სკანდალი ესტონეთის არმიაში: რუსულენოვან ჯარისკაცებს საკუთარი საფლავების გათხრა დაავალეს
ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო საკმაოდ სკანდალურ შემთხვევას იძიებს. ესტონეთის არმიაში ოფიცრებმა ტყუპ ძმებს, რომლებიც რუსი მილიონერის შვილები გახლავთ, საკუთარი საფლავების გათხრა დაავალეს.
ინცინდენტი 13 აგვისტოს მოხდა, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის ეს ყოველივე ცნობილი დღეს გახდა. როგორც ცნობილია, პირადი დავალების ცუდად შესრულების გამო, ოფიცრებმა რუსულენოვან ჯარისკაცებს შუაღამისას ავტომობილების ფარების შუქზე საკუთარი საფლავების გათხრა უბრძანეს.
ძმების ვინაობის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო არ ავრცელებს. ერთ-ერთი მათგანი კი იხსენებს: „საფლავის ამოთხრის დროს ოფიცერმა გვითხრა, თუ ვერ ამოვიდოდით იქვე დაგვტოვებდნენ, მიწას მოგვაყრიდნენ და ჩვენზე გული არავის დასწყდებოდა. შემდეგ კი იმის გამო, რომ იარაღი თან გვქონდა ამ ყოველივეს არმიიდან გაქცევას მიაწერდნენ და ისინიც საქმიდან მშრალად გამოვიდოდნენ.“
აღნიშნულმა ვითარებამ ძმების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა, ამიტომ ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს სადაც საიდუმლოს შენახვას, ყოველივესთვის ნათელის მოფენა ამჯობინეს.
ოფიცრები კი ამ დროისათვის დაკავებულები არიან. ისინი ბრალდებას უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ ჯარისკაცები სანგრებს თხრიდნენ.
გამოძიებას თავდაცვის სამინისტრო კურირებს და ინფორმაცია აღნიშნული ფაქტის შესახებ მკაცრად არის გასაიდუმლოებული.
კომენტარი