სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვის ინტერესებს ემსახურებიან ქართველი გარემოსდამცველები?!

როგორია საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი, გვჭირდება თუ არა დიდი ჰესები და რეალურად რას ემსახურება გარემოსდაცვითი ორგანიზაციების პროტესტი. ამ საკითხებზე ინტერვიუ ისრელის ელექტროკომპანიის საინჟინრო სამმართველოს უფროს ექსპერტ-ინჟინერს, დოქტორ გაბრიელ ჯინჯიხაშვილს ვთხოვეთ.

-ბატონო გაბრიელ, მრავალი წელია ემსახურებით ისრაელის ენერგეტიკას. ასევე კარგად იცნობთ საქართველოს ენერგეტიკასაც. რას ფიქრობთ, რა ენერგეტიკული სტრატეგია უნდა აირჩიოს ჩვენმა ქვეყანამ?

-უპირველეს ყოვლისა საქართველომ უნდა განაგრძოს ელექტროენერგიის წარმოება. 1990 წელს ჩვენ გვქონდა 16 მლრდ. კვტ.სთ გამომუშავება და 2000 წლისთვის დაგეგმილი იყო 20 მილიარდი. საქართველო ამჟამად სულ რაღაც 9-10 მილიარდს აწარმოებს , რაც ძალიან ცოტაა. ღმერთმა ქნას და ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში მალე განვითარდება მრეწველობა და მოხდება ეკონომიკის გაუმჯობესება. ამ დროს კი აღმოჩნდება, რომ ელექტროენერგია საკმარისი არ გვაქვს. დამიჯერეთ, საქართველოს ძალიან ცოტა ელექტროენერგია აქვს, თითო სულ მოსახლეზე ბევრად ნაკლები ვიდრე ეს ისრაელშია. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენთან ისრაელში ვაწარმოებთ 60 მლრდ კვტ.სთ.-ს 8 მილიონ მოსახლეზე და საქართველოს უნდა ჰქონდეს დღეს დაახლოებით 30 მილიარდი, რამდენადაც მოსახლეობა დაახლოებით 4 მილიონია. რეალურად კი როგორც გითხარით, ქვეყანა 9-10 მილიარდზე მეტს ვერ აწარმოებს. ამიტომ ქვეყნის ნომერი პირველი სტრატეგია მეტი ენერგიის გამომუშავება და აქედან გამომდინარე ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარება უნდა გახდეს. მეორე საკითხია, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ენერგიის გამომუშავება. საკუთარი საწვავი საქართველოს არ აქვს, გარდა ძალიან ცუდი ხარისხის ნახშირისა, რომელიც ჯობია, რომ საერთოდ არ გამოიყენო. გვრჩება ჰიდრორესურსი.

- დიდი ჰესების მშენებლობას ჩვენს ქვეყანაში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. „მწვანეები“ მუდმივად აპროტესტებენ ნებისმიერი ჰიდროენერგეტიკული ობიექტის მშენებლობას. ისრალში რა მდგომარეობაა ამ მხრივ?

- იცით, როდესაც ვუსმენ ქართულ ტელეარხებს, უბრალოდ ჭკუიდან ვიშლები. ნორვეგიაში ელექტროენერგიის 90% არის ჰიდრო. რა თქმა უნდა, კაშხლების მშენებლობა აზიანებს ნორვეგიის ეკოლოგიას, მაგრამ პოულობენ ისეთ საინჟინრო სქემებს, რომ დაზიანება და ჩარევა მინიმალური იყოს. რა გახდა ეს მუდმივი და დაუსრულებელი აჟიოტაჟი ამ ხუდონზე. რაც თავი მახსოვს სულ ასეა. მშვენიერი სქემა არსებობდა ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან. რომ ვუსმენ ამ ყველაფერს, გაოცებული ვარ. ენერგიის რომელი სახეა სასარგებლო ბუნებისათვის? ჩვენ ყველანი რომ დავიხოცოთ ერთიანად, ბუნება ამით მხოლოდ იხეირებს, მაგრამ ხომ არ ვაპირებთ ამის გაკეთებას? საერთოდ მიკვირს ამ მწვანეთა ორგანიზაციების აქტივობა ხუდონზე, იმ დროს, როდესაც თბოსადგურებზე ხმას არ იღებენ. გარდაბანში, თბილისის მახლობლად რომ თბოელექტროსადგურის აშენებას აპირებენ, გარემოს დამცველი ორგანიზაციები ამაზე სდუმან. ნახშირის ბლოკი სუფთა მავნებლობაა, ასევეა გაზის ბლოკი, ისიც პრობლემურია გამონაბოლქვის თვალსაზრისით-მათი გაწმენდისთვის ისრაელი უძვირესს ტექნოლოგიებს იყენებს, საკითხავია გარმეოს დამცველები ინტერესდებიან ინერგება თუ არა ეს ტექნოლოგიები საქართველოში? საშინელებაა გამონაბოლქვი გაზები თბილისისთვის, გარდაბნისთვის, რუსთავისთვის. აი ეს შენდება, დიდის ამბით შექმნილია აჟიოტაჟი, რომ იქნებ ვინმემ ფული ჩაუდოს ამ უბედურების აშენებაში და დაწამლოს მილიონობით ადამიანი. სად არიან ამ დროს მწვანე ორგანიზაციები, რატომ არ გვესმის მათი პროტესტი ამ საკითხზე? რას გადაეკიდნენ ამ ჰიდროენერგიას, ბუნებაში ასეთი სუფთა ენერგია არ არსებობს. მიკვირს ამ ხალხის პოზიცია, ალბათ რაღაც ინტერესებია ან სიღრმისეულად არ ესმით მისი მნიშვნელობა.

ერთი რჩევა მექნება, ამ მწვანე პარტიებმა და ეკოლოგებმა დაანებონ თავი ჰიდროენერგეტიკას. კაცო, ნაგავსაყრელებზე ეგენი არ მინახავს, გამონაბოლქვებზე და გარემოს დაბინძურება მაგათ არ გაუპროტესტებიათ. ეს ამბავი არ აწუხებთ, აწუხებთ მარტო ხუდონი და ნებისმიერი ჰიდროენერგეტიკული პროექტი. საკუთარი ენერგია უფრო აქტუალურ საკითხებს მოახმარონ, არ ჯობია? საქართველოს ენერგეტიკოსებმა ძალიან კარგად იციან თავისი საქმე და ააშენებ ამ ჰესს მინიმალური ზიანის მიყენებით გარემოზე.

- საქართველოში ბევრს საუბრობენ მზისა და ქარის ენერგიის გამოყენება- ათვისებაზე, მაგრამ ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ისრაელს ამ მიმართულებითაც დიდი გამოცდილება გააჩნია. რა იქნება თქვენი რჩევა- რეკომენდაცია საქართველოსთვის?

- მოდით უფრო რეალურად შევხედოთ ვითარებას, რამდენი ჯდება მზის და ქარის ენერგია? ჰიდროენერგია განსხვავდება იმით რომ თქვენ შეგიძლიათ ენერგიის დიდი ნაკადი შექმნათ მაშინ როცა გჭირდებათ, ქარის და მზის ენერგია კი არის მაშინ, როცა ბუნებას უნდა. იმისათვის რომ თქვენ გქონდეთ სისტემაში ჩართული ქარის და მზის დანადგარები უპირველეს ყოვლისა უნდა გქონდეთ სმარტ გრიდი (მაღალტექნოლოგური ქსელები), ანუ მთელი თვენი ელექტროსისტემა უნდა იყოს ისეთნაირად აგებული, რომ შეძლოს იმ ელექტროენერგიის მიღება. ხომ წარმოგიდგენიათ, ქარმა ცოტაც რომ შეიცვალოს მიმართულება, ენერგიის გარეშე რჩებით. ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ არ არის დიდი რესურსი. სერიოზული რესურსი არის ან თბოენერგეტიკა ან ჰიდროენერგეტიკა. თბოენერგეტიკას აქვს დიდი პრობლემები ეკოლოგიის მხრივ, უპირველლეს ყოვლისა CO2 გამონაბოლქვი იწვევს გლობალურ დათბობას , გარდა მაგისა სხვადასხვა გამონაბოლქვი გაზები საფრთხეა ეკოლოგიისთვის. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ბუნებრივ აირზე მისი წვის გამონაბოლქვი ნაკლები პრობლემაა ვიდრე ნაშირის, მაგრამ, მასაც აქვს პრობლემები და თანაც არ აქვს ეს გაზი საქართველოს. ჩემი მეგობარი, რომელიც ექსპერტია ქარის ენერგეტიკის დარგში, ნამყოფია საქრთველოში და ვკითხე, რა პერსპექტივა აქვს ამის აშენებას საქართველოში და რამდენად იყავით მზად რომ ხელი მოგეწერათ მათთან ხელშეკრულებაზე. მან მიპასუხა, თუ 20 წლით მოგვიწერენ ხელს და 11 ცენტად იყიდიან კოლოვატ-საათს შვენ შეგვიძლია ავუშენოთ 80 მეგავატიანი სადგურიო. ძალიან კარგია, ეს უნდა გაკეთდეს, მაგრმა ძვირია, საქართველოს გაუჭირდება ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა და მეორეც 80 მეგავატი არ წყვეტს ენერგიის დეფიციტის პრობლებას. გარდა ამისა, ეს 80 გექნება მაშინ, როდესაც ქარი დაუბერავს და არა მაშინ, როდესაც ენერგია დაგჭირდება.

-საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის მხოლოდ 18 % ათვისებული. თეორიულად დავუშვათ, რომ ისრაელს აქვს ასეთი რესურსი, მოახდენდით მის ინტენსიურ ათვისებას?

-რას ბრძანებთ, ისრაელს დასალევად არ აქვს წყალი და მაინც რაღაც პატარ-პატარა 30-40 კილოვატიან სადგურებს აშენებენ ყველგან, სადაც გამდინარე წყალს ნახავენ. სერიოზულად ვიხილავდით ჰიდრომააკუმულირებელი სადგურის პროექტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ღამე, როცა ნაკლები მოხმარებაა ატუმბო მთაზე წყალი და დღისით გამოუშვა, მაგრამ ეს პროექტი ეკონომიურად საეჭვო იყო და უძვირესი და აღარ გავაკეთეთ. საქართველოში კი არის ბუნებრივად ამის რესურსი, შეხედეთ ნორვეგიას, განვითარებული ქვეყანაა, ბუნებრივი გაზის უდიდესი მარაგები აქვს და ყიდის მას, ხოლო 90% პროცენტი მათი ენერგიის მაინც ჰიდროა. იქაც თაღოვანი კაშხლებია, როგორსაც ჩვენ ვაპირებდით ხუდონზე და არაფერი ხდება. იქაც შეიძლება დაზიანდეს ბუნება, თუმცა ზიანის მაშტაბებია შემცირებული. საქართველოშიც შეიძლება მსგავსი პროექტი კარგად გაკეთდეს, მით უმეტეს ჩვენ ჰიდრონერგეტიკის ერთ-ერთი საუკეთესო და უძველესი, დიდი ტრადიციების მქონე სკოლა გვაქვს გინდ დაპროექტების, გინდ კვლევით სფეროში და გინდაც მშენებლები. საქართველში საკმაოდ კარგი სპეციალისტები არიან საიმისოდ, რომ ამ პროექტის ოპტიმიზაცია გააკეთონ და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. სულ რომ არაფერი დაზიანდეს ეგეთი ენერგიის წყარო არ არსებობს ბუნებაში. სულ ცოტა ხნის წინ იყო დისკუსია სადაც გამოითქვა მოსაზრება, რომ ყველაზე კარგი ენერგია იყო, ის რასაც ინგლისელები აშენებენ ანუ როდესაც ზღვაში ნაპირიდან მოშორებით იდგმება უზარმაზარი ქარის ტურბინები. მარტო იმის აშენებით და ზღვის ფსკერზე კაბელების ჩადებით რამდენი ცხოველი და ორგანიზმი დაღუპეს და საერთოდ შეცვალეს იქაური ეკოლოგია? რას იზამ ადამიანი ტოვებს თავის კვალს ყველგან, მაგრამ ზიანი უნდა იყოს მინიმალური.

-ისრაელიც მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ენერგოშემცველების იმპორტზე, ნახშირი-გაზი. ცდილობს თუ არა თქვენი ქვეყანა იმპორტირებული ენერგორესურსების ჩანაცვლებას საკუთარი რესურსებით?

-ისრაელში სხვა გამოსავალი არ არის და ენერგიას ნახშირზე გამოვიმუშავებთ, მაგრამ საუკეთესო ნახშირი შემოგვაქვს ამისთვის. გვაქვ გამწმენდი რესურებიც, უძვირეს საუკეთესო ტექნოლოგიას ვამუშავებთ ამ მხრივ, მაგრამ მაინც ვცდილობთ რაც შეიძლება ნაკლებად გამოვიყენოთ ნახშირი. ისრელში ნელ-ნელა ინერგება მზის ენერგიიდან დენის მიღება-ფოტოვოლტაიკები, მაგრამ ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა და არ შეგვიძლია მისი ფართოდ გამოიყენება. და ამ დროს დაუკვირდით ისრაელი ბევრად უფრო მდიდარია ვიდრე საქართველო. ზოგადად ენერგიის მიღების ტექნოლოგიები ძალიან ბევრია. მაგრამ მათი დანერგვა ჯდება ძალიან ძვირი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100