ლევან ქერდიყოშვილი - "პოეტი ბიჭი ჭკვიანი შუბლით"
წერის მანია შემომიჩნდა, მაგრამ დამიჯერეთ, რომ ღირებულზე ვწერ ამჯერადაც. ყველაზე მეტად მაშინ ვარ გახარებული, როცა ჩემზე ასაკით პატარები ქმნიან ღირებულს. რადგან პოლიტიკამ დაგვღალა, ამიტომ სახელოვნებო მიმართულებით ვაგრძელებ წერას.
წელიწადზე მეტია, რაც გავიცანი ერთი გორელი ახალგაზრდა - ლევან ქერდიყოშვილი. სულ თავიდან ის ერთმა გვერდმა დამამახსოვრა, რომელსაც ჰქვია ,,არა აბორტს”. ჩემთვის ეს გვერდი ძალიან მძიმე გახლდათ და ადმინს ბოდიში მოვუხადე, ძალიან მთრგუნავს ეს მასალა და გავალ ჯგუფიდან-მეთქი.
მერე მისი ჩანაწერები ვნახე და გამაოცა 22 წლის ბიჭის ჩანაწერებმა, საოცარი სიალალე და სითბო მოდიოდა მისი ნაწერებიდან. დავიჟინე და ვთხოვე, ოდესმე სადმე შევხვდეთ, აუცილებლად უნდა გნახო, ასეთ ლექსების ავტორი როგორი ხარ და როგორ იხერხებ, ყველას რომ უყვარხარმეთქი. რამდენჯერაც ჩავედი თბილისში, იმდენჯერ ვერ შევხვდი მომავალ პოლიტოლოგს...შარშან მარტში გამიმართლა და თავის რჩეულ გოგონასთან ერთად ვნახე, მართალი გითხრათ, არც ველოდებოდი თუ ასეთი თუ იქნებოდა ლევანი!
რამდენიმე წინადადების გაცვლის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ადამიანი ფორმითა და შინაარსითაც ძალიან კარგი იყო და ღირდა მასთან მეგობრობის ბოლო წუთამდე გაგრძელება.
5 წლის იყო, როცა გორის რაიონის სოფელ ბობნევიდან ქალაქში ჩაიყვანეს და წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმში დაიწყო სწავლა. როგორც მისი მშობლები აცხადებენ, სულ პატარამ ლაპარაკთან ერთად დაიწყო პატარა ლექსების წერა და ,,მაიმუნობა”, წარმატებულ მოსწავლეობასთან ერთად ლევანს არ ავიწყდებოდა სოფელი, სადაც ბაღები და შინაური პირუტყვიც მისი მოსავლელი ხდებოდა ხშირად. ვინც რეალურად იცნობს ლევანს, მისი ნათქვამი არ გაუკვირდება:
პაპამ მითხრა: იწვალეო,
შენით კაფე საკაფი,
შენით კრიფე საკრეფი და
იფიქრეო საფიქრი.
შენი წილი დაიტანჯე,
სატკივარებს გაუძელ,
მოაგროვე სიყვარული-
ერთადერთი საუნჯე.
გალაკტიონის დაბადების დღეს დაბადებულს ყოველთვის ტელეფონით ვულოცავ და იქვე მივაყოლებ მენტორული ტონით: ,,არ დაგავიწყდეს, რომელ დღეს ხარ დაბადებული!“ და იქვე ვამატებ ხოლმე: არ შემარცხვინო ლიტერატურულ სივრცეში-მეთქი.
ლევანი ძალიან მორიდებული ადამიანია და მისი ყველა ლექსი, ყველაზე დიდმა ელექტრონულმა ბიბლიოთეკა ლიბ.ჯი-მ ჩემი თხოვნით დაამატა ლიტერტურულ საცავს. მახსოვს, როცა ეს ვუთხარი ლევანს, მისი სიხარული ძალიან დიდი და ამაღლებული იყო (პოეტებს ხომ ძალიან ცოტაც უხარიათ).
ახლო მომავალში არა, მაგრამ ოდესმე( ასე ვეუბნები ლევანს), აუცილებლად უნდა გამოვაცემინო წიგნად მისი ლექსები, რადგან ჩემგვარი მკითხველი ბევრია, ლექსის გემოს მხოლოდ ფურცლებზე კითხვისას ვგემულობ კარგად...
რამდენიმე დეტალის დასაზუსტებლად რამდენიმე წუთის წინ დავურეკე ლევანს. აქოშინებულს აშკარად ეტყობოდა, საკმაოდ გრძელ გზას ფეხით მიუყვებოდა და მითხრა: ატენიდან ბობნევში ფეხით მივდივარ, მალე სახლსაც მივადგებიო.
ახლა ლევანი უკვე სახლშია, მშობლებს და კერას ეფერება ალბათ, მერე თავის რჩეულ ბოჩოლებსა და ბოცვრებს ჩამოუვლის, ბაღებსაც ჩამოუვლის და შეათვალიერებს შესასხლავ ტოტებს. იმდენად მაღალია, ვეხუმრე არაერთხელ: ხილის დასაკრეფად კიბე არ დაგჭირდება, თავად აყუდებული ხარმეთქი.
ჩემმა მეგობარმა და ჟურნალისტმა ნანული ცხვედიანმა მას ასე უწოდა: ,,პოეტი ბიჭი ჭკვიანი შუბლით”, ეს წოდება მისთვის ზედგამოჭრილია.
დღესდღეობით ლევანი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ამომრჩეველის” გამგეობის თავმჯდომარეა, ძალიან გაწონასწორებულია ასაკთან შედარებით, 23 წლის ადამიანს ამდენი შეძლებოდეს, საკვირველია ჩემთვის!
საით წაიყვანს ლევანს ცხოვრების გზა, ეს ჯერ კიდევ საკითხავია, სად რეალიზდება მისი ინტელექტი და მეობა, მაგრამ ეს ნამდვილად ვიცი: მთის ბროლივით სუფთა ადამიანი კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს თავისი ლექსებით, რომელიც ძირითადად სოფლად ღამით იწერება, მერე კი თავის ერთგულ ადამიანს უგზავნის სატელეფონო შეტყობინების სახით და ისიც ლევანის ჩანაწერებში ამატებს...
ხშირად გვიკამათია ლევანის ლექსების გარშემო მის მეგობრებს, უმეტესად შეგვიქია, ზოგჯერ დაუზოგავად გაგვიმათრახებია(მე სასვენი ნიშნების გამო ვეკამათები უმეტესად), ლევანს კი არასდროს შეუკრავს წარბი...
მის ერთ ლექსს შემოგთავაზებთ ამჯერად, უფრო მეტის სანახავად ეწვიეთ მის გვერდს ფეისბუქზე ან ლიბ.ჯი-ზე მოძებნეთ მისი ლირიკა.
ღვინია
დღე დღეს მისდევს და ყოველი დღის ბოლოს ვღონდები,
კარგად მახსოვხარ, პაპაჩემის ხარო, ღვინია.
იყავი ჩუმი, იმდენადვე-გქონდა ღონე ვით,
ბევრიც გვითქვამს და ერთად ბევრიც გვიღიღინია.
რამდენი ჭინკა დავაფეთეთ ურმის ჭრიალით,
რამდენჯერ ღამემ გამოგვათრო კოცონთან ხათრით,
ღარიბ სუფრაზე გვმასპინძლობდა ჭალაში ალი,
გულის ღადარზე სიყვარულის ერბოკვერცხს ვწვავდით.
რის აღმართები... ღმერთებამდე ვზიდავდით ლოდებს,
რა დასვენება... დედამიწა გვეგდო ნაბადად,
ჩუმად ლანდები გვიკითხავდნენ ძილის წინ ლოცვებს,
ფერიას ძმობა შევფიცეთ და ისა გვყავდა დად.
ახლა გნატრულობ. ვის რა ესმის პირქუშ ქალაქში!
მართალს რომ ვამბობ უმთისექოდ როგორ ვიყვირო.
მედღეურობის, უსახობის ვდგავარ ტალახში
და გელოდები, ისევ შენ რომ ამომიყვანო!
ვაი, ღვინიავ, სად დამირჩი, იმ ღადარს ვნატრობ,
რაც ოფლად დაღვრილ სიყვარულით ვაღვივეთ ადრე,
ამ რუხ ქალაქში, უღრანებში ის დამრჩა მარტო-
სასაკლაოზე ყელი უნდა გამოვიღადრო!
კომენტარი