„ჰით ბათუმი 2015“ გრძელდება
ბათუმში ”ჰით ბათუმის 2015” პროექტი გრძელდება. 21-22 ივლისს, 20:00 საათზე ბათუმის კოლონადებთან ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდის კონცერტი გაიმართება. კონცერტზე დასწრება ყველა მსურველს უფასოდ შეეძლება.
ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდი ბათუმის კულტურის ცენტრის ბაზაზე ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა. ბენდი შერულების მაღალი დონით გამოირჩევა. რეპერტუარი კი დაფუძნებულია, როგორც ქართულ მუსიკაზე, ასევე მსოფლიო კლასიკური ჯაზური მუსიკის საკუთარ ორგინალურ ინტერპრეტაციაზე. ერთგული მსმენელის შეძენა უკვე შეძლო. მათი რეპერტუარით უცხოელი სტუმრებიც დაინტერესდნენ. ტრომბონი, საქსაფონი, საყვირი, კლავიში, დრამი, როიალი, ბას-გიტარა და სხვა, სულ 20 მუსიკოსისგან დაკომპლექტებული ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდი კულტურის სფეროში თავის დამკვიდრებას უკვე მესამე წელია ცდილობს. ბენდს ცნობილი მუსიკოსი ვახტანგ გორდაძე ხელმძღვანელობს.
21-22 ივლისს გამართულ ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდის კონცერტზე დასწრება ყველა მსურველს უფასოდ შეეძლება.
გარდა ამისა, ბათუმის კორტებზე ჯაზფესტივალი გაიხსნება. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში მიმდინარე კვირა მთლიანად ჯაზის დღეებს დაეთმობა, რომელიც 21 ივლისიდან დაიწყება და 26 ივლისს Snoop Dogg-ის კონცერტით დასრულდება.
პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.
„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.
„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.
პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი „ჰით ბათუმი“ სახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.
კომენტარი