სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

მთავარი პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, დისტანციურად დაკითხვას სთავაზობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებამ რამდენიმე წუთის წინ სპეციალური განცხადება გაავრცელა. პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს დისტანციურ დაკითხვაზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ერთკვირიან ვადას აძლევს.
მთავარი პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ 2014 წლის 27 მარტს ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ 2006 წლის 28 იანვარს ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების: გ. ალანიას, ალ. ღაჭავას, მ. ბიბილურიძისა და ა. აფციაურის კანონის დარღვევით შეწყალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებაზე, მოწმის სახით დაკითხვაზე დაბარებული იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ამ უკანასკნელმა მასმედიის საშუალებებით საჯარო გამოსვლებისას დააფიქსირა, რომ არ აპირებდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას დაკითხვაზე და მართლაც არ გამოცხადდა დათქმულ დროს მთავარ პროკურატურაში.
მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით დაბარებასთან დაკავშირებით გვინდა განვმარტოთ, რომ საქართველოს პროკურატურამ საზოგადოების და დასაკითხი პირის სრულად ინფორმირების მიზნით წინასწარ გაავრცელა ინფორმაცია ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც გამოძიება დგას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობის წინაშე. აღნიშნულ საქმეებზე პროკურატურა აქტიურად მუშაობს 2013 წლიდან მოყოლებული და მათზე ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დაკითხული არიან მოწმეები, მიმდინარეობს ექსპერტიზები, ამოღებულია მტკიცებულებები და ამ დროისთვის საქმეებზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება. მ.სააკაშვილის სტატუსიდან გამომდინარე, ხსენებულ საქმეებზე გამოძიება მთავარი პროკურატურის ხელძღვანელობის კოორდინაციის ქვეშ მიმდინარეობს და შესაბამისად, ვინაიდან ის არის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მისი მოწმის სახით დაბარება-დაკითხვას, რომ არ მიეღო სისტემატური და დროში გაწელილი ხასიათი, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მნიშვნელოვან და გახმაურებულ საქმეებზე, მომხდარიყო მისი ერთდროულად ინფორმირება რამოდენიმე საქმეზე დაკითხვის აუცილებლობაზე.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საჯარო გამოსვლებში ისაუბრა მისი შესაძლო დაკავების საფრთხეებზეც, რის გამოც იგი თავს იკავებს საქართველოში ჩამოსვლისაგან. ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვა გამოძიების ამ ეტაპზე ემსახურება მისი განმარტებების მიღებას სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად და არა მის მიმართ სისხლის სამართლის დევნის განხორციელებას და დაკავებას. რაც შეეხება თვით საქმეებს, მათზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება და ნებისმიერი პირის მხრიდან დანაშაულის ჩადენის დადგენის შემთხვევაში პროკურატურა მოახდენს შესაბამის რეაგირებას.
ვითვალისწინებთ რა ძიებაში მყოფი საქმეების დიდ საზოგადოებრივ მნიშვნელობას, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებით საერთაშორისო თანამეგობრობის დაინტერესებას, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურ სტატუსს და გამოძიების წარმატებით დასრულებისთვის მისი, როგორც კარგად ინფორმირებული მოწმის, ჩვენებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს სთავაზობს ტექნიკური საშუალებების (მაგალითად, სკყპე) გამოყენებით დისტანციურად დაკითხვას. ამ შემთხვევაში აღარ იქნება აუცილებელი მისი საქართველოში ჩამოსვლა და, შესაბამისად, ბოლომდე გამოირიცხება მისი შესაძლო დაკავებით გამოწვეული შეშფოთების საფუძველიც. აღნიშნული წინადადება მას გაეგზავნება კანონით დადგენილი ფორმით და მიეცემა ერთ კვირიანი ვადა დისტანციურ დაკითხვასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად.
მთავარი პროკურატურა იმედს გამოთქვამს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავადაც სათანადოდ მოეპყრობა საკუთარ სტატუსს, იმოქმედებს როგორც კანონმორჩილი მოქალაქე და გამოძიებასთან მოწმის სახით თანამშრომლობით ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნას და დამნაშავეთა დასჯას, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100