სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის აეროპორტში ქიმიური სპეც-აღჭურვილობა შეაგდეს - მოწამლულია რამდენიმე ადამიანი

„დრონი.ჯის“ ექსკლუზივი - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ადამიანი ქიმიური სითხით მოიწამლა.

წყაროს ცნობით, პირმა, აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ოთახში ქიმიური სითხით სავსე სპეციალური აღჭურვილობა შეაგდო, რის შემდეგაც პანიკა ატყდა...

ჩვენთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულია კადრები, სადაც კარგად ჩანს 40 წლამდე ჭაღარა მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ, ქიმიური სითხით სავსე აღჭურვილობას აგდებს ოთახში.

 ის ასევე სალაროსაც ესხმის თავს, ამის შემდეგ კი, ინტოქსიკაციით რამდენიმე ადამიანი გადაჰყავთ სტაციონარში.

ექსპერტები აეროპორტის ტერიტორიაზე ამ წუთებშიც მუშაობენ.

მომხდარი ფაქტი „დრონი.ჯის“ აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.

პრესსამსახურში განაცხადეს რომ აეროპორტი შეფერხების გარეშე მუშაობს. „რაც შეეხება დეტალებს, ამის შესახებ შსს-ს დაუკავშირდით“ - გვითხრეს აეროპორტში.

„დრონი.ჯი“:  აეროპორტის შენობაში მდებარე ერთ-ერთ ოფისში სპეც-აღჭურვილობა შეაგდეს, რის გამოც რამდენიმე ადამიანი ინტოქსიკაციის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

აეროპორტის პრესსამსახურის წარმომადგენელი: აეროპორტი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში. რაც შეეხება ინტოქსიკაციის ფაქტს, დიახ, გიდასტურებთ. უბრალოდ, დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ შსს-ს მიმართეთ.

- ვიცით რომ გამოძიება უკვე დაწყებულია. დაზარალებულების მდგომარეობის შესახებ თუ გაქვთ ინფორმაცია?

- მე არ ვარ სამედიცინო ექსპერტი. ამიტომ, ვერაფერს გეტყვით...

„დრონი.ჯი“ მომხდარი ფაქტის თაობაზე დილიდან  უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თუმცა, დაპირების მიუხედავად, სუსმა ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

დავრეკეთ შს სამინისტროშიც, სადაც დეტალების გარკვევას დაგვპირდნენ, მაგრამ არც პოლიციას გაუვრცელებია განცხადება მომხდარის შესახებ. ეს მაშინ, როდესაც შემთხვევა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მოხდა.

P.S: "დრონი.ჯი" თემაზე მუშაობას აგრძელებს და დამატებით დეტალებს უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100