმა შპს-ებმა პირობა არ შეასრულეს, კონტრაქტი დაარღვიეს, მაგრამ გოჩა მარტინენკომ არათუ შესაბამის ზომებს მიმართა, რომ მათთვის საჯარიმო სანქციები დაეკისრებინათ. პირიქით გამოდის, რომ მარტინენკომ საბიუჯეტო თანხები აჩუქა ამ შპს-ებს, მათ პარლამენტი „გადააგდეს“ და პასუხი არავინ მოსთხოვა. მარტინენკოს ხელგაშლილობის წყალობით, ბიუჯეტმა სულ 205 000 ლარი დაკარგა. აი, ასე ეპყრობოდა ბურჯანაძის კადრები საბიუჯეტო თანხებს – ხალხის ჯიბიდან ამოღებულ კაპიკებს, როგორც შალვა ნათელაშვილს უყვარს ხოლმე თქმა.
კონტროლის პალატა კანონდარღვევად მიიჩნევს პარლამენტის ხელმძღვანელთა მიერ ქონების ჩამოწერას ყოველგვარი კომისიის შექმნის გარეშე. არადა, ბურჯანაძეს კანონი ავალდებულებდა, ნებისმიერი ამორტიზებული ნივთი კომისიის თანხმობითა და ამ კომისიის დასკვნის საფუძველზე ჩამოეწერა. რეალურად კი, ბურჯანაძეს და მის ხალხს არც კი გახსენებიათ ეს კომისია. ბურჯანაძის აპარატმა 47 ავტომობილი გადასცა ეკონომიკის სამინისტროს გასაყიდად, არადა, არანაირი დოკუმენტაცია და ექსპერტიზის დასკვნები, რომ ეს ავტომობილები ჩამოსაწერი იყო, არ არსებობს. 2005 წელს ნაყიდი „BMW X5,“ რომლის საბალანსო ღირებულებაც 60 000 ლარი იყო, ერთი ნახვის მერე გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს გასაყიდად, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე. 230 000 ლარის ქონება კი საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცა. ცხადია, ჩნდება ეჭვები, რატომ უვლიდა გვერდს ბურჯანაძე შესაბამისს კომისიას და რატომ არ უთანხმებდა ჩამოსაწერ ქონებას? რატომ არღვევდა შეგნებულად კანონს? პროკურატურაში ვარაუდობენ, რომ ბურჯანაძე და მისი გუნდი ასე იმიტომ მოქმედებდა, რომ მათთვის სასურველ ფირმებს დროულად მიეღოთ სახელმწიფო დაკვეთები, პარლამენტს მათგან შეეძინა სხვადასხვა დასახელების პროდუქცია. საამისოდ კი აუცილებელი იყო ძველის დროულად ჩამოწერა. კომისიას შეეძლო დაებლოკა ბურჯანაძე-მარტინენკოს ინიციატივები და იმავე ავტომობილებზე შეიძლებოდა დაედო დასკვნა, რომ არ იყო ჩამოსაწერი.
თუ გამოძიება დაიწყო, როგორც მოგახსენეთ, მარტინენკოს გარდა, პროკურატურა პირველ რიგში ორ კაცს მიადგება: პარლამენტის ფინანსური დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, თემურ მურღულიას და სამეურნეო უზრუნველყოფის სამსახურის ყოფილ უფროსს, ალექსანდრე ცერცვაძეს, რომელიც ბადრი ბიწაძის უახლოესი მეგობარია. აი, ამ და ამგვარი ხალხით აპირებდა 2008 წელს ბურჯანაძე პარლამენტის დაკომპლექტებას და უარი რომ მიიღო, ქოში უკუღმა ყარა – ოპოზიციაში გადაბარგდა თავისი ბიუჯეტიჭამია ხალხით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100