ეს ყველამ უნდა წაიკითხოს: ღია წერილი ეკა ბესელიას ანუ ახდენილი ოცნებები
სოციალურ ქსელში ბორჯომში მცხოვრები მაია გულიაშვილის ღია წერილი გავრცელდა. წერილის ადრესატი ეკა ბესელიაა და მასში ერთი კონკრეტული რეგიონის მაგალითზე აღწერილია საჯარო მოხელეთა ის სავალალო ყოფა, რომელშიც 1 ოქტომბრის შემდეგ გამარჯვებული ძალის მიერ ზეწოლის შედეგად აღმოჩნდა საშუალო რანგის საჯარო მოხელეთა დიდი ნაწილი მთელი საქართველოს მასშტაბით. და ეს ყველაფერი იმ დაპირების ფონზე, რომელსაც ხშირად იმეორებდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები: ისინი აცხადებდნენ, რომ საკადრო ცვლილებები არ შეეხება იმ პროფესიონალ საჯარო მოხელეეებს, რომლებიც არ წარმოადგენენე საკვანძო ფიგურებს და რომ შეცვლა განხორციელდებოდა მხოლოდ მინისტრების, მოადგილეებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელთა დონეზე. უცვლელად გთავაზობთ მაია გულიაშვილის ღია წერილს.
„მეგობრებო, მომიტევეთ ამდენი ხნის დუმილი და უპასუხო წერილები. უყურადღებოდ დატოვებული მოკითხვები და გამოხმაურებები. მოკლედ, გადავწყვიტე (თუ რატომ, მოგვიანებით წაიკითხავთ) ამ ღია წერილით, რომელიც მიმართულია ახალი ხელისუფლების კონკრეტული ადრესატების მისამართით, გიპასუხოთ თითოეულ თქვენგანს, ვისთვისაც ჩემი ყოფა "სულ ერთი" არ არის. მადლობა გულწრფელობისთვის.
ეს წერილი ასევე განკუთვნილია:
1.მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვნია ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, რომელშიც ადამიანის უფლებები მაქსიმალურად იქნება დაცული;
2.მათთვის, ვინც იმ ხელისუფლებამ "მაშინ" და ამ ხელისუფლებამ "ახლა", უმუშევარი დატოვა.
3. მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ პოლიტიკური არჩევანის გამო ადამიანები არ უნდა იდევნებოდნენ არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ.
4.მათთვის, ვისაც დღევანდელ შეცდომებსა და დანაშაულებებზე პასუხი სჭირდება "დღეს" და არა "ხვალ"!
ღია წერილი ეკა ბესელიას
მოგესალმებით, ქალბატონო ეკა. ვბედავ ღია წერილით მოგმართოთ იმ იმედით, რომ თქვენ ხართ არამხოლოდ იმ ადამიანთა უფლებების დამცველი, რომლებმაც არჩევანი "ქართული ოცნების" სასრგებლოდ გააკეთეს.
ამ წერილის დაწერა არ მიფიქრია მაშინ, როცა აბსოლუტურად უსამართლოდ მომექცნენ და "პირადი განცხადების საფუძველზე" სამსახურიდან "გამათავისუფლეს"; არ მიცდია მაშინ, როცა ჩემი facebook-ის გვერდიდან სამსახურის ინფორმაციის წაშლამ, გამოიწვია ნაცნობი თუ უცნობი ზარები და მრავალი შეკითხვა; ამ წერილის დაწერა არ მიფიქრია მაშინ, როცა თქვენი პარტიის მხარდამჭერები, სამართლიანობის აღდგენის იმედით, აქტიურად მთხოვდნენ, მიმემართა ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის. არ მიფიქრია მაშინაც, როცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი მთხოვდა სასამართლოში შემეტანა სარჩელი.
მაგრამ... ამ წერილის დაწერა გადამაწყვეტინა თქვენი და მმართველი პარტიის წევრების ყოველდღიურმა განცხადებებმა იმის თაობაზე, თითქოსდა სამსახურებიდან ათავისუფლებენ მხოლოდ მათ, ვინც უფლებამოსილებას გადააჭარბა და კანონდარღვევა ჩაიდინა. ამ შემთხვევაში თავს ვგრძნობ ძალიან შეურაცხყოფილად და ღია წერილით მოგმართავთ თქვენ, როგორც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს.
მე კონკრეტულად ჩემს შემთხვევაზე გიამბობთ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, სხვა "ისტორიებიც" არანაკლებ საინტერესო იქნება.
ვცხოვრობ ბორჯომში. დავამთავრე ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. დროის სხვადასხვა პერიოდში ვმუშაობდი ბორჯომის თოჯინების სახელწიფო თეატრში მსახიობად, შემდეგ თეატრის მმართველად, ბორჯომის მე-4 საჯარო სკოლაში ისტორიის პედაგოგად, ტელეკომპანია "ბორჯომში" საბავშვო გადაცემების რედაქტორად, 2008-2012წწ. - ბორჯომის მუნიციპალიტეტში განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად. მაქვს არასამთავრობო სექტორში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება.
საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ ბორჯომში, ისე, როგორც საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში, მოქმედი გამგებელი ჩაანაცვლა "ქართული ოცნების" კანდიდატმა დავით კამკამიძემ. არ მინდა ყურადღება გავამახვილო საზოგადოების (მათ შორის "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა მხრიდანაც ) გაწბილებაზე, რაც დავით კამკამიძის ამ პოზიციაზე დანიშნვამ გამოიწვია. მის "მოსვლას" ადგილობრივ ხელისუფლებაში მოჰყვა გამგებლის მოადგილეების დათხოვნა "პირადი განცხადებების საფუძველზე". ამის შემდგომ უკვე დაიწყო ჩვენი, სამსახურის უფროსების და ააიპ-ების ხელმძღვანელების, რიგრიგობით შესვლა "გამგებელთან გასაუბრებაზე". ცნობისთვის, 6 სამსახურის უფროსიდან 4–ს განცხადების დაწერა მოსთხოვა. იმავე "მიზეზით" სამსახურებიდან დაითხოვა ააიპ-ის ხელმძღვანელებიც.
შევეცდბი დეტალურად მოგითხროთ იმ დიალოგის შესახებ, რომელიც ჩემსა და გამგებელს შორის გაიმართა.
გამგებელთან ერთად ოთახში იმყოფებოდა მისი ერთ-ერთი მოადგილე და უცხო პირი (ყოველგვარი სტატუსის გარეშე). უცხო პირის დასწრება ჩემთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი იყო, თუმცა არ შევიმჩნიე და ჩვეულებრივი მისალმების შემდეგ გამგებელს ახალ პოზიციაზე დანიშნვა მივულოცე. გამგებელი პირდაპირ საქმეზე გადავიდა და მითხრა: -როგორც იცი (მაქსიმალურად შევეცდები სტილის დაცვას), არჩევნებში გავიმარჯვეთ, უმრავლესობით მოვედით და ჩვენ ერთად ვერ ვითანამშრომლებთ. შენს ადგილზე ამას ვნიშნავ,- და ხელით მიმითითა უცხო პირისკენ.
მას შემდეგ, რაც ვუთხარი, რომ პარტიული უმრავლესობით მოსვლა არ შეიძლებოდა მიზეზი გამხდარიყო ჩემი სამსახურიდან დათხოვნისა, გაღიზიანებული ტონით გააგრძელა: „ვერ ვითანამშრომლებთ და ვსიო (სტილი დაცულია)!“ მაქსიმალური თავშეკავებით ჩავეკითხე: მაგ ყველაფერს მინიმუმ ჩემი განცხადება რომ სჭირდება და მე რომ არ ვაპირებ განცხადების დაწერას, როგორ მოვიქცეთ-მეთქი? აქვე დავძინე, რომ მე არ ვიყავი პოლიტიკური ფიგურა, არასოდეს არ ვყოფილვარ არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, არასოდეს დამირღვევია კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”, ყოველთვის მაღალი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი და ვასრულებდი ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას.
ამ არგუმენტებს მოაყოლა კითხვა: აი, (მიმითითა ერთ-ერთი სამსახურის უფროსზე), ის რა, ნაციონალი არ იყო, სამსახურში რომ დავტოვე?
-კი, მაგრამ ეს რას ნიშნავს, ე.ი თქვენ პოლიტიკური ნიშნით ხსნით და ნიშნავთ თანამშრომლებს, თუ მე რაღაც კარგად ვერ გავიგე?-ვერ დავმალე ემოცია.
-არა, ეგ რა შუაშია (მიხვდა, რომ ეს არ უნდა ეთქვა)... ჩვენ ერთად ვერ ვითანამშრომლებთ- გაიმეორა ისევ.
ჩავეძიე ეთქვა მიზეზი. მაშინ კი მითხრა: მე ვერ ვითანამშრომლებ იმ ადამიანთან, რომელიც ეკლესიაზე რამეს იტყვისო. (!)
უკვე ყოველგვარ ზღვარს გადასცდა და კიდევ უფრო გამიმძაფრდა, უსამართლობისა და შეურაცხყოფის განცდა... მის ქსენოფობიურ გამოსვლას რომ თავი დავანებოთ, ის შეეხო იმ ჭეშმარიტებას, რომელიც ჩემთვის მეტად ღირებულია! ამის შემდეგ კი საკმაოდ ემოციური ტონით ვუთხარი: ძალიან გთხოვთ, უპირველესად საკუთარ თავს ეცით პატივი და ერთი რამ არ დაგავიწყდეთ, თქვენ აქ საკუთარ კანტორაში არ მოსულხართ უფროსად, თქვენ აქ საკრებულომ გამგებლად დაგნიშნათ და ამიტომ კეთილი ინებეთ, პატივი ეცით კანონს და თითოეულ თანამშრომელს. რაც შეეხება ჩემს აქ ყოფნა-არყოფნას, მე განცხადების დაწერას არ ვაპირებ და თქვენ თვითონ გამიშვით თქვენი ბრძანებით!
ეს ნერვულ-სტრესული მდგომარეობა დაახლოებით ორი კვირა გაგრძელდა . ზოგადად, სამსახურში საკმაოდ მძიმე სიტუაცია შეიქმნა. ხალხში პანიკა იყო, რომ ჯერ სამსახურის უფროსებს გაუშვებდნენ, შემდეგ სპეციალისტებს. ამას ემატებოდა სამსახურების მომლოდინეთა გაუთავებელი რიგები, რაც გარკვეულწილად ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებზე. მოკლედ, ეს ყველფერი ჩემს ჯანმრთელობაზეც აისახა და 31 ოქტომბრიდან დავდექი საავადმყოფო ფურცლის აღრიცხვაზე.
2 ნოემბერს, საღამოს ერთ-ერთმა სპეციალისტმა დამირეკა და მითხრა, რომ მეორე დღეს გამგებლის მოადგილეს უნდოდა ჩემთან შეხვედრა. საავადმყოფოში ექიმთან ვიზიტის შემდეგ, სამსახურში მივედი და გამგებლის მოადგილეს მივაწოდე ყველა მისთვის საინტერესო ინფორმაცია და დოკუმენტაცია. ამასობაში მუნიციპალიტეტში გავრცელდა ხმა კულტურის სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ. გარდა ამისა, ეს შემდგომ გავიგე, გამგებელი აიძულებდა ჩემი სამსახურის სპეციალისტებს დაეწერათ ჩემს საწინააღმდეგოდ განცხადება, რომელშიც მიუთითებდნენ, რომ თითქოსდა მე ვერ ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას, რაზეც უარი მიიღო.
მაშინ განუცხადა: სულ არ ვაპირებდი თქვენი სამსახურის ლიკვიდაციას, მაგრამ რადგან არ წერთ, მაშინ თქვენც უმუშევრები დარჩებითო. ჩემმა თანამშრომლებმა ეს არ გააკეთეს და არც მე მითხრეს, უბრალოდ გამიფრთხილდნენ. ასე რომ ვერაფერს გახდა, უკვე სხვა სამსახურის სპეციალისტის საშუალებით შემომითვალა: თუ განცხადებას არ დაწერს, სულ გავაუქმებ მაგის სამსახურს და თვითონ გასცეს პასუხი თავის თანამშრომლებსო.
სამსახურის ლიკვიდაციის შემთხვევაში უმუშევარი რჩებოდა კიდევ 4 სპეციალისტი, ამიტომ რისკების თავიდან ასაცილებლად, გადავწყვიტე განცხადება დამეწერა. "შუამავალი პირების" მეშვეობით შემომითვალა, რომ იმ დღესვე დამეწერა განცხადება. რადგან იმ დღეს, 3 ნოემბერს, ვიმყოფებოდი ბიულეტენზე, ამიტომ განცხადებას ვერ დავწერდი და შევუთვალე რომ 5 ნოემბერს, როცა ბიულეტენს დამიხურავდნენ, მაშინ დავწერდი განცხადებას.
როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ისევ შემომითვალა: ან ახლავე დაწეროს ორშაბათის (5 ნოემბერი) რიცხვით, ან არა და… ამასაც დავთანხმდი. განცხადება დავწერე და გავუგზავნე. ცოტა ხანში თანამშრომელს ტელეფონით დაარეკინა: განცხადებაში რიცხვი არ არის მითითებულიო. ვუთხარი ორშაბათს ბიულეტენის მოსატანად რომ მოვალ, რიცხვსაც მივანიშნებ-მეთქი. მოკლედ, შაბათ-კვირას რომ მშვიდად ყოფილიყო, საღამოს თანამშრომელი სახლში გამომიგზავნა. განცხადებაზე მინაწერი გავაკეთე "5 ნოემბრიდან".
ასე წამოვედი სამსახურიდან "პირადი განცხადების საფუძველზე".
ქალბატონო ეკა! ახალი მთავრობის პატივცემულო წევრებო, ძალიან მაინტერესებს თქვენი შეფასება: რა ჰქვია ჩემს შემთხვევას? არის თუ არა ეს ადამიანის უფლებების დარღვევა? არის თუ არა ეს თანამდებობის პირის მიერ უფლებამოსილების გადამეტება? არის თუ არა ეს არჩევნების შემდეგ ამომრჩეველზე ზეწოლა? და ბოლოს, ახალმა ხელისუფლებამ დამტოვა თუ არა უმუშევარი?
P.S. ამ წერილის წაკითხვა, ვიცი, ბევრს საკუთარ ისტორიას გაახსენებს ზოგს "იმათ" დროს და ზოგს "ამათ" დროს ჩადენილს.
აქვე მინდა დავძინო, რომ პირველ ტალღას უკვე მოჰყვა მეორე ტალღაც და როგორც ახლახან შევიტყვე, ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან ისევ უშვებენ თანამშრომლებს, ამჯერად უკვე სპეციალისტებს. როგორც იმუქრებიან, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ დასაწყისია...
წერილი როგორ მწვავედაც არ უნდა მოგეჩვენოთ, მაინც თავშეკავრბული და კორექტულია. მასში, გარდა ერთი სახელისა და გვარისა, ამ ეტაპზე, სხვა სახელები შეგნებულად არ ვახსენე.
რადგან არჩევანი არ დამიტოვეს საკუთარი ღირსებისა და უფლებების დასაცავად, მე უკვე თხოვნით მივმართავ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მომუშავე ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, მედია-საშუალებებს და სასამართლოს.
ამას ვაკეთებ სწორედ იმიტომ, რომ ვფიქრობ, მსგავს ფაქტებზე დუმილი დანაშაულია ჩვენი მომავლის წინაშე. თუ ახლავე, ყველამ ერთხმად, არ გამოვხატეთ პროტესტი, ხვალ სხვა აღმოჩნდება ანალოგიურ მდგომარეობაში. არ უნდა დავდუმდეთ თუნდაც იმიტომ, რომ სამომავლოდ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვეღარ გაბედოს კონსტიტუციის 42-ე და 333-ე მუხლების ასე უხეშად დარღვევა.
და კიდევ, ამას ვაკეთებ იმიტომაც, რომ მინდა იმედი დავიტოვო და დავრწმუნდე: რეგიონებში მიმდინარე მოვლენები მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების თვითნებობა და უპასუხისმგებლობაა და რომ მას საერთო არ აქვს ცენტრალური ხელისუფლების დირექტივებთან.
პატივისცემით, საქართველოს მოქალაქე მაია გულიაშვილი.
კომენტარი