საქართველოში „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდა
დღეიდან „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდება. მოქალაქეები მწვანე პასპორტით შესვლას შეძლებენ: სასტუმროებში და განთავსების სხვა ადგილებში, კვების დაწესებულებებში, კინოთეატრებში, თეატრებში, საკონცერტო დარბაზებში, ოპერაში, გასართობ ობიექტებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ადგილებში, სპა ცენტრებსა და ფიტნეს დარბაზებში და სამთო კურორტების საბაგიროებზე. მონიტორინგს კი, შერჩევის პრინციპით, გასწევს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური, შსს-ს და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და სურსათის ეროვნული სააგენტო. ობიექტზე არა მწვანე სტატუსის მქონე პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას. წესის დარღვევის შემთხვევაში, სანქცია იურიდიული პირისთვის შეადგენს 10 000 ლარს, ინდმეწარმისთვის - 2 000 ლარს. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში ობიექტი დაილუქება. მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს: არის სრულად ვაქცინირებული; გადატანილი აქვს კოვიდ-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე; ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი; ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი.
კომენტარი