ახალი პროგრამა მიკრო და მცირემეწარმეობის ხელშესაწყობად
საქართველოს მთავრობა მიკრო და მცირემეწარმეობის ხელშესაწყობად ახალ პროგრამას იწყებს, რომლის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია.
პროექტის პრეზენტაციას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
პროგრამაში
ჩართვა შეეძლებათ ფიზიკურ პირებს, რომლებზეც პროგრამაში ჩართვისას სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი ვრცელდება. როგორც პრემიერმა ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დაინტერესებული პირები მიიღებენ მცირე და ეფექტიან გრანტებს, რომელიც მათ სამეწარმეო საქმიანობის დაწყების შესაძლებლობას მისცემს.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, პროგრამა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებზე დაყრდნობით შემუშავდა, 5 000-მდე ადამიანზეა გათვლილი.
სახელმწიფო ყველა დაინტერესებულ პირს ჩაუტარებს ტრენინგებს ბიზნესის კეთებაში და 5 ათასამდე ლარს გადასცემს, რითაც ისინი 2-3 კაციანი კოოპერატივების შექმნას და სოფლებში მცირე ბიზნესის წარმოების დაწყებას შეძლებენ.
„ეს მათ დასაქმების და შემოსავლის გაჩენის საშუალებას მისცემს. სახელმწიფო მარტო ვერ შექმნის სამუშაო ადგილებს. ჩვენ ვქმნით ყველა პირობას. შეიძლება ჩვენ არ ვართ იდეალური, მაგრამ ვაკეთებთ ყველაფერს კერძო ბიზნესის განვითარებისთვის. დანარჩენი კერძო სექტორმა უნდა განავითაროს. ბიზნესს მიღებული კრედიტების 10%-ს სახელმწიფო უხდის. ვერ დამისახელებთ ბევრ ევროპულ ქვეყანას, სადაც ღარიბი სახელმწიფო მსგავს რამეს აკეთებს, მაგრამ ჩვენ გამოვნახეთ რესურსი - მილიარდი ლარი ლარი ჯანდაცვისთვის, 400 მილიონი სოფლის მეურნეობისთვის, რამდენიმე ათეული მილიონი იმისთვის, რომ განვავითაროთ ადგილობრივი წარმოება საქართველოში. ვიცი, რომ გასულ წელს 6 მილიარდი მოგების სახით დაილექა საქართველოში კერძო სექტორში, ანუ არსებობს ფულადი და უამრავი უნიკალური რესურსი, რომელიც არ არის გამოყენებული. მე მინდა შევთავაზო ბიზნესს, პროექტების დონეზე, რისი წარმოება შეიძლება საქართველოში, რომ აკეთონ ბიზნესი თავისუფლად, მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფოს მშენებლობაში. მხოლოდ მთავრობა ვერ გააკეთებს მათ გასაკეთებელს. უნდა გაერთიანდეს კერძო სექტორი და გახდეს თანამონაწილე ჩვენი ქვეყნის მშენებლობის პროცესში. სხვანაირად ქვეყანას ფეხზე ვერ დავაყენებთ. სახელმწიფოს არ აქვს იმის რესურსი, რომ 2 მილიონ ადამიანს ერთ დღეში შევუქმნათ სიმდიდრე, მაგრამ ვაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც შეგვიძლია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ახალი პროგრამის განხორციელება ნოემბრიდან დაიწყება. გამარჯვებულები ოთხი თვის შემდეგ გამოვლინდებიან და დაფინანსებას მიიღებენ.
პრემიერის განცხადებით, თითოეულ რეგიონში არსებობს იმაზე მეტი რესურსი, ვიდრე ადგილობრივ ბაზარს სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანაც შეუძლია.
„დღეს გვაქვს უნიკალური შანსი, განვავითაროთ კერძო სექტორი, ხელი შევუწყოთ მეწარმეობის განვითარებას, სოფლის მეურნეობას და იმას, რომ ქალაქიდან სოფელში წავიდეს მოქალაქე ბიზნესის განსავითარებლად, ისე როგორც ისრაელში ხდება. მჯერა, რომ ერთ დღეს ამას მივაღწევთ. კერძო სექტორს მოვუწოდებ, გაერთიანდეს სახელმწიფოსთან ერთად, მჭიდროდ ვიტანამშრომლოთ, რათა ჩვენი ქვეყანა დავაყენოთ ფეხზე, განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, გავაძლიეროთ სოფელი და ადგილობრივი წარმოება“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს საქართველოს ყველა რეგიონში მოსახლეობის დიდი ნაწილი სამწუხაროდ ისევ საუბრობს გზის არქონაზე, უშუქობაზე, დასაქმებაზე, სასმელ წყალზე.
„ჩვენს ქვეყანაში 2 მილიონი ადამიანი ღარიბია. გამოდიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც არ აქვთ ამის თქმის უფლება და ამბობენ, რატომ ვერ უშველა ამ ორ მილიონ ადამიანს სახელმწიფომ ორ წელიწადში. დამისახელონ თუნდაც ერთი მაგალითი, როდესაც ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ორ წელიწადში ფეხზე დამდგარიყოს. ეს არის გამორიცხული და ილუზია, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. გამორიცხული არ არის ის, რაც ჩვენ დავიწყეთ და შეუძლებელი არ არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ჩვენ უნდა განვავითაროთ სოფლის მეურნეობა და ფეხზე დავაყენოთ სოფელი“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ეკონომიკური საბჭოს გასვლით სხდომაზე ეკონომიკუმა გუნდმა კიდევ ერთხელ შეაჯამა, რა რესურსები აქვს საქართველოს და ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარედგინება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის მიზანია იმპორტის ადგილობრივი, მაღალი დონის პროდუქციით ჩანაცვლება და ექსპორტის განვითარება.
„ჩვენ დაგვხვდა დანგრეული სოფლის მეურნეობა, გაღატაკებული სოფელი, წარმოების არარსებობა რეგიონებში და ქვეყანა ორიენტირებული იყო იმპორტზე. ჩვენ დღემდე შემოგვაქვს სოფლის მეურნეობის პროდუქცია მეზობელი ქვეყნებიდან. ჩვენი გლეხების მიერ მოყვანილი ატმის შესყიდვა ხდება ზაფხულში მეზობელი ქვეყნების მხრიდან, მათი შენახვა სამაცივრე მეურნეობებში და ზამთარში საქართველოში ხუთმაგ ფასად შემოტანა. ეს არის მარტივი მაგალითი, რა მდგომარეობაში იყო სოფლის მეურნეობა. ჩვენ დავიწყეთ ამ გამოწვევებთან ბრძოლა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის განმარტებით, ადგილობრივი წარმოების განვითარებას ემსახურება მთავრობის მიერ ინიცირებული პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის დაწყებამდეც, დეტალურად გაანალიზდა, რისი წარმოება შეიძლება საქართველოში და როგორ უნდა მოხდეს იმპორტის ეტაპობრივად ჩანაცვლება.
„აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი რამის წარმოება შეგვიძლია ადგილზე. მთავრობამ ბიზნესსექტორს წარუდგინა ადგილობრივი წარმოების განვითარების პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. ჩვენ უნიკალური შანსი მივეცით კერძო სექტორს, რომ განვითარდეს. გამოვიტანეთ 100 საწარმო, რომელიც არა მხოლოდ დაკეტილი იყო და წლების განმვლობაში ყურადღებას არავინ აქცევდა, არამედ ბიზნესს მივეცით უნიკალური საშუალება, რომ სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ნებისმიერი ქონება, მიიღონ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად; მიიღონ სახელმწიფოსგან 30%-იანი გარანტია იმისთვის, რომ ბანკიდან აიღონ სესხი, რომლის მხოლოდ 1-2%-ის გადახდა უწევთ ორი წლის განმავლობაში და 10%-ს სახელმწიფო უხდის“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ორ წელიწადში მთავრობის დახმარებით, 800 000-მა ბენეფიციარმა მიიღო დახმარება სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამის ფარგლებში, ხოლო სოფლის მეურნეობაში სახელმწიფოს მხრიდან ინვესტირებულია 400 მილიონზე მეტი.
„ასევე, ჩვენ გვქონდა გამოწვევა, რომ მოსახლეობა სულს ღაფავდა ელემენტარული პირობების არქონის გამო. დაახლოებით მილიარდი ლარით გავზარდეთ ჯანდაცვის ბიუჯეტი. დღეს ყველა მოქალაქე არის დაზღვეული და აღარ ფიქრობს იმაზე, რომ თუ რამე სახის ოპერაცია დასჭირდება, ამის საშუალება არ ექნება. პირველად, 20 წლის განმავლობაში ჩვენ შევამცირეთ სიკვდილიანობა და წელს პირველად დაფიქსირდა პენსიონერთა რიცხვის ზრდა. წელს საქართველოში ნაკლები ადამიანი იღუპება, ვიდრე გასულ წლებში. ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის შედეგი, ეს არის უნივერსალური დაზღვევის პროგრამის შედეგი, ჩვენ მივეცით საშუალებას ადამიანებს, თავისუფლად იცხოვრონ თავისუფალ საქართველოში და ეფექტი დაუყოვნებლივ გამოჩნდა“, - აღნიშნა პრემიერმა.
კომენტარი