სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოლითთან მომხდარი ავარიისა და ხანძრის გამო წუხელ რკინიგზა ბლოკირებული იყო

ხარაგაულის რაიონში, რკინიგზის სადგურ მოლითთან მომხდარი ავარიის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა საქართველოს რკინიგზის გურია-აჭარის მიმართულების რამდენიმესაათიანი ბლოკირება გამოიწვია.

კერძოდ, პრობლემები შეიქმნა თბილისი-მახინჯაურისა და მახინჯაური-თბილისის ღამის რეისებს და ორივე შემადგენლობამ გასვლა დაახლოებით 2 საათით დაიგვიანა.

ამ ხნის განმავლობაში მგზავრებს, რომლებიც გასვლის დაგვიანების მიზეზით ინტერესდებოდნენ, მხოლოდ იმას განუმარტავდნენ, რომ საქართველოს რკინიგზაზე ტექნიკური პრობლემებია, რომლებიც გვარდება.

„დრონი.ჯი“-ს ინფორმაციით, სამგზავრო მატარებლების შეფერხების მიზეზი სწორედ მოლითთან მომხდარი ავარია იყო.

ინციდენტი გუშინ, ღამის საათებში მოხდა: მოლითის რკინიგზის სადგურთან ლიანდაგიდან გადავიდა ნავთობით დატვირთული შემადგენლობა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ხანძარი სწრაფად გავრცელდა დიდ ფართობზე და ნაწილობრივ დააზიანა რკინიგზის სადგურის შენობა. ცეცხლის მრავალი კერის ლოკალიზებისთვის ადგილობრივი ძალები საკმარისი არ აღმოჩნდა და დამხმარე რაზმები მეზობელი მუნიციპალიტეტებიდანაც გამოიძახეს.

მეხანძრეებმა შეძლეს, მოსახლეობის მიმართულებით ცეცხლის გავრცელება შეეჩერებინათ, გვიან ღამით კი ხანძრის სრული ლოკალიზებაც მოახერხეს.

საქართველოს რკინიგზის გურია-აჭარის მიმართულებაზე მოძრაობა მას შემდეგ აღდგა, რაც ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100