ლონდონის სასამართლომ ვანო ჩხარტიშვილს წაგებული საქმის გასაჩივრება აუკრძალა - პიტერ სმითის სკანდალური გადაწყვეტიელბის დეტალები
ინგლისის სასამართლომ ვანო ჩხარტიშვილის გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. გაზეთი "ვერსია" ავრცელებს მართლმსაჯულების მაღალი სასამართლოს (სამეფო სასამართლოს) კანცლერის განყოფილების მოსამართლე პიტერ სმითის გადაწყვეტილებას, რომელიც "ბლუ ტროპიკისა" და "კოპელას" სარჩელს ეხება ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ.
საკმაოდ ვრცელ დოკუმენტში მოსამართლე პიტერ სმითი დეტალურად განიხილავს საქმეს და ადგენს, რომ ჩხარტიშვილმა კომპანიების - "ბლუ ტროპიკისა" და "კოპელას" აქტივები მიითვისა. ინგლისის სასამართლომ ეს კომპანიები დაზარალებულად სცნო და ჩხარტიშვილს მატერიალური ზარალის ანაზღაურება დააკისრა. სასამართლოში ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ინტერესებს ადვოკატები ლაშა ბირკაია და კობა კვანტალიანი იცავდნენ. პარალელურად, საქართველოს სააპელაციო სასამართლოში, ჩხარტიშვილის სარჩელზე პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს. მოსარჩელე ჩხარტიშვილი აცხადებს, თითქოს მასა და აწ გარდაცვლილ ბადრი პატარკაციშვილს შორის, ზეპირი ხელშეკრულება არსებობდა, რომლითაც "ბლუ ტროპიკისა" და "კოპელას" აქტივების მესაკუთრე ჩხარტიშვილია...
ოფშორულ ზონაში, კერძოდ, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულმა ორმა კომპანიამ - "ბლუ ტროპიკმა" და "კოპელამ" ინგლისის სასამართლოში სარჩელი აღძრა, რომელიც ეხებოდა საქართველოში არსებულ უძრავ ქონებასა და საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებში არსებულ წილებს. დოკუმენტების მიხედვით, ორივე კომპანიაში წილებს ფლობს დისკრეციული სატრასტო კომპანია "ნაილ ტრასტი", რომლის მფლობელი იყო ბადრი (არკადი) პატარკაციშვილი. ამ სარჩელზე მოპასუხე მხარეს ქართველი ბიზნესმენი და ყოფილი სახელმწიფო მოღვაწე ვანო ჩხარტიშვილი წარმოადგენდა, რომელსაც მილიარდერ ბადრი პატარკაციშვილთან საქმიანი ურთიერთობები ჰქონდა ამ უკანასკნელის სიცოცხლეში.
ვანო ჩხარტიშვილს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი 2013 წელს დაუპირისპირდა, როცა გაირკვა, რომ გარდაცვლილი მეგობრის ქონება - კომპანიები და ყველა აქტივი, სწორედ ჩხარტიშვილმა მიითვისა. "ბლუ ტროპიკმა" და "კოპელამ" იურისტ გიორგი ქავთარაძეზე გასცეს მინდობილობები, რომლითაც მას ფართო უფლებამოსილებები მიანიჭეს და საშუალება მისცეს, მოსარჩელეების ქონება/აქტივები განეგო. ჩხარტიშვილმა გიორგი ქავთარაძეს დაავალა, ესარგებლა მინდობილობებით და ხსენებული აქტივები მოსარჩელეებიდან მოპასუხის საკუთრებაში არსებულ, ან კონტროლირებად კომპანიებზე გაესხვისებინა.
ინგლისის სასამართლოში ჩხარტიშვილის დაკითხვა 4 დღე გაგრძელდა. იგი ჯვარედინად დაიკითხა კომპანიების - "ბლუ ტროპიკისა" და "კოპელას" ადვოკატ ჯოუ სმოუჰას მიერ და დაკითხვის დროს ისე "დაიბნა", რომ ერთსა და იმავე კითხვებზე ურთიერთგამომრიცხავი პასუხები გასცა. "ვერსია" აქვეყნებს ფრაგმენტებს ჩხარტიშვილის, მისი იურისტის გიორგი ქავთარაძისა და ერთადერთი მოწმის ჯოზეფ ქეის დაკითხვიდან.
ვანო ჩხარტიშვილმა ლონდონის სასამართლოში წაგებული საქმის გასაჩივრება მოინდომა, რაც სასამართლომ აუკრძალა. გასაჩივრების აკრძალვას ახლა წაგებული მხარე ლონდონის სასამართლოს ზედა ინსტანციაში ასაჩივრებს.
კომენტარი