ვანო მერაბიშვილი: „რა თქმა უნდა, მიზანი ხელისუფლებაში დაბრუნება იქნება...“
მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნად წარადგინა, პარტიული ხელმძღვანელის რანგში მან პირველი ინტერვიუ „კურიერს“ მისცა და წამყვანთა შეკითხვებს უპასუხა:
„რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი იქნება ხელისუფლებაში დაბრუნება და იმ ფასეულობათა გატარება, რასაც ვატარებდით ამ წლების განმავლობაში“ – აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეიქმნება თვისობრივად ახალი პარტია, ახალი ოპოზიციური ძალა.
„აქამდე არ არსებობდა პრეცენდენტი, რომ მმართველი ძალა გადასულიყო ოპოზიციაში და მორგებოდა ახალ რეალობას. ამ პრეცენდენტის გათვალისწინებით ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვიქნებით ახალი, ძლიერი, ევროპული ტიპის ოპოზიციური ძალა. ეს იქნება იგივე პიროვნებებზე დაფუძნებული პარტია, მაგრამ ამავე დროს, იქნებიან ახალი სახეები, იქნება ახალი იდეების გენერაცია“, – თქვა პრემიერ–მინისტრმა.
იმ შეცდომებზე საუბრისას, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება განაპირობა, ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ საფუძვლიანი ანალიზის ჩასატარებლად დროა საჭირო:
„შეცდომებზე საუბარი შორს წაგვიყვანდა, მაგრამ ჩვენ დაგვჭირდება დრო, რათა გავაკეთოთ საფუძვლიანი ანალიზი. ჯერაც არ არის ჩამცხრალი ციებ–ცხელება, ხოლო მოგვიანებით შევისწავლით ფართო მასების განწყობას, მათ შორის, მათ განწყობასაც, ვინც წლების განმავლობაში გვაძლევდნენ ხმას და ამ შემთხვევაში ასე არ მოიქცნენ. ამ მხრივ სერიოზული სამუშაოები ჩატარდება და იგი მალე დაიწყება.“
„რუსთავი–2“–ის წამყვანის კითხვაზე, ითამაშა თუ არა დიდი და მთავარი როლი ამ დამარცხებაში ციხის სკანდალურმა კადრებმა, მერაბიშვილმა განაცხადა:
„ვფიქრობ, დამარცხება არამარტო იმ ცნობილმა კადრებმა განაპირობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ საფუძვლიანად შევისწავლით ამ საკითხს, მით უმეტეს, რომ ეს საინტერესოა შესასწავლად. იმას ვგულისხმობ, რომ კვლევები, რომლებსაც ატარებდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, სულ სხვა სურათს იძლეოდნენ. სწორედ ეს გვაძლევს უფლებას, ვთქვათ, რომ ჩვენ გავაანალიზებთ ყველა შეცდომას, რომელიც დავუშვით, რათა შევქმნათ ახალი ტიპის პარტია.“
აქვე პრემიერ–მინისტრი პირველად გამოეხმაურა კადრების გამვრცელებელი ერთ–ერთი ჟურნალისტის (სავარაუდოდ, ირმა ინაშვილის, – ლ.ბ.) განცხადებას იმის თაობაზე, რომ კადრები მას შსს–ს მაღალჩინოსანმა, კერძოდ კი ვანო მერაბიშვილის ერთ–ერთმა მოადგილემ მიაწოდა:
„ეს არის აბსურდული და არასერიოზული მტკიცება და მე ასეთ სისულელეზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“.
პრემიერ–მინისტს დაუსვეს ასევე შეკითხვა იმის თაობაზე, იყო თუ არა შეცდომა წინასაარჩევნო პერიოდში მისი გადაყვანა პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე:
„ძალიან ძნელია ასეთი ანალიზის გაკეთება, მაგრამ ხალხმა შეაფასა მმართველი გუნდი და სწორედ ეს არის ჩვენთვის გადამწყვეტი. მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ საზოგადოების ყველა ფენის, ყველა ეთნიკური ჯგფის, ყველა კონფესიის წარმომადგენლის აზრი“, – თქვა ვანო მერაბიშვილმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, გახმაურებული საქმეების გადახედვის შემთხვევაში, რამდენად მოსალოდნელია პირადად ვანო მერაბიშვილისა და მის გუნდის წევრების პასუხისმგებლობის საკითხის დასმა, პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცახადა:
„მე მგონია, რომ ახალ ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება, რათა არ დაიწყოს ანგარიშსწორება და პოლიტიკური დევნა. მაგრამ მე მინდა სულ სხვა რამეს გავუსვა ხაზი: იმ მინისტრების უმრავლესობა, რომლებთანაც ბოლო პერიოდში, როგორც პრემიერ–მინისტრს, მანამდე კი, როგორც შს მინისტრს მიწევდა ურთიერთობა,ასევე მინისტრების მოადგილეები, ცხოვრობდნენ ხელფასზე და მეტიც – ბევრ მათგანს აღებული აქვს საბანკო კრედიტი.
მე პასუხისმგებლობას ვგრძნობ მათ წინაშე, რადგან მათ ჰქონდათ აღებული გრძელვადიანი კრედიტები, ბევრ მათგანს კი გაუჭირდება მოკლე ვადაში ამ კრედიტებთან გამკლავება. თუმცა, ყველა არის ნიჭიერი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი 6 თვეში, ერთ წელიწადში იშოვიან სამსახურს, დასაქმდებიან და იქნებიან ისეთივე წარმატებულები, როგორებიც იყვნენ მანამდე.
მოხარული ვარ, რომ საქართველოში დადგა ეპოქა, როცა მინისტრები მიდიან ხელისუფლებიდან და თან არ მიაქვთ არანაირი „სიკეთე“ და ამას ადასტურებს თუნდაც ის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ შემდგომს გადასცა „ჭარბი ფული“ რეზერვის სახით, რომელიც 2 მილიარდზე მეტია. მინდა ყველა მინისტრს, მინისტრის მოადგილეს, ყველა ჩინოვნიკს, ვინც დარჩება ან, სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ დარჩება, მადლობა გადავუხადო, რომ ისინი წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას და უანგაროდ ემსახურებოდნენ ახალი საქართველოს მშენებლობას.“
პრემიერ–მინისტრმა ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებზეც გააკეთა კომენტარი:
„მოდით, ნუ ვიჩქარებთ, რადგან ძალიან ბევრი ჭორი მსმენია, თუნდაც ვიღაცეების გაქცევასთან დაკავშირებით, რომელთა 80 პროცენტი არ გამართლებულა. მე მგონი, არცერთ ქართველს არ უნდა საქართველოდან წასვლა და ყველამ აქ, ამ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ – მეც, ჩემი გუნდის წევრებმაც, ჩემმა მეგობრებმაც“.
„კურიერის“ წამყვანები ახლადარჩეულ პარლამენტში ძალთა შესაძლო გადანაწილებითაც დაინტერესდნენ და ვანო მერაბიშვილს დაუსვეს კითხვა, რამდენად მოსალოდნელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება შესძლოს:
„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმ ადამიანებიდან, ვინც კენჭი იყარეს „ნაციონალური მოძრაობიდან“, მინიმუმ, 90% დარჩება იმ პრინციპების ერთგული, რისთვისაც ისინი იბრძოდნენ და იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება მათზე თეორიულად დასაშვები ზეწოლის შემთხვევაშიც კი. მე არ მინდა, ვინმეს წინასწარ ბრალი დავდო, მაგრამ იმედია, „ქართულ ოცნებას“ ეყოფა გონიერება, რათა ზეწოლა არ მოახდინოს პარლამენტის წევრებზე ან სხვა სახელმწიფო მოხელეებზე, რადგან ყველას ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ ქვეყანაში არსებობდეს ძლიერი ოპოზიცია“.
ინტერვიუს ბოლოს ვანო მერაბიშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა ახალ ხელისუფლებასთან პოზიტიური თანამშრომლობის კუთხით:
„ჩვენს ხედვაში არის ფუნდამენტური განსხვავებები, მაგრამ მე მინდა ზოგადად გითხრათ, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ ახალ მთვარობას, რათა მათ შეასრულონ დაპირებები ან გაამართლონ ის მოლოდინი, რომელიც არსებობს ხალხში. ამავე დროს, ჩვენ ვიქნებით ბედნიერები, თუ გაგრძელდება დემოკარტიის პროცესი“.
კომენტარი