სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკული დანა - ka_bar

დანების მწარმოებელი ამ ცნობილი ამერიკული კომპანიის ისტორია იწყება 1898 წლიდან, როდესაც ის დაარსდა სახელით Tidioute Cutlery Company. 1902 წელს, გაკოტრების შემდეგ, შეძენილ იქნა უოლეს ბრაუნის მიერ და ამ კომპანიის შემდგომი ისტორია მთლიანად დაუკავშირდება ამ გვარს. 1952 წელს, Union Cutlery Inc-ის (წარსულში ჯერ Tidioute Cutlery Company და შემდგომ Union Razor Company ) მფლობელის, დანფორტ ბრაუნის სურვილით, აქამდე სავაჭრო ნიშანი Ka-Bar გახდა კომპანიის სახელის ნაწილი: Ka-Bar Knives Inc. 1955 წლიდან, კომპანია მდებარეობს ქალაქ ოლინში, ნიუ იორკის შტატი. სახელგანთქმული ეს კომპანია გახდა მას მერე, რაც სამხედორებმა კომერციული კატალოგიდან სწორედ მისი დანა აირჩიეს იმისთვის, რომ შეეცვალათ ძველი საბრძოლო დანა Combat Trench Knive Mark 1. კა ბარის ტრადიციული ამერიკული “ბოუის” სტილის დანა, ოდნავ სახეშეცვლილი სამხედორების მოთხოვნის მიხედვით, დიდი რაოდენობით იქნა შეძენილი, რითიც დაიწყო მისი გრძელი და შთამბეჭდავი კარიერა. დანა გამოდგა საკმაოდ გამძლე და ამავე დროს იაფი. მარტივი კონსტრუქცია, ადვილი წარმოებისათვის, დამზადებული კარგი ხარსხისს მასალებისგან - ეს დანა იქცა ეფექტურ და, რაც არაანაკლებ მნიშვნელოვანია, იაფ ინსტრუმენტად.

ტექნიკურად, კა-ბარის საბრძოლო დანა წარმოადგენს ტრადიციული ამერიკული დიზაინის – ბოუის ვარიაციას. დიზაინის ავტორი გახლავთ პოლკოვნიკი ჯეიმს ბოუი, რომლის სახელსაც ატარებენ ამ სტილის დანები. კა-ბარის ბოუის პირი მზადდება 1095 მარკის ფოლადისგან (სიმკვრივე HRC 56-58). ქრომის დაბალი შემცველობის გამო, ის კარგად ინარჩუნებს სიბასრეს და ადვილად ილესება მარტივი სალესებით. თუმცა, მეორეს მხრივ, ნესტიან პირობებში შედარებით ადვილად იჟანგება. ამის გამო, ახალი კა ბარების ფოლადის დეტალები დაფარულია რამოდენიმე ფენიანი გამძლე შავი საღებავით. მეორე მსოფლიო ომის დროს დაფარვა არ არსებობდა და დანები მალევე იჟანგებოდა, თუმცა წარმოების რაოდენობიდან გამომდინარე და იაფის ფასის გამო, მათი შეცვლა პრობლემას არ წარმოადგენდა.

ტრადიციული კა ბარის საბრძოლო დანა იწონის 560 გრამს, სრული სიგრძე 28 სმ-ია, პირის სიგრძე 18 სმ. ტარი მზადდება დაპრესილი 22 ტყავის „შაიბებისგან“. პრინციპში, ტარი შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე სუსტ წერტილად. ნესტი ხვდება ტარის ქვეშ და იწვევს დანის ფოლადის ელემენტების სწრაფ ჟანგვას, თუმცა ეს პრობლემა მეტ ნაკლებად გააჩნია ალბათ ყველა დანის კონსტრუქციას, რომლის ტარიც ბუნებრივი მასალებისგან არის დამზადებული. 1995 წლიდან წარმოებაში წავიდა ე.წ. ახალი თაობის კა ბარები. მათი ტარი დამზადებულია შავი პლასტმასისგან, პირი კი დამზადებულია ინსტრუმენტალური ფოლადისგან. თუმცა კლასიკური მოდელის წარმოება არ შეწყვეტილა.

კა-ბარიმ, მოდელმა, რომელიც შესთავაზა სამხედროებს კომანია Union Cutlery Inc-მა, გაიარა საკამოდ მძიმე ტესტირებები და მიეწოდებოდა საბრძოლო ნაწილებს მეორე მსოფლიო ომის დროს ურიცხვი რაოდენობით. პირველი მიწოდება მოხდა 1942 წლის 27 იანვარს. გაზრდილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, წარმოებაში ჩაერთნენ სხვა კომპანიებიც. მაგალითად, Cattaraugus knives-მა და Pal-მა გამოუშვეს ორ მილიონზე მეტი კა-ბარის საბრძოლო დანა, რომელიც მიეწოდებოდა ჯარებს სხვა დიზაინის სხვადასხვა მწარმოებლების დანებთან ერთად. დანის წარმატებული ექსპლუატაციის გამო, 1945 წლიდან ის ოფიციალურად მიღებულ იქნა შეიარაღებაში აშშ-ს საზღვაო ფეხოსანთა კორპუსში და ფლოტში, სახელით USN Fighting Knife Mark II და გახდა სტანდარტული საბრძოლო და უტილიტარული დანა.

მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს დანები აღარ შეძენილა, ისინი კიდევ დიდხანს რჩებოდნენ პოპულარულ ინსტრუმენტებად სამხედროებს შორის, რომლებიც საკუთარი ხარჯებით ყიდულობდნენ მათ. 1976 წელს წარმოება განახლდა და სპეციალური სერიის კა-ბარის კლასიკური საბრძოლო დანა სერიული ნომრით N1 გადაეცა საზღვაო ფეხოსანთა კორპუსის მეთაურს და დღემდე ინახება კორპუსის მუზეუმში, კუანტიკოში.

საიდან გაჩნდა სახელი Ka-Bar და რას ნიშნავს ის? კომპანიის ვერსიით, მათ მიიღეს წერილი ერთი მონადირისგან, რომელიც მადლობას უხდიდა კომპანიას ასეთი კარგი დანისთვის, რომლითაც მან მოკლა დაჭრილი დათვი, როდესაც მისმა იარაღმა გაჭედა. წერილი ცუდ ინგლისურ ენაზე იყო დაწერილია და K A Bar ნიშნავდა სინამდვილეში Kill A Bear ანუ მოვკალი დათვი. შესაბამისად, წერილის ავტორის საპატივცემულოდ არჩეულ იქნა დანის ასეთი ახალი სახელი. მეორე ვერსია ეკუთვნის მწერალს და ყოფილ საზღვაო ფეხოსანს ერლ გორმანს. მისი ვერსიით Ka Bar არის აბრევიატურა და იშიფრება, როგორც “Knife – Attachment, Browning Automatic Rifle”, ანუ სამაგრი დანა ბრაუნინგის ავტომატური შაშხანისთვის.

კომპანია დღესაც აგრძელებს წარმატებულ მუშაობას და მისი კატალოგი სთავაზობს საკმაოდ ბევრ სხვადასხვა ტიპის დანას, როგორც ფიქსირებული პირით, ასევე, დასაკეცით.

armada.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100