„რა უნდა“ კი არა - „რა შეუძლია“ ბიძინა ივანიშვილს?
„ფეისბუქზე" ავთო ტყაბლაძის მიერ გამოქვეყნებულმა ამ ჩანაწერმა, გამოქვეყნებიდან ერთ საათშივე მოიპოვა პოპულარობა. „დრონი.ჯი“ ამ ჩანაწერს გთავაზობთ:
შემარცხვინა ფილოსოფოსმა ერთხელ:
2000 წლის ზამთარი იწურება, ბერლინიდან მოსკოვში მივდივარ მატარებლით. დასანახავად ვერ ვიტან თვითმფრინავებს, თუ არის შანსი, ნებისმიერი სახმელეთო ტრანსპორტი მირჩევნია. დამემგზავრა ერთი რუსი ფილოსოფოსი, ისიც დაახლოებით ჩემი ხნის იყო, ჰაიდელბერგში მუშაობდა. მატარებელში ორი დღე ვართ, ვსაუბრობთ ყველაფერზე. ცხადია, ჩამოვარდა პუტინზე საუბარი, ახალი მოსული იყო ქვეყნის სათავეში. და დავსვი არასწორი კითხვა საუბარში: რა უნდა პუტინს მეთქი...
იმ ფილოსოსფოსმა მითხრა, არასწორადაა კითხვა დასმულიო. ჩვენ საიდან უნდა ვიცოდეთ პუტინს რა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა შეუძლია პუტინსო. რატომ შემარცხვინა, რა მოხდა ასეთი სასწაული? - შეიძლება, ბევრს დაებადოს ეს შეკითხვა.
მე ფიზიკოსი ვარ და ფიზიკოსები ითვლიან ხოლმე იმას, წინასწარმეტყველებენ იმაზე, რისი გაზომვა და დამზერა შეიძლება. რა უნდა პუტინს, როგორ შეიძლება გაიგო (გაზომო)? ამის გარჩევა, ამის წინასწარმეტყველება, ამის გათვლა უაზრობაა. ვერ იზამ ამას. რომ დავასრულო ეს ისტორია, გეტყვით, რა მითხრა იმ ფილოსოფოსმა პუტინზე: "ავთო, ჩვენ არ ვიცით და ვერც გავიგებთ რა უნდა პუტინს. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რა შეუძლია პუტინს. მე ვიცნობ პუტინის გარემოცვიდან რამდენიმე ადამიანს, და ერთადერთი, რასაც ეგ კაცი გააკეთებს, არის KGB-ს სახელმწიფოო". ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი, როგორც იმ კაცის სიტყვები გამართლდა.
FB-ზე ხშირად ქილიკობენ ბიძინა ივანიშვილზე, ან პირქით, აქებენ მას. ზოგი კრემლის აგენტობას აბრალებს, ზოგს პირიქით, ცაში აჰყავს. მეც ვაძლევდი თავს უფლებას გამომეთქვა დაუსაბუთებელი ვარაუდები. რას ვიზამთ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში დიდხანს ვცხოვრობდი და ბევრ რუსს ვიცნობ, ვერ მოვახერხე გამეცნო ვინმე პუტინის ან პატრუშევის დაცვიდან.
ჰოდა, რახან არც პუტინს ვიცნობ, არც პატრუშევს, და არც მათი დაცვის ბიჭებს, არავითარი საბუთი არა მაქვს ივანიშვილის კრემლის კაცობის. დაბრალება კიდევ ცოდვაა. ამასთან ერთად, როცა დაუსაბუთებლად ვინმეს რამეს აბრალებ, კაცი ემგვანები ჩვენი „ოპოების“ ნაწილს. ასე რომ, იმის ნაცვლად, ვიძახოთ, ბიძინა მოგზავნილიაო - დავსვათ იმ ჩემი ნაცნობი ფილოსფოსის კითხვა, რა შეუძლია ბიძინას. „მოგზავნილია ან რა უნდა“ კი არა, არამედ - „რა შეუძლია“. რა უნდა, ჩვენ ვერ გავიგებთ, ზოგი ფიქრობს, საქართველოს დაქცევა უნდაო, ზოგიც აშენებაო. რომელია მართალი? არ ვიცით. "რა უნდა" არასწორი კითხვაა, არა აქვს პასუხი ამ კითხვას. „რა შეუძლია“ - აი ამას შეიძლება, გავცეთ პასუხი.
ამ წერილიში შევეცდები გავცე ამ კითხვას პასუხი, რა შეუძლია ბიძინა ივანიშვილს, იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რომლებიც გაგვაჩნია. არც ერთ ვარაუდს არ გამოვთქვამ ფაქტების გარეშე. ცხადია არაა გამორიცხული რაღაც შემეშალოს, ჩემი ლოგიკა მცდარი იყოს. კი ბატონო, შემისწორეთ...
რა ვიცოდი ივანიშვილზე? ჰქონდა მილიარდები, ბანკი რუსეთში, ცხოვრობდა ჭორვილაში, ეხმარებოდა თანასოფლელებს, ეწეოდა ქველმოქმედებას. მაგალითად, აღადგინა ქუთაისის ოპერის თეატრი, ნაწილობრივ მისი ფული იხარჯებოდა ქუთაისის დრამატული თეატრის შეკეთებაში. როგორც ბევრი სხვა, ვთვლიდი კარგ ადამიანად. უცებ, ეს კაცი მოდის პოლიტიკაში. მართალი გითხრათ, გამეხარდა, სანამ განცხადებებს გააკეთებდა. მეგონა, მოვიდა ადამიანი, რომელიც მეორე პოლუსს შექმნის მეთქი. გააკეთა განცხადება და აღარ მომეწონა. და დავსვი კითხვა, ჩემს თავს დავუსვი - ვინ არის ეს კაცი-მეთქი. ბევრი მაგ კაცზე არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, რომ ქველმოქმედებას ეწეოდა.
ერთ-ერთი კითხვა, რაც თავში მომივიდა, იყო შემდეგი: რაში და როგორ დახარჯა ბიძინა ივანიშვილმა ფული? ამას ცოტა ქვემოთ განვიხილავ კონკრეტულად. ოღონდ ჯერ სხვა რამეზე გავამახვილებ ყურადღებას. როგორც კი დავიწყე კითხვების დასმა, რაში ხარჯავდა ეს კაცი ფულს მეთქი, გამიბრაზდა ზოგი, რა შენი საქმეა, მის ფულებს რაში დახარჯავსო. ის ზოგი უკვე ბიძინაზე შეყვარებული იყო იმ დროისთვის. მათი არგუმენტი, თუ რატომ "გვიშველიდა" ბიძინა, მდგომარეობდა შემდეგში: ამდენი ფული დაუხარჯავს, ქველმოქმედი კაცია, ე.ი. კარგი კაცია, საქართველო უყვარს და უნდა გახდეს ქვეყნის მმართველიო.
უბედურება ისაა, რომ ხალხმა ამ კაცზე არაფერი იცის. ბიძინა ქველმოქმედია და ეს საკმარისია მათთვის, რომ ამ კაცს ჩააბარონ თავიანთი და ქვეყნის ბედი. ასეთებს შევახსენებ, ცნობილი ნარკობარონი პაბლო ესკობარიც ქველმოქმედი იყო. არაბი შეიხები, რომლებსაც ორი წიგნი არა აქვთ წაკითხული და ნავთობზე მილიარდებს იღებენ, თავიანთი მილიარდების ნაწილს არ იშურებენ მეჩეთების შენებისთვის.
სანამ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკასთან საქმე არ ჰქონია, სულაც არ მიკითხავს, რაში ხარჯავდა თავის ფულს. როგორც კი მოინდომა ქვეყნის მართვა, ძალიან მაინტერესებს, რაში და როგორ დახარჯა ფული. მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რათა შევაფასო, რა უდევს თავში ამ ადამიანს. არის საკმარისად ჭკვიანი, რომ ქვეყანა მართოს, თავი გაართვას იმ პრობლემებს, რომლის წინაშე ქვეყანა და ხალხი დგას?
ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც რაღაც მიზეზების გამო გაბოროტებულები, დაბოღმილები, თავგზაარეულები არიან. ასეთი ხალხი მხოლოდ იმაზე ოცნებობს, სააკაშვილი წავიდეს, დაიჭირონ, გადააგდონ, გააქციონ, და სულ არ აღელვებთ, ამის შემდეგ რა მოხდება. ასეთებისთვის ამას არ ვწერ. მე ფსიქიატრი არა ვარ და ჩემი ამოცანა ფსიქიკური გადახრების მკურნალობა ვერ იქნება. მაგრამ ბევრია ისეთიც, რომლებსაც სიძულვილი კი არ ამოძრავებთ, ქვეყნის და თავიანთი ოჯახების სიკეთე უნდათ. ასეთებს ბევრი რამ არ მოსწონთ არსებული მთავრობის. უნდათ უკეთესი დემოკრატია, უკეთესი მთავრობა, უკეთესი ეკონომიკა. ზუსტად ასეთ ხალხთან ერთად მინდა განვიხილო, იქნება თუ არა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენთვის ბიძინა ივანიშვილის გუნდი უკეთესი?
ამ ცოტა გრძელი შესავლის შემდეგ დავიწყებ იმის განხილვას, რისი გაკეთება შეუძლია ახალ მოძრაობას (პარტიას, გუნდს) სხვადსახვა სფეროში.
დავიწყოთ ეკონომიკით. ეს კაცი წარმატებული ბიზნესმენია, და თუ რამეში შენებას უნდა ველოდეთ მაგისგან, ალბათ პირველ რიგში, ეკონომიკაში. ერთ-ერთ ინტერვიუში, ბატონ ბიძინას ჰკითხეს, რას გააკეთებდა ეკონომიკაში, რომელ სფეროებს მიაქცევდა ყურადღებას, რა იდეები ჰქონდა. მართალი გითხრათ, პასუხმა გამაოცა. გამოჰყო ოთხი მიმართულება, რასაც მიაქცევდა ყურადღებას, განავითარებდა და რაც, მისი აზრით, პერსპექტიულია საქართველოში. ეს სფეროებია:
1) საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი, 2) ტურიზმი, 3) სოფლის მეურნეობა, 4) მაღალი ტექნოლოგიები. პირველ ორს ამ ოთხიდან არსებული მთავრობა მშვენივრად ავითარებს. უფრო მეტიც, ხალხი უკვე ბრაზდება, ამდენ შადრევანებს ნუ ვაშენებთ და შენობებს ნუ ვალამაზებთო (ტურიზმისთვის კეთდება ყველაფერი ფაქტიურად).
რაც შეეხება მაღალ ტექნოლოგიებს, მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ან ბიძინა ივანიშვილს წარმოდგენა არა აქვს რა არის მაღალტექნოლოგიური წარმოება და როგორ ფუნქციონირებს, ან უბრალოდ, იძლევა ფუჭ წინასაარჩევნო დაპირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ წარმომიდგენია, საქმეში ჩახედულმა კაცმა როგორ უნდა თქვას, "ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს დავაარსებ, კადრებს გავზრდი და მაღალტექნოლოგიურ წარმოებას შევქმნიო". აღარ გავგრძელებ ამაზე საუბარს, ერთი წერილი დავდე ფბ-ზე და გამოქვეყნდა დრონი.ჯი-ზე. აქ შეგიძლიათ ნახოთ, რატომ მიმაჩნია ასეთი განცხადება უაზრობად.
რა დაგვრჩა? სოფლის მეურნეობა. ერთი, რაც გამიგია ბატონ ბიძინასგან - რაღაც განსაცვიფრებელი კარტოფილის ჯიში გამოუყვანია თუ გამოყვანას აპირებს და ეკოლოგიურად სუფთა კარტოფილით უნდა ბაზრების გავსება. ეს კაცი, მე მგონი, 15 წელიწადია ჭორვილაში ცხოვრობს. ამბობენ, მთელ სოფელს ინახავსო. კი მაგრამ, თუ ასე იოლია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოყვანა, და ამასთან მომგებიანიც, ვერ გააკეთა სამაგალითო მეურნეობები ჭორვილაში? არ მითხრათ, სასტარტო კაპიტალი ვერ იშოვნაო...
ვინც საჩხერიდან არის, იქნებ მითხრათ, გავსებულია საჩხერის ბაზარი ჭორვილის სამაგალითო მეურნეობებში მოყვანილი სუფთა და იაფი პროდუქციით? იქნებ ზესტაფონის და ქუთაისის ბაზრებში აქვთ ჭორვილელებს თავისი პავილიონები გახსნილი და აწყდება ხალხი, ამაზე გემრიელი და იაფი არაფერი გვინახავსო?
ცხადია, არა. და თუ ეს აქამდე ვერ გააკეთა კაცმა, და ამ ოთხი თვის განმავლობაში ერთი წინადადებაც კი არ გაგვიგია, როგორ ააყვავებს სოფლის მეურნეობას, რატომ უნდა გვქონდეს მისი იმედი?
მე მგონი, საკმარისი დავწერე იმისთვის, რომ ცხადი იყოს, ახალი სფეროების განვითარებას და სასწაულებს არ უნდა ველოდოთ ამ გუნდისგან.
ერთადერთი, რაც, შეიძლება, გააკეთოს ბატონმა ბიძინამ, ბიზნესს მისცეს მეტი თავისუფლება. დღეს ბევრი ამბობს, რომ ბიზნესი არ არის თავისუფალი, ბევრი შეზღუდვებიაო. და თუ არის შეზღუდვები და ეს კაცი მოაშორებს ამ ბარიერებს, ეს წაადგება ეკონომიკას.
ოღონდ მოაშორებს კი? ის ხალხი, ხუფენიები, ლორთქიფანიძეები, ჭანკვეტაძეები და ძმანი მისნი, ბიზნესის საქმეებში არ ჩაერევიან? თავისი ბიძაშვილების სასარგებლო გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ? მეგობარ-ნათესავ-ახლობლებს არ დაეხმარებიან? ამისი გჯერათ ვინმეს? მე არ მჯერა. ეს არც საკაშვილის სენია და არც ბიძინასი. ეს ქართველების სენია და ამას უცებ ვერავინ გამოასწორებს.
ჯერჯერობით ბატონი ბიძინასგან ან მისი გუნდის წევრებისგან მე ვერ მოვისმინე, რომ აქვთ რაიმე გეგმა, შექმნან ქმედითი მექანიზმი და გააუმჯობესონ ბიზნეს გარემო საქართველოში. თორემ ლაილაი - მე მოვალ და ბიზნესმენები დავლურს დაუვლიანო, ყველასგან გაგვიგია. მაგას კახა კუკავაც ამბობს. მექანიზმი სად არის, როგორ გააბედნიერებ ბიზნესმენებს, ნაბიჯები, სქემები, კანონები?
დავუბრუნდეთ იმას, რაში დახარჯა ბატონმა ბიძინამ ფული ამ 15 წლის განმავლობაში. საუბარია ფანტასტიურ თანხაზე, 1.5 მილიარდზე, რაც, ალბათ, ზღაპარია. მაგრამ 500 მილიონიც რომ იყოს, მაინც დიდი ფულია. კითხვა: თუ ეს კაცი ასე ძლიერი ბიზნესმენია და ეკონომიკის გურუ, და მაგისგან ველით ბიუჯეტის ეფექტურად გამოყენებას, ამ 500 მილიონით ამ ხნის განმავლობაში საწარმოები ვერ შექმნა?
ოპერის თეატრების აღდგენას არ სჯობდა, რაიმე ბიზნესი გაეკეთებინა და შემოსული გაზრდილი გადასახადიდან ქუთაისის მერიას თვითონ შეეკეთებინა თეატრი? თუ, ქუთათურები ყველა მილანშია ოპერას ნაზიარები, ოპერის თეატრის გარეშე ღვინო აღარ გადასდიოდათ ყელში და საჩქარო გასაკეთებელი იყო ეს საქმე? სადაა ამ კაცის ნიჭი, რომ ეკონომიკა ფეხზე დააყენოს?
შევაჯამებ: ეკონომიკაში სასწაულს ან მკვეთრ გაუმჯობესებას არ უნდა ველოდოთ იმის მიხედვით, რაც ამ კაცისგან ან მისი გუნდის წევრებისგან მოგვისმენია.
გადავიდეთ სხვა საკითხზე: ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა ჩვენი ქვეყნის ბევრი ჩემი მეგობრის შეფასებით, არის დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტე ან არარსებობა საერთოდ. შეიძლება ბევრს მოსწონს, ის რაც კეთდება - მეც მომწონს, მაგრამ ძალიან არ მომწონს რომ ეს გაკეთებულიც და სხვა ბევრი რამეც დამოკიდებულია ერთ კაცზე. ხვალ რომ რამე მოუვიდეს? მაშინ რა მოხდეება? დავიქცევით? რატომაა დღეს პრობლემა სააკაშვილის წასვლა-არწასვლა 2013-ში?
რატომაა, თავი რომ სტკივა ბევრს, რა მოხდება მის შემდეგ? ესაა ზუსტად ინსტიტუტების სისუსტე. ქვეყანას მართავს არა წესები, ინსტიტუტები და კანონები, არამედ რამდენიმე ადამიანი. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ცუდები არიან და ძლაუფლების უზურპაცია მოახდინეს. არა, უბრალოდ არ არსებობდა დემოკრატიული ინსტიტუტები ქვეყანაში. ავიღოთ ცნობილი მაგალითი - დამოუკიდებელი სასამართლო, მას ბევრი ითხოვს. თითქოს სააკაშვილს შეუძლია დილით გაიღვიძოს კარგ ხასიათზე და შუადღეზე იქნება დამოუკიდებელი სასამრთლო. მახსოვს, ერთ ახალგაზრდა იურისტს ვეკითხებოდი - როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მივიდეთ დამოუკიდებელ სასამართლომდე-მეთქი. დაიცვას ყველამ კანონები და გვექნება დამოუკიდებელი სასამართლოო, ის მპასუხობდა. იმას გულისხმობდა, არ ჩაერიოს მთავრობა სასამრთლოს საქმეებში, და იქნება დამოუკიდებელიო. სამწუხაროდ ბევრს არ ესმის მარტივი რამ: სასამართლო დამოუკიდებელი მაშინ კი არ არის, როცა მთავრობა არ ერევა მის საქმეებში, არამედ მაშინ, როცა მთავრობა ვერ ერევა სასამართლოს საქმეებში. კიდევ გავიმეორებ, კი არ ერევა, არამედ ვერ ერევა.
რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვერ ჩაერიოს? მე არ ვიცი, არა ვარ ექსპერტი, ოღონდ სამწუხაროდ, არაფერი გამიგია ბატონი ბიძინასგან, როგორ მოახერხებს სასამართლოს გაუმჯობესებას ორ წელიწადში.
რას გააკეთებს ეს კაცი დემოკრატიული ინსტიტუტების შესაქმნელად? ორი რამ გავიგეთ ჯერ: შევქმნი დემოკრატიას და ისეთს, რომ ევროპას განვაცვიფრებო. და მეორე, ორ წელიწადში დავტოვებ მთავრობას და წავალ ოპოზიციაშიო.
რა მოგახსენოთ, კაცს, მე მგონი, წარმოდგენა არ უნდა ჰქონდეს იმაზე, თუ რა არის დემოკრატია. თუკი მართლა ორ წელიწადში აპირებს "დემოკრატიის შექმნას".
მეორე დაპირებამ მთლად გამაოცა. ორ წელიწადში დავტოვებ მთავრობას და წავალ ოპოზიციაშიო. როგორც მე მესმის, ოპოზიცია არის ძალა, რომელიც მთავრობის წინააღმდეგია. ან სხვა ხედვა აქვს ბევრ საკითხზე, ან სჯერა, რომ ამა თუ იმ პრობლემას მთავრობაზე უკეთ გადაჭრის. თუ ეს კაცი თვითონ ადგენს მთავრობას, თვითონ არჩევს ხალხს, აყალიბებს ამოცანებს და მათი გადაჭრის გზებს, ოპოზიციაში როგორ წავა? სპეციალურად შეიყვანს მთავრობაში ცუდ ხალხს, მერე რომ აკრიტიკოს? თუ თვითონ სხვა აზრი ექნება და მოატყუებს თანაგუნდელებს, ისინი დაუჯერებენ, მერე ეს გაიქცევა ოპოზიციაში - არასწორად აკეთებთ, მე უფრო უკეთესი გზა მაქვსო?
მოკლედ, ვერ გავიგე, ან მთავრობას როგორ აყალიბებს, ან დემოკრატიას როგორ "ქმნის", ან ოპოზიციაში როგორ მიდის ორი წლის შემდეგ. უფრო გულუბრყვილობას ჰგავს ეს დაპირებები, ვიდრე გააზრებულ გეგმას.
დემოკრატიის ერთ-ერთი ატრიბუტი თავისუფალი მედიაა. აქ ბატონი ბიძინა შეგვპირდა, "მე მინდა ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მედია გვქონდესო". პუტინის დემაგოგიური ნათქვამი გამახსენდა, NTV რომ დახურა, "მე მინდა მედია არც მთავრობაზე იყოს დამოკიდებელი და არც ოლიგარქებზეო". რატომაა ეს დემაგოგია? TV-არხები, მედიის კორპორაციები დიდი ბიზნესია. და ეს ბიზნესი ვიღაცას ეკუთვნის. გვინდა არ გვინდა, რედაქცია და შესაბამისად ჟურნალისტები დამოკიდებულნი იქნებიან მათზე, ვისაც ესა თუ ის კორპორაცია ან არხი ეკუთვნის. კარგად გამიგეთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მფლობელი ურეკავს ყოველდღე რედაქტორს და აძლევს ბრძანებებს, რედაქტორმა რა უნდა ათქმევინოს ჟურნალისტს. არა. საკმარისია დაინიშნოს რედაქტორად ადამიანი, რომელიც იზიარებს მფლობელის ხედვას. თავის მხრივ, რედაქტორები ქირაობენ იმ ჟურნალისტებს, რომელთა ხედვა ემთხვევა მფლობელის პოზიციას.
მთავარია იყოს სხვადასხვა მედია, მივიღოთ სხვადასხვა აზრი TVდან და გაზეთებიდან. "ჭეშმარიტად თავისუფალი" მედია ჯერ კაცობრიობას არ შეუქმნია. პუტინმა რაც შექმნა, ვიცით და ბატონი ბიძინა როგორ შექმნის, ვერ ვხვდები.
თანაც, მართალი გითხრათ, მე არ მჯერა, რომ ბატონი ივანიშვილი, რომელიც ჟურნალისტს ეუბნება, დავალებულ შეკითხვას სვამო, შექმნის თავისუფალ მედიას. ისევ პუტინი გამახსენდა, აკუნინი ქართველია და იმიტომაა ოპოზიციაშიო - თავი გაიმართლა იმის ნაცვლად, რომ აკუნინის პრეტენზიებისთვის გაეცა პასუხი.
იგივე გააკეთა ბატონმა ბიძინამაც, კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად, იქეთ შეუტია ჟურნალისტს, კითხვა დაგავალეს, და მე რომ მოვალ არ დაგავალებენო. ჯერ ერთი, ვთქვათ და დაავალა რედაქტორმა, რედაქტორს კიდევ ბოკერიამ ან მერაბიშვილმა, ეს ჰკითხეო. არ უნდა გაეცა პასუხი? თვითონ რომ მოსულიყო რედაქტორი და ეკითხა, იმას რას ეტყოდა? დებატებში რომ ჰკითხოს ბოკერიამ, არ გასცემს პასუხს? მეორეც, ასეთ ბრალდებას რატომ აყენებს? რა უფლებით? დაამტკიცებს? მესამეც, საიდან ვიცით, რომ თუ მოვა, არ დაავალებენ ჟურნალისტებს რამეს, ან პირს არ აუკერავენ? რაო, დავუჯეროთ? რატომ? თუ მისი თანაგუნდელებია ის ხალხი, სხვისი აზრის ტოლერანტობა რომ ახასიათებდათ?
მარტივი მაგალითი ავიღოთ: არჩევნები. ბატონმა ივანიშვილმა უკვე გადაწვიტა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მისმა მოძრაობამ (პარტიამ) თული უმრავლესობა არ მიიღო, არჩევნები გაყალბებული იქნება. თუ არ მეშლება, მოვისმინე ეს მისგანაც და მისი გუნდის წევრებისგანაც. და მერე ქუჩაშიც აპირებენს გასვლას, “სამართლიანობის” დასაცავად.
აბა ვინმეს თუ გაუგია, რა მექანიზმები შემოგვთავაზა ბატონმა ბიძინამ იმისთვის, რომ საკამათო აღარ გახდეს, არჩევნები გაყალბდა თუ არა? თუ ამნაირ მექანიზმს არ მთავაზობ, ვინმე ავთო ტყაბლაძემ რატომ უნდა დაგიჯეროთ თქვენ და არ დაუჯეროს მთავრობას? თუ თქვენ რომ ქუჩაში გამოხვალთ, ის ავთოც გამოვიდეს და ავტომატი დაიკავოს ხელში, ოღონდ თქვენს წინააღმდეგ?
შესთავაზეთ მექანიზმი მთავრობას, გვაჩვენეთ. და თუ არ მიიღო მთავრობამ ეს მექანიზმი, იქნებ, ის ავთო თქვენს მხარეს დადგეს. მე პირადად ვერ გავიგე, როგორ გააუმჯობსებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიულ ინსტიტუტებს საქართველოში და როგორ "შექმნის" ევროპელების გადასარევ დემოკრატიას. მის გარემოცვას რომ ვუყურებ, სულ ჩაწყობა-ჩალიჩით ცხოვრობდა ბევრი მათგანი და ამ სიბერეში რა ეტაკებათ ასეთი, რომ გადემოკრატდენ, არ მესმის.
ე.ი. ეკონომიკაში ან დემოკრტიის განვითარებაში რამე სასიკეთო ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.
ვნახოთ, როგორ გააუმჯობესებს ბატონი ბიძინა ჩვენი ქვეყნის საგარეო მდგომარეობას. ესეც დიდი პრობლემაა ჩვენთვის დღესდღეობით. ერთი რამ ამ კაცმა პატიოსნად განაცხადა, ტერიტორიული ერთიანობის პრობლემა რთულია და მარტივად არ გადაწყდებაო. ეს არის და ეს. დანარჩენის რა მოგახსენოთ.
თავიდან განაცხადა, NATO-ში ვერ შევდივართო, სხვა გზებზე გააკეთა აქცენტი. ხაზი გაუსვა თავის პირველ ინტერვიუში, რუსეთთან მოვახდენ ინტერესების თანხვედრასო. თუ ვინმემ არ იცის, ავუხსნი: საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელთანაც რუსეთი მისი ინტერესების თანხვედრას მოახდენს. ან გავაკეთებთ იმას, რაც რუსეთს უნდა, ან ვიქნებით რუსეთის მტერი. სხვა დანარჩენი სიბრიყვეა ან ტყუილი.
რომ არ მოეწონა ქართველ ხალხს NATO-ში არშესვლა და რუსეთში შეძრომა, უცებ გადათქვა ბიძინამაც და მისმა თანაგუნდელებმაც, უკვე აღარ ამბობენ "ამერიკას ისევ რუსეთი გვირჩევნიაო. უკვე NATO-ში შედიან. თანაც ამას გაიძახიან ყველგან და ყოველთვის, რა თემაზეც არ უნდა იყოს საუბარი. აი, მაგალითიც:
ელისო ჩაფიძეს, თურმე, დიდხანს ესაუბრა ბატონი ბიძინა და დაარწმუნა ეს პატიოსანი ქალი, რომ პროდასავლურ ორიენტაციაზე და NATO-ზე უარს არ ამბობდა. რომ არ დაერწმუნებინა, ქალბატონი ელისო ალბათ ჟურნალისტობას არ მიატოვებდა და პოლიტიკაში არ წავიდოდა. სასაცილოა, არა? წარმოვიდგინე, როგორ ეკითხება ელისო ჩაფიძე ბიძინას მის კაბინეტში, აბა მითხარი რას აპირებ NATO-სთან დაკავშირებით, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებო. რაში სჭირდებათ ეს კლოუნადა?
უფრო საინტერესო ხდება, როგორ აპირებს ეს ხალხი რუსეთთან ინტერესების თანხვედრას და იმავდროულად NATOში შესვლას?
მედვედევმა პირდაპირ განაცხადა, საქართველოს ომი იმისთვის დავუწყეთ, NATOში შევლისთვის ხელი რომ შეგვეშალაო. მედვედევს დიდი ჭკუა არ მოეკითხება, მაგრამ მაინც პრეზიდენტია სახელად. და მისი სიტყვები არ უარყვია არავის, რაც ხშირად ხდება ხოლმე, როცა ან ის ან პუტინი რაღაც სისულელეს წამოროშავენ. ნახევარი საათი ცდილობდა დავით პაიჭაძე ირაკლი სესიაშვილისგან გაეგო, როგორ აპირებდენ რუსთთან ურთიერთობის დალაგებას და თანაც NATOში შესვლას. ის კიდევ თუთიყუშივით იმეორებდა, ძნელი გასაკეთებელია, მაგრამ უნდა დავალაგოთ ურთიერთობაო. ბიძინა ივანიშვილის უშიშროების თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა ვერ მოახერხა ქართველი ხალხისთვის ეთქვა როგორ აპირებენ ამ ამოცანის გადაჭრას. რატომ? თუ იცი გზა, უთხარი შე კაი დედმამიშვილო ხალხს, მაგაზე უკეთეს რეკლამას რითი გაუკეთებ შენს მოძრაობას? ყველაზე კარგ დროს მოგცეს TV ეთერი. არ იცის. ე.ი. რა გამოდის, ატყუებენ ხალხს, რომ ეუბნებიან, რუსეთთან ურთიერთობას დავალებთო? თუ NATOში შევალთო?
თუ ვერ დაალაგებენ ურთიერთობას, ამაში კატასტროფას მე ვერ ვხედავ. არც დღესაა დალაგებული და ვცხოვრობთ. საშიში ის არის, რომ არ დაიწყონ რუსეთთან უაზრო მოლაპარაკება, რომელიც უფრო უარეს მდგომარეობაში ჩააგდებს ქვეყანას. საშიშია, რომ ბიძინას შეიძლება ჰქონდეს ილუზია, რუსებს მოველაპარაკებიო, და სულ დაღუპოს ქვეყანა.
ვინმე იტყვის, რატომ გგონია, რომ შენზე სულელია და ასეთი ილუზიები აქვსო.
ჯერ ერთი იმიტომ მგონია, რომ უკვე თქვა მაგ კაცმა, NATO შორსაა და სხვა გამოსავალი არსებობსო. ამას დაამატა მტკნარი სიცრუე ან სისულელე, რუსეთთან ინტერების თანხვდენას მოვახენო. რაც შეეხება ილუზიებს, არ გამიკვირდება ილუზიები და ფუჭი ოცნებები კაცისგან, რომელმაც „მენცარზე“ განაცხადა, მაგათზე ძლიერი ფსიქოანალიტოკოსების ჯგუფი არ არისო.
შემეძლო გამეგრძელებინა ეს წერილი, და მომეყვანა სხვა არგუმენტები, ფაქტები, მაგალითები. მაგრამ მე მგონი საკამრისი დავწერე იმისთვის, რომ გამგებმა გაიგოს, არც დემოკრატიის განვითარებაში, არც ეკონომიკაში, არც საგარეო პოლიტიკაში (რუსეთის პრობელმა), ივანიშვლის გუნდისგან რაიმეს გაუმჯობესებას არ უნდა ველოდეთ. და თუ გავითვალისწინებთ, როგორ ჰგავს მისი საინიციატივო ჯგუფი კომუნისტების დროს შეკრებილ აქტივს, მე მგონი დაქცევამდე უფრო მიიყვანს ქვეყანას.
რა არის ამ წერილის აზრი, რომ შევაჯამო? მე ვერ ვხედავ ვერაფერს ამ ადამიანში და მის გუნდში, რომ „ვაშა“ ვიძახო.
ვერ პირდებიან ვერაფერს, რომ ხალხმა მის მოძრაობას მისცეს ხმა. პირიქით, ძალიან ბევრ რეტროგრადს და გარეწარს ვხედავ მის ირგვლივ, სამწუხაროდ. აბა, დამისახელეთ, ერთი მაინც განსვავებული პუნქტი მათი პროგრამებიდან.
ეს ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ საპარლამენტო არჩევნების მოგების შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობა კი არ რჩება ძლაუფლებაში, არამედ იმ კაცის "პარტია", რომელიც მოიგებს საპრეზიდენტო არჩევნებს სააკაშვილის შემდეგ მისი გუნდიდან.
და ავტომატურად მოხდება მთავრობის გადახალისებაც. ასე რომ ბიძინა ივანიშვილის მოსვლის ნაცვლად თუ მოვიდა ბოკერია, მთავრობა ავტომატურად შეიცვლება. ვინ სჯობს, ბოკერია თუ ბიძინა, ამაზე ბევრი დავწერე. ბოკერია პოლიტიკოსია, პროფესიონალი, მოსწონს ვინმეს თუ არა. ივანიშვილი დილეტანტია, მე კი დილეტანტების მე მეშინია. თქვენი არ ვიცი. როგორც იტყვიან, Что хуже дурака? - Дурак с инициатиовой.
ავთო ტყაბლაძე, ბირთვული ფიზიკოსი (სანავთობო ინდუსტრია), აშშ.
კომენტარი