გული მტკივა, რომ ამ სიტყვების თქმა მიწევს - ასე ემშვიდობებიან კახი კავსაძეს კალაძე, ღარიბაშვილი, თალაკვაძე და ნიკოლოზ ბასილაშვილი
სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეული სახალხო არტისტს დღეს მთელი საქართველო ემშვიდობება.
„ლეგენდარული დონ კიხოტი, საამაყო ადამიანი, სიცოცხლის, სიკეთის და ნიჭიერების მატარებელი კახი კავსაძე წავიდა. ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს და მთელ საზოგადოებას. ნათელში განისვენოს!“, – წერს თალაკვაძე.
„ვწუხვარ და გული მტკივა, რომ ამ სიტყვების თქმა მიწევს – კახი კავსაძე, ყველასთვის საყვარელი ადამიანი, გამორჩეული, კოლორიტული მსახიობი, საპატიო თბილისელი, უბრალოდ, ჩვენი უფროსი მეგობარი აღარ არის.
კაცი, რომელმაც არა მარტო თავისი არაჩვეულებრივი როლებით და არტისტიზმით, არამედ უპირველესად საკუთარი ღირსებით, პიროვნული ხიბლით სამუდამო კვალი დატოვა.
ძნელია, ვიპოვო სანუგეშო სიტყვები მისი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, თანაქალაქელებისთვის. ვიზიარებ მთელი საქართველოს მწუხარებას!“, – წერს კალაძე.
„ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს კიდევ ერთმა დიდმა ქართველმა დაგვტოვა. გარდაიცვალა ნამდვილი სახალხო არტისტი, ყველა თაობის ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებულად საყვარელი, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მსახიობი კახი კავსაძე. მისი დაუვიწყარი როლები საყოველთაო აღიარებას იმსახურებს ყველა თაობაში, სწორედ ამიტომაც ის ქართველმა ხალხმა ყველაზე დიდი ჯილდოთი – უდიდესი სიყვარულით დააჯილდოვა.
ვუსამძიმრებ ამ დიდი ადამიანის და მსახიობის გარდაცვალებას მის ოჯახს, ახლობლებს, მთელ ქართულ საზოგადოებას“, – წერს ღარიბაშვილი.
„უდიდესი ქართველი არტისტი, კახი კავსაძე, ადამიანი, რომლის გამოჩენასაც ყოველთვის დიდი სიხარული და იმედი მოჰქონდა. ვწუხვარ. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და სრულიად საქართველოს,- წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი.
ცნობისთვის, 85 წლის ასაკში სახალხო არტისტი კახი კავსაძე გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმე კვირიანი მკურნალობის შემდეგ, ის ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო.
კომენტარი