ლატვიის ნაკრებთან დღევანდელ შეხვედრას დაახლოებით 20 ათასი გულშემატკივარი დაესწრება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს. ბილეთები იყიდება როგორც მიხეილ მესხის სახელობის, ასევე ეროვნული სტადიონის სალაროებში. სულ 19 ათასი ბილეთია დაბეჭდილი და აქედან უმრავლესობა უკვე გაყიდულია. თავდაპირველად გამოცხადდა, რომ ბილეთები მხოლოდ 16 საათამდე გაიყიდებოდა, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვეტილება შეცვალა და ბილეთების შეძენა მატჩის დაწყებამდე იქნება შესაძლებელი. მიხეილ მესხის განახლებული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე იყიდება გულშემატკივართათვის გათვალისწინებული სუვენირები და ატრიბუტიკა. სტადიონთან უკვე იკრიბებიან საქართველოს ნაკრების ფან–კლუბის წევრები. ქომაგები მაყურებლებს მოუწოდებენ, რომ თეთრ და წითელ ფერებში გადაწყვეტილი, ეროვნული ნაკრების მაისურები ჩაიცვან.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მინდვრის საფარი დაახლოებით ორი კვირის წინ შეიცვალა, განახლებულია მაყურებელთა პერსონალური სკამები. ნაკრები ამ სტადიონზე პირველ ოფიციალურ შეხვედრას ატარებს.
დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება და ტრანსლირებული იქნება “საზოგადოებრივ მაუწყებელზე”.
კომენტარი