პრემიერი: უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების ხარჯებს მთავრობა დაფარავს
უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების საკითხს საგარეო საქმეთა სამინისტრო მთავრობის სხდომაზე გატანის გარეშე გადაწყვეტს.
შესაბამისი დავალება საგარეო უწყებას დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მისცა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის ინიციატივა, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა მოიწონა.
"ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე, საქართველოს მოქალაქეები, როდესაც ისინი უცხოეთში გარდაიცვლებიან, მათი ახლობლები, თუ მონახეს ნაცნობი ან კონტაქტი მთავრობაში, ისინი ამა თუ იმ გზას ნახულობენ და მოგვმართავენ და ჩვენ მთავრობის სხდომაზე გადმოსვენების საკითხს ვიხილავთ. ასევე პრობლემაა, ის, რომ ბევრი ადამიანია, ვინც ესა თუ ის არხი ვერ მონახა და სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევები, როდესაც გვამი თვეობით უცხოეთშია. მე მგონია, რომ ეს ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ ჩვენი თანამემამულეები საქართველოში გადმოვასვენოთ და მთავრობის სხდომაზე აღარ გავხადოთ ამ საკითხის განხილვა საჭირო. ეს ავტომატურ პროცესად ვაქციოთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერი-მინისტრმა აღნიშნული ინიციატივისთვის გელა დუმბაძეს მადლობა გადაუხადა.
"საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალოთ, რომ მათ მიხედონ ამ პროცედურას და მთავრობის სხდომაზე საკითხის გატანის გარეშე, ყველა ჩვენი თანამემამულე, ვინც მოგვმართავს დაფინანსებით და დახმარებით უზრუნველყოთ, რათა ისინი დროზე იქნან საქართველოში გადმოსვენებულები", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, საქართველოს არაერთი გარდაცვლილი მოქალაქის ცხედარი კვლავ უცხოთშია და არ არის გადმოსვენებული.
"დღესდღეობით ჩვენს მიერ მოკვლეული ინფორმაციით, არაერთი ჩვენი გარდაცვლილი თანამოქალაქე გადმოსასვენებელია და უცხოეთში ინახებიან მაცივრებში - არ მინდოდა ეს სიტყვა მეხმარა, მაგრამ მართლაც და ჩვენი ღირესების საკითხია, რომ ამ ოჯახებს მივხედოთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
კომენტარი