სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა სპექტაკლი გაითამაშა ოჯახთან ერთად ივანიშვილმა და რა სცენარი გადაეგზავნა უტა ივანიშვილს?

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ მისი უფროსი შვილი, უტა ივანიშვილი პოლიტიკური ლიდერი უნდა გამხდარიყო, ინსცენირებული იყო.
როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსულ "ფორბსთან" ინტერვიუში განაცხადა, 2011 წლის 7 ოქტომბრამდე, მისი პირველი განცხადების გაკეთებამდე სამი დღით ადრე, მან ოჯახთან ერთად გაითამაშა სპექტაკლი, თითქოს მისი უფროსი შვილი აპირებდა პარიზიდან ჩამოსვლას და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას.
"მათ რომ გაეგოთ, რომ მე ამ განცხადების გაკეთებას ვაპირებდი, ამის საშუალებას არ მომცემდნენ, მაშინვე მომკლავდნენ. საჭირო იყო მათ გაეგოთ, რომ ჩემი სიკვდილის შემთხვევაში, ჩემს ადგილს, ჩემი შვილი დაიკავებდა. უნდა დაგვერწმუნებინა ისინი, რომ უტა შეძლებდა ოპოზიციის ლიდერად გახდომას. ვინ იყო უტა-აქ არავინ იცოდა. ის ცხოვრობს პარიზში, სწავლობს უნივერსიტეტში. უტა მშვიდია, ბუზს არ აწყენინებს, განსხვავებით ბერასგან. ბერას ისინი კარგად იცნობდნენ. მას ემუქრებოდნენ, თუმცა მას არაფრის არ ეშინია.
მე და ჩემმა მეუღლემ სანდო ხალხის მეშვეობით უტას გადავუგზავნეთ სცენარი, რომლის მიხედვით, ის უნდა მოქცეულიყო ჩემი განცხადებების ანალოგიურად. იმ შემთხვევაში, თუ ამ განცხადების გავრცელებას მე საქართველოში ვერ შევძლებდი, ამას გაახმაურებდნენ საინფორმაციო სააგენტოები პარიზში და შვეიცარიაში.
სცენარის შესაბამისად, უტამ დამირეკა და მითხრა, რომ თუ მე არ ვაპირებდი პოლიტიკაში წასვლას, ის დაბრუნდებოდა პარიზიდან და დაიწყებდა ბრძოლას. მე ვყვიროდი, რომ ის სულელია, ვცდილობდი გადამეფიქრებინა მისთვის ამის გაკეთება, ვპირდებოდი, რომ ჩავიდოდი პარიზში და იქ დავილაპარაკებდით. ის მპასუხობდა, რომ არც კი შემხვებოდა პარიზში და არ დამელაპარაკებოდა, თუ მე ქვეყანას მივატოვებდი და წავიდოდი. ჩვენი ეს საუბრები, რა თქმა უნდა, ისმინებოდა",-განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მისთვის ცნობილი იყო, რომ ჰოლდინგ "ქართუს" პრეზიდენტი, გიგა ჩრდილელი აგენტი იყო და უტასთან ამ საუბრის შემდეგ, მან ჩრდილელეს შესჩივლა, რომ შვილს ვერაფერს უხერხებდა და უტა მას პარიზში ჩასვლას უკრძალავდა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, გიგა ჩრდილელთან მოილაპარაკა, რომ ის წავიდოდა მის მაგივრად პარიზში და მოახდენდა მისი შვილების ანგარიშების დაბლოკვას მისი მინდობილობით.
"აქ უკვე თამაშში ჩემი მეუღლე ჩაერთო-მან დაურეკა უტას და გაბრაზებულმა უთხრა, რომ მე მისი ანგარიშების დაბლოკვას ვაპირებდი. უთხრა-მამაშენი დაბერდა, ყველაფრის ეშინია, მისცა მინდობილობა ვიღაც ნაძირალას, რომ დახუროს შენი ანგარიშები. უთხრა, ჩამოდი, მე დაგიჭერ მხარს. ამის შემდეგ, მე დავურეკე გიგას და ვუთხარი, რომ აზრი არ ჰქონდა უტას ანგარიშების დაბლოკვას, რადგან ჩემი ოჯახი წავიდა ჩემს წინააღმდეგ. ვუთხარი, რომ არსად წასვლას არ ვაპირებ და დაველოდები აქ ჩემს შვილს", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, მეორე დღეს, მან ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც იმ დროს მისი საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი იყო, გაგზავნა ჰოლდინგ "ქართუს" პრესსამსახურში, რომელსაც კონტაქტები ჰქონდა საინფორმაციო სააგენტოებთან.
"ირაკლიმ მას სთხოვა, რომ განცხადება გადაეგზავნა საინფორმაციო სააგენტოებისთვის. პრესმდივანმა უარი თქვა იმ მოტივით, რომ უნდა გაევლო კონსულტაციები უშუალოდ გიგა ჩრდილელთან. მაშინ ირაკლიმ დამირეკა მე და ყურმილი გადასცა პრესმდივანს. მე ვუთხარი მას, რომ ჩემთვის უნდა მოესმინა, რადგან მე ვიყავი ამ ჰოლდინგის მფლობელი", - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, საბოლოოდ პრესმდივანმა მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა და მისი განცხადება სააგენტოებმა მიიღეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100