სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახა კალაძე ქალაქის სხვადასხვა უბნებში მოსახლეობის საჭიროებებს ეცნობა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის სხვადასხვა უბნების შემოვლა და მოსახლეობის საჭიროებების გაცნობა დაიწყო.

მერობის კანდიდატმა პირველი შეხვედრა დღეს, მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან გამართა. კახა კალაძემ იმ ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა, რომელზეც მუშაობას გეგმავს.

მერობის კანდიდატი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებით მიზნით, არსებული სკვერების მოვლა-პატრონობის გარდა, რეკრეაციული სივრცეების მოწყობასაც გეგმავს.

„ვგეგმავთ მასშტაბური პარკების მოწყობას. ერთ-ერთია დენდროლოგიური პარკი, რომელიც დასვენების საუკეთესო ადგილი იქნება. ასევე, დაწყებულია თბილისის ზღვაზე ზოოპარკის მოწყობა. ეს პროექტი გაგრძელდება, ხოლო ახლანდელი ზოოპარკის ტერიტორია და „მზიური“ საფეხმავლო ხიდით დაუკავშირდება და დასასვენებლად ერთიანი მწვანე სივრცე მოეწყობა“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძის თქმით, არ დაუშვებს, რომ სკვერებსა და სპორტულ მოედნებზე საცხოვრებელი სახლები აშენდეს. მისივე განცხადებით, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალური ავტოპარკის განახლება, მეტროსადგურების რეაბილიტაცია და ახალი საბაგირო ხაზების დაპროექტება მოხდება.

გარდა ამისა, მერია მხარს დაუჭერს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შემოღებას. კახა კალაძე მთაწმინდის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ძველი თბილისის ისტორიული შენობების რეაბილიტაციაზე, თბილისის იერსახეზე და ვიზუალური სტანდარტის შექმნაზე იზრუნებს. მოსახლეობას „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატთან ერთად, საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანი, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძეც შეხვდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100