ტალინის ბნელი ღამეების მე-19 კინოფესტივალის ფოკუსი საქართველოზე
ტალინის ბნელი ღამეების მე-19 კინოფესტივალის განსაკუთრებული სტუმარი 2015 წელს საქართველოა. 13-29 ნოემბერს ესტონეთი ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს, რომელმაც შარშან ა კლასის ფესტივალის სტატუსი მოიპოვა. ფესტივალის მთავარ კონკურსში ვანო ბურდულის „გაყინული შადრევნების წელიწადი“ მონაწილეობს. სწორედ ტალინში შედგება ფილმის მსოფლიო პრემიერა.
გარდა ამისა, ფესტივალის ფოკუსში ექცევა ქართული ფილმები - როგორც ბოლო წლების წარმატებული ნამუშევრები, ისე კინოკლასიკა.
13 ნოემბერს, ფესტივალს გახსნის კოტე მიქაბერიძის უხმო ფილმი - „ჩემი ბებია“, ჩვენებას მუსიკალურად გააფორმებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. გახსნის შემდეგ,ფესტივალზე გაიმართება სპეციალური მიღება, რომელსაც საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტო გამართავს. ფესტივალთან წლებია აქტიურად თანამშრომლობს ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს სელჩო ესტონეთის რესპუბლიკაში.
16 ნოემბერს დაგეგმილია პრესკონფერენცია ქართულ პროგრამასთან დაკავშირებით.
ქართული ფილმების რეტროსპექტივას ოთარ იოსელიანის ბოლო ფილმი „ზამთრის სიმღერა“ გახსნის. ფოკუსის პროგრამაში შედის 13 ქართული ფილმი:
- · ზამთრის სიმღერა - ოთარ იოსელიანი
- · ჩემი ბებია - კოტე მიქაბერიძე
- · ფიროსმანი - გიორგი შენგელაია
- · ნატვრის ხე - თენგიზ აბულაძე
- · ცისფერი მთები - ელდარ შენგელაია
- · მონანიება - თენგიზ აბულაძე
- · იავნანა - ნანა ჯანელიძე
- · სამი სახლი - ზაზა ურუშაძე
- · გაღმა ნაპირი - გიორგი ოვაშვილი
- · მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს - თინა გურჩიანი
- · შემთხვევითი პაემნები - ლევან კოღუაშვილი
- · პატარძლები - თინათინ ყაჯრიშვილი
- · მე ვარ ბესო - ლაშა ცქვიტინიძე
ფესტივალს დაესწრება ქართული დელეგაცია, მათ შორის არიან: საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი - ნანა ჯანელიძე, რეჟისორები - ზაზა ურუშაძე, გიორგი ოვაშვილი (ჟიურის წევრის რანგში), ვანო ბურდული, თინათინ ყაჯრიშვილი, პროდიუსერი - ლაშა ხალვაში და სხვები.
ქართული ანიმაცია ფესტივალზე სპეციალურ, ექსკლუზიურ პროგრამაში იქნება წარმოდგენილი. ტალინში 1981-2011 წლებში შექმნილ ქართულ ანიმაციურ ფილმებს აჩვენებენ.
ტალინში სტუდენტური ფილმებისსპეციალური ფოკუსი და რეტროსპექტივაც იგეგმება. ნაჩვენები იქნება საქართველოს კინოს და თეატრის უნივერსიტეტის პირველი თაობის გამოშვებიდან დღემდე 5 ფილმი, (პრეზენტატორი დათო ჯანელიძე). ფესტივალის კონკურსში მონაწილეობს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტის - სალომე ვეფხვაძის "მე , მამა და ისინი", რომელიც ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებულია. ამ ფილმმა უკვე მოიპოვა წელს ორი საერთაშორისო მთავარი პრიზი.
კომენტარი