სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველთა რელიგიურმა სიბნელემ ირანელებიც კი გააოცა (ვიდეო)

გონიერ მკითხველს და მსმენელს კარგად მოეხსენება, რომ ეკლესიურმა ცხოვრებამ ჩვენთან სრულიად ტოტალიტარული ფორმები მიიღო, ხოლო ვიდეოასპარეზზე ყოველდღე იჩეკებიან ახალ-ახალი მამაოები, რომელთა ქადაგებების შინაარსი არათუ სრულიად აცდენილია ქრისტიანულ მრწამსს, არამედ აშკარად ფაშისტურ, შიზოიდურ, კრიმინალურ და კიდევ რაღაც ჯანდაბურ ელემენტებს უხვად შეიცავენ.

ყველაზე ხშირად შედარება ირანულ-ისლამისტური მიმართულებით სწარმოებს, მაგრამ...

მაგრამ მოვყვები ერთ პატარა ამბავს, ისე, როგორც შევიტყვე. ამ ორიოდე დღის წინ მქონდა პატივი ერთ გერმანელ ორიენტალისტს შევხვედროდი. მიღებაზე იმყოფებოდა ასევე ერთი ირანელი დოქტორანტი, რომელიც ძალიან კონტაქტური გამოდგა, პატარა ირანულ ისტორიებს მოგვითხრობდა(მაგ. როგორ ვერ შედიოდა რამდენიმე წელიწადს უნივერსიტეტში, რადგან მოლის რეკომენდაცია არ ჰქონდა). ბოლოს, სხვათაშორის ეს ქართული ისტორიაც მოაყოლა საიდანღაც.

როგორც ჩანს, ირანში, მიუხედავად იქ არსებული სიტუაციისა, საკმაოდ ვრცელი არეალია დატოვებული სულიერი შემოქმედებისთვის, ხელოვნებისთვის. ამასწინათ ერთ-ერთ კინოფესტივალზე მიუწვევიათ საპატრიარქოს ტელევიზიის შემოქმედებითი კოლექტივი, რადგან მათი ფილმის იქ ჩვენება გადაუწყვეტიათ. როგორც გავიგე, მოლების 22-კაციანი საცენზურო საბჭო ამბობს გადამწყვეტ სიტყვას ფილმის დაშვება-არდაშვების თაობაზედ!

ფილმში აღწერილი ყოფილა ერთი ირანელი მხატვარი ქალბატონის ცხოვრება, - დღესაც ცოცხალია მგონი, - და ეს ქალბატონი, მგონი ლალი თუ ლეილა, წინასწარმეტყველის ჩამომავლობის ყოფილა(გამახსენეთ, ასეთებს რა ქვიათ?), საქართველოში სვეტიცხოვლის მღვდლის ჩამომავალზე დაქორწინებულა, უმუშავია რუსთაველის თეატრში მხატვრად და სხვ. .... სხვათაშორის, ირანელი დოქტორანტი, რომლის მონათხრობსაც გიყვებით, საქართველოში ნამყოფია, განსაკუთრებულად მომხიბლა სვეტიცხოველმაო და ვერ წარმოვიდგენდი თუ ამხელა კულტურის ერი ჩვენზე ბნელი იქნებოდაო!

საქმე იმაშია, რომ საპატრიარქოს ტელევიზიიდან ფილმების ფესტივალის ორგანიზატორებს მისწერეს, რომ მანდ ჩამოსვლის უფლებას არ გვაძლევს ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოებაო!

ესაა სულ, რაც მართლა ვიცი, დანარჩენს, რაც ჩემი წარმოსახვებია(თუ როგორ გაოგნდებოდა 22 კაციანი მოლსინოდი მართლმადიდებლურ უარზე და ახარხარდებოდა, ეს უპატრონო გურჯები ჩვენც კი გვჯობიან სიბნელეშიო. მერე ჰამნეი დაიბარებდა მათ და დატუქსავდა, გურჯისტანს გაგყრით, რათა რწმენის დაცვა ისწავლოთო!..), აღარ გავაგრძელებ! ფაქტი ერთია: სიბნელე ყველას გვბრალდება და ირანელებიც უკვე ჩვენ დაგვცინიან, თუ დიდხანს გასტანა ასე, მალე ალბათ მთელი მსოფლიოს სახითხითონი გავხდებით!

ნეტავ ვინ სცადა საპატრიარქოს ტელევიზიაში ჰამნეიზე მეტი შიიტობის გამოჩენა? რაღაც არ ჰგავს ეგ პასუხი შემოქმედებითი კოლექტივის ხელწერას. ძნელი არაა მიხვდე კაცი, რომ მღვდელი, ვისაც ტელეცენზურა აბარია (ქვემორე ვიდეოში ღმერთს კატასტროფების მომწყობ ბოროტ ბუად გვისახავს), ავქსონიცაა ზემორე შავი პასუხისა, რომლის წყალობითაც ჩვენ უკვე ყველას გავასწარით რელიგიურ სიბნელეში!

ბუზი არ აუფრინოთ, ცოტაც მივუშვათ და ეგეთების წყალობით მართლმადიდებლობა უფრო სასტიკ, რეგვნულ და გონჯ ფორმებსაც კი მიიღებს, ვიდრე ნებისმიერი მოლების რეჟიმია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100