დაჩი დარჩიას "5 წუთი სიყვარულზე"
პროფესიით რეჟისორისთვის არც ხელოვნების სხვა დარგები გახლდათ უცხო, მღეროდა, უთამაშია სცენაზე და წერდა არაჩვეულებრივ ლექსებსა თუ ჩანახატებს, თუმცა ფართო საზოგადოებამ მისი შემოქმედების გაცნობა ვერ მოასწრო, რადგან დაჩი დარჩია 7 თვის წინ ავლაბარში მოკლეს...
დრონის რედაქციისთვის ხელმისაწვდომი გახდა დაჩის ჩანახატი, სადაც ის სიყვარულზე წერს. ჩანახატი სულ შემთხვევით იპოვა დაჩის ბავშვობის მეგობარმა. აი რას იხსენებს გია ჭეიშვილი: დაჩის დილაუთენია დავადექი, უნივერსიტეტში ლექტორმა თემა მოგვცა, სიყვარულზე უნდა დაგვეწერა... ვთხოვე, რომ უნდა დამხმარებოდა, თორე ცუდად იყო ჩემი საქმე. დაჩიმ ისეთი თემა დამიწერა ყველა აღფრთოვანდა, რათქმაუნდა ყველას ჩემი დაწერილი ეგონა. მას შემდეგ ის ლექტორი სულ მაღალ ქულებს მიწერდა. ასე გადამარჩინა დაჩიმ.
დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ რეჟისორ დაჩი დარჩიას აღნიშნულ ჩანახატს სიყვარულზე...
„მე ჩამოვთვალე მსოფლიოს შვიდი საოცრება. მსურს მერვე, თავად აღმოვაჩინო. ბავშვობიდან მასწვალებს ეს ფიქრი და აი აღმოვაჩინე კიდეც, სიყვარულია მერვე საოცრება და ყველაზე დიდი საოცრება მსოფლიოსი. ვისაც სურვილი აქვს შემედაოს მაშინ თავად შეუცვალოს სახელი სიყვარულს... ვერავინ შეძლებს...
მაინც რა არის სიყვარული? ამოუცნობი და უსასრულო კითხვა, სიყვარული - ცხოვრების გაკვეთილი, სიყვარული -ღმერთის საჩუქარი, სიყვარული - არაფერი, სიყვარული - მთელი სამყარო და სიყვარული - თავად ღმერთი.
მაინც რა არის სიყვარული?
სიყვარული ზღაპარია. ტკბილი, ხანმოკლე, იშვიათად მარადიული, საოცნებო, ლამაზი ზღაპარი.
სიყვარული გზაა ცხოვრებისა. ჩემი აზრით, ყველა სულიერი ამ გზაზე უნდა მოკვდეს. და თუ სიყვარულს გამართლება არ უწერია, თუ სიკვდილია მაშინ?... მაშ ეხლა მოვიდეს ის სიკვდილი, რათა ეს წამი იყოს უსასრულო, სიკვდილი ნაბოძები სიჩუმესავით. დე, მსხვერპლი გახდეს ჩვენი სიცოცხლე სიყვარულის გადასარჩენად. იმაზე მეტი სიცოცხლე რაღა იქნება, თუკი სიყვარულისთვის მოვკვდბით, სიყვარულში შევწვიტავთ სუნთქვას.
სიყვარული სიზმარია, პატარა, ნაზი, თეთრი ზმანება, სიზმარი, რომელიც გაგრძნობინებს ამქვეყნიურ სილამაზეს.
რა საოცარი ხარ შენ, სიყვარულო, რომელსაც არც თვალები გაქვს, არც გული, არც ენა, მაგრამ შენით ვხედავთ სამყაროს, შენით გვინდა სიცოცხლე და შენით ვესაუბრებით ერთმანეთს. რა ხარ ასეთი უხილავი და შეუცნობელი, მაგრამ ყველგან გხედავთ და ყველგან გცნობთ.
არაერთხელ გადამიწყვეტია უარგყო და უარგყავი კიდეც, მაგრამ შენ უჩემოდაც იარსებე, ჩემგან მოტეხილი ფრთები შეიხორცე და ისე ძლიერად შემომეჭერი ხორცსა და სულში, ისე ძლიერად, რომ ჩემი თავი ვეღარ მიცვნია. დავრწმუნდი, რომ შენ სიყვარულო ყველაზე ძლიერი და დაუთრგუნველი ხარ, ყველამ რომ უარგყოს, შენ მაინც იარსებებ, სანამ უკანასკნელი სულდგმული იქნება ამ უზარმაზარ დედამიწაზე.
დედამიწაზე? მარტო დედამიწაზე როდი მბრძანებლობს სიყვარული. გენიოსებს უთქვამთ:
უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ....
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
„სიყვარულს სტუმრობა უყვარს გამიგონია. ყველა ადამიანის სტუმარი ყოფილიყოს სიყვარული, ყველას ფართოდ გაეღოს კარი სიყვარულისთვის.ისიც გამიგონია:
ოღონდ ერთმანეთი გვიყვარდეს,
ღმერთი არ გაგვწირავს ღმერთი“
ამდენი საუბრის შემდეგ, მგონი მაინც ამოუხსნელი რჩება კითხვა, რა არის სიყვარული? იქნებ სიყვარული ჩვენა ვართ ადამიანები, იქნებ ჩვენ. თავის შეცნობის დღიდან ჩავკირკიტებ სიტყვას სიყვარულს, მაგრამ ბუნება ისეთი უცნაური რამ არის, რას გაიგებ შენ, უმწეო ადამიანი, უზარმაზარი ბუნების მცნებას.
სიყვარული ისე მაინც არაფერს არა ჰგავს, როგორც თოვლს, ახლადმოსულს, სუფთას, ფეხდაუბიჯებელს. თოვლს, რომელიც იწყებს თავის პატარა, ხანმოკლე სიცოცხლეს, მერე ლღვება, დნება, ქრება და მიფრინავს ცაში, სადაც ისეთი სიმშვიდეა, როგორსაც ითხოვს ამ ხმაურიანი ცხოვრებისაგან გადაღლილი ჩვენი სული.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!
ადამიანი და სიყვარული: როცა ვირაცა გიყვარს, მზეც სხვანაირად ანათებს შენთვის, თოვლიც ათასჯერ უფრო ლამაზი გეჩვენება, ბალახი, ხე, ქვა, ყველასთან და ყველაფერთან საუბრის სურვილი გიჩნდება.ყოველი დღე საინტერესოდ იწყება და საინტერესოდ მთავრდება.ცხოვრება ლამაზ სამყაროში, სადაც ყველაფერი ლამაზი და საოცნებოა.
როცა თავისუფალი ხარ სიყვარულისგან, ყველაფერს ადვილად ერევი. ბატონ-პატრონი ხარშენი სურვილების, მაგრამ თუ გიყვარს, მონა ხარ საკუთარი თავის, საკუთარი ოცნებების.
რა უფრო უკეთესია გიყვარდეს თუ უყვარდე?
თუ სიყვარული შენშია, მაშნ პიროვნული უპირატესობა შენს მხარეზეა.ადამიანმა არასოდეს არ უნდა ჩათვალოს თავი ღირსეულადიმის გამო, რომ ვიღაცას უყვარს. იმითაც უნდა კმაყოფილდებოდეს, რომ ვიღაც უყვარს თავდავიწყებამდე.ყოველდღეს მადლობა უნდა შესწიროს უფალს, რომ მისცა ნიჭი სიყვარულის შეცნობისა და წილად არგუნა უნაზესი გრძნობა - სიყვარული.ყოველ მზის ამოსვლას თვალი ადევნოს და მზის სხივებში დაინახოს ღვთის ბოძებული ბედნიერება.
მოკლედ რომ ვთქვათ სიყვარულია ადამიანთა ცხოვრების მთელი ციკლი.
იბადება კითხვა, ნუთუ სიყვარულსაც ჰყავს რაიმე მმართველი ძალა? არამგონია, რადგან თავად სიყვარულია კაცობრიობის მამოქმედებელი ძალა, რომლის ძალაც ღმერთის ძალას უტოლდება და იქნებ ჰფარავდეს კიდეც. დიდ კონსტანტინეს უთქვამს:
„ან თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად,
სიყვარულია ალბათ ის ღმერთიც“...
იყავ დღეგრძელი სიყვარულო, გადაარჩინე მთელი სამყარო, განდევნე ეშმა ადამიანთაგან და სახლობა გამართე ყველა სულიერი არსების სხეულში.
ამინ!
მე მგონი გავიდა ხუთი წუთი სიყვარულზე და მაინც რა არის სიყვარული?... მაინც რა არის?...“
P.S.დაჩი დარჩიას მკვლელის სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა, როგორც სასამართლო დარბაზიდან გამოსული ადამიანები ამბობენ ბრალდებული ამ სასტიკ დანაშაულს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. დასანანია რომ ამ ჩანახატის ავტორს, რომელსაც სიყვარული ასულდგმულებდა ასეთი საშინელი სიკვდილი არგუნა ბედმა.
კომენტარი