მიხეილ ხუბუტიამ ემიგრანტებთან ბრძოლის პუტინისეულ იდეას მხარი დაუჭირა
„რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ ცალსახად დაუჭირა მხარი რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის ინიციატივას საემიგრაციო პოლიტიკის სფეროში. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ხუბუტია რუსეთის ხელისუფლების ინიციატივის მხარდამჭერად გვევლინება.
„ინიციატივა შეესაბამება ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყნებში მიღებულ პრაქტიკას“, - განაცხადა მიხეილ ხუბუტიამ.
„იმისათვის, რომ, ვთქვათ, ლონდონში ტაქსის მძღოლი გახდე, არამარტო ქალაქის კარგად ცოდნა, არამედ ქვეყნის ისტორიისა და ენის ცოდნაც მოგეთხოვება. ღმერთმანი, არასასიამოვნოა, როცა გხვდება ტაქსისტი, რომელიც ორ სიტყვას ვერ აბამს ერთმანეთს. ასე არც ერთ ქვეყანაში არ ხდება“, - მოჰყავს მიხეილ ხუბუტიას სიტყვები „რია ნოვოსტის“.
ხუბუტიას არც პუტინისთვის პირის მოწმენდა დავიწყებია და აღნიშნა, რომ რუსეთის პრემიერმა ზემოთაღნიშნული ინიციატივა არაერთ სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ გაახმიანა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ „ავტორიტარულ გადაწყვეტილებაზე“ საუბარი უაზრობაა.
„მე მასთან მისაუბრია ამ თემაზე და ნაციონალური საკითხის გადაწყვეტის დროს ამოსავალი წერტილი ის უნდა გახდეს, რომ ჩვენ, ვინც რუსეთში ვცხოვრობთ, პირველ რიგში, რუსული კულტურა და ბუნება უნდა გავითვალისწინოთ, მის პოპულარიზაციას უნდა შევუწყოთ ხელი და მხოლოდ ამის შემდეგ მივაქციოთ ყურადღება დანარჩენი ერების კულტურას“ - თქვა ხუბუტიამ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ ხუბუტია ხელმძღვანელობს ორგანიზაციას, რომელიც დაარსების დღიდან ცალსახად უჭერს მხარს ვლადიმირ პუტინის პოლიტიკასა და მის ინიციატივებს, ამავდროულად კი აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებასა და პირადად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.
კომენტარი