ევროკავშირის ელჩი: "ოპოზიციამ ხელისუფლება გამოიწვია"
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ჯონ ბასის კვალდაკვალ, გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია ევროკავშირის ელჩმა, ფილიპ დიმიტროვმაც გამოთქვა. დიმიტროვმა ქართველი სპეცსამსახურების მიერ მომიტნგეების დაშლის ფაქტი, საკმაოდ დადებითად შეაფასა. მისი განცხადებით აქციის დაშლა ორგანიზებულად და კანონის ფარგლებში განხორციელდა.
„ძალიან რთული ვითარება იყო შექმნილი. ქუჩის მასობრივ აქციებს ხშირად ახასიათებთ მასობრივი შეტაკებები და თუ დემონსტრანტებისათვის ოფიციალურად მიცემული იყო კონკრეტული დრო აქციების ჩასატარებლად, ეს პირობა უნდა შესრულებულიყო. თუმცა, ნაკლებად მგონია, რომ წუხელ ვინმე საათზე იყურებოდა. საქმე სხვა რამეშია, ჰქონდა თუ არა ადგილი უფლებამოსილების გადამეტებას, რაც ასეთ რთულ სიტუაციაში, ძალიან რთული დასარეგულირებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა ითქვას, რომ ოპოზიციამ ხელისუფლება გამოიწვია. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს,“ განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
შეგახსნებთ, რომ წუხელ, ღამით, დაიღუპა ორი პიროვნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ლეიტენანტი ვლადიმერ მასურაშვილი და მოქალაქე, ნოდარ ცხადაძე. ორივე მათგანი, სავარაუდოდ, ნინო ბურჯანაძის ესკორტის მსხვერპლი გახდა.
კომენტარი