პოლიტიკურ ასპარეზზე ახალგაზრდა ლეიბორისტებიც გამოჩნდნენ
გასულ კვირაში ,,ლეიბორისტულმა პარტიამ” თავისი ახალგაზრდული ფრთის შესახებ გვამცნო, ესეც ერთ-ერთი იმ აქტივობებთაგანია, რომელიც პარტიის რეიტინგის ზრდას ემსახურება. ნაკლებად მინდა შეგახსენოთ იმის შესახებ, თუ როგორი რეპუტაცია აქვს აღნიშნულ პარტიას. პირადად შემხვედრია ადამიანები, რომელთათვისაც ეს პარტია არის: რადიკალურის, ხელისუფლებასთან შეკრულის, პროლეტარული აზროვნების, დემოკრატიული ან ,,მოღალატეთა” იმიჯის. ,,რამდენი თავიცაა, იმდენი აზრია”,-უთქვამთ ძველ ლათინებს. ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება და ამ სტატიით ვერანაირად ვერ შევცვლი ,,ლეიბორისტების” იმიჯს მკითხველის თვალში.
ამჯერად გთავაზობთ ,,ლეიბორისტების” ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთ ლიდერთან ინტერვიუს. ინტერვიუერი 19 წლის ირაკლი ყიფიანი გახლავთ.
-სულ ახლახან გამოჩნდა ასპარეზზე ლეიბორისტული ,,ახალგაზრდული”, რატომ არ შეიქმნა აქამდე იგივე, როცა ბევრ პარტიას ახალგაზრდული ფრთა საკმაოდ იგივე აქვს, თუნდაც ქრისტიან-დემოკრატებს, რომელიც ერთ-ერთი ,,ახალგაზრდა” პარტიაა?
- ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ნაწილი დღემდე სტრუქტურულად ცალკე არ იყო გამოყოფილი და მთლიანად მოქმედებდა პარტიის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე და არ იდგა დღის წესრიგში მისი ცალკე სტრუქტურულად გამოყოფის აუცილებლობა. ახლახან გადავწყვიტეთ, რომ მოხდეს მისი სტრუქტურირება. იგი გააგრძელებს ბრძოლას დაწყებული აქტიური და დამოუკიდებელი ფორმატით, რომელიც არ შეეწინააღმდეგება პარტიის იდეოლოგიას და მთლიანად დაემორჩილება პარტიის წესდებას.
- თუ გაქვთ გაწერილი სამოქმედო გეგმა და აქტივობები, რომელთაც განახორციელებთ?
- სამოქმედო გეგმა მთლიანად ჯდება პარტიის სტრატეგიაში და მოიცავს ახალგაზრდების უფლებათა დაცვას. სოციალურ საკითხებზე იქნება ძირითადი ორიენტირი(განათლება, ჯანმრთელობის დაცვა და ასე შემდეგ), რომლის გარეშეც მოხდება გენოციდი. ჩვენ არ დავუშვებთ ახალგაზრდების დეპრესირებას, კრიმინალიზაციას, პესიმიზმსა ან საზღვარგარეთ გადინებას.
-რატომ დაიწყეთ მაინცდამაინც უმაღლესი განათლების საფასურის გაპროტესტებით? იქნებ ამით გათვლას აკეთებთ ყველაზე აქტიურ ფენაზე -სტუდენტობაზე? თქვენი პირველი აქტივობა სწორედ ეს გახლდათ.
- იმიტომ, რომ სტუდენტთა აბსოლუტურ უმრავლესობას, ვინც არ არის მატერიალურად უზრუნველყოფილი ოჯახიდან, ეს საკითხი მნიშვნელოვნად აღელვებს. რა თქმა უნდა, პარტია, რომელიც აქტიურ ფენებზე გათვლას არ აკეთებს, მან უნდა დაამთავროს თავისი არსებობა.
-როგორ გესახებათ პარტიული პერსპექტივები ისეთი პოლიტიკური ძალების ფონზე, როგორიცაა ,,ნაციონალური მოძრაობა” და ,,ქართული ოცნება”?
- ჩვენთვის არცერთი პოლიტიკური ძალა არ არის, არცერთი არ ეყრდნობა იდეურ ღირებულებას, ერთი წარმოადგენს დიდ ფიზიკურ ძალმომრეობას, მეორე -ფინანსურს.
-როგორი იქნება ახალგაზრდული ფრთის სტრუქტურა და რეგიონალური დაფარვა?
-ჩვენი ,,ახალგაზრდული” მიბმულია პარტიულ სტრუქტურაზე, თუმცა ცენტრში შეიქმნა მაკოორდინებელი რგოლი - გენერალური საბჭო.
-როგორ აპირებთ ლეიბორისტული პარტიის იმიჯის ზრდას?
-ლეიბორისტულ პარტიას იმიჯი არასოდეს არ აკლდა, მაგრამ მისთვის საინფორმაციო საშუალებები მრავალი წელია დახშულია და ფაქტიურად თოქ-შოუები ლეიბორისტებისთვის დახურულია. რასაც აუცილებლად მოვაგვარებთ.
-როგორ აფასებთ თქვენი პარტიიდან წასული ცნობილი სახეების საქციელს?
-დიდი და ავტორიტეტული პარტია ნიშნავს იმას, რომ მასში შედის ბევრი და გაედინება ნაკლები. შემოსვლა და გასვლა თავისუფალია, მას არ სჭირდება არანაირი შეფასება.
-რომელი ადამიანური რესურსებია ყველაზე მისაღები პარტიული ინტერესებისთვის?
-ჩვენი საყრდენი არიან უანგარო ადამიანები, რომლებიც არ იყიდებიან ფულზე. არ უფრთხილდებიან საკუთარ მდგომარეობას ქვეყნის საზიანოდ და ტაშს არ უკრავენ მლიქვნელურად ხელისუფლებას.
-როგორ შეაფასებდით იმ ფაქტს, რომ ლეიბორისტებს ძალიან რადიკალურ პარტიადაც თვლიან და ამავდროულად ხელისუფლების თამაშის მონაწილე ძალადაც?
-ოპონენტებმა კარგად იციან „პიარის შავი სიბრძნე“ იმის შესახებ, რომ თუ მოწინააღმდეგეს დააბრალებ იმას, რის წინააღმდეგაც თავგანწირული იბრძვის, მას თავის მართლების მდგომარეობაში გადაიყვან. ამდენ თავისმართლებას არ ვაპირებთ. რაც შეეხება რადიკალიზმს, დიახ, ქვეყნის ინტერესების დაცვაში რადიკალურები ყოველთვის ვიქნებით...
კომენტარი