"პუტინი ახალ ხაფანგს ამზადებს" - რას ელოდებიან დიდი რუსული სტუმრიანობის შემდეგ სომხები: კრემლის ტრიოს ერევანში ვიზიტის დეტალები
სომხეთში, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის ფონზე, 23 ნოემბერს, ОДКБ (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) სამიტზე დასასწრებად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩავიდა, სადაც სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანი პირადად დახვდა. როგორც სომხური მედია წერს, გუშინვე ერევანში ჩავიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, წინა ღამეს კი - სომხეთის დედაქალაქს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი. სომხური მედიის მიერ გვიან ღამით გავრცელებული ცნობების თანახმად, პრემიერ-მინისტრმა დაგმო ОДКБ -ს რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნაზე "ზანგეზურის დერეფნის" გახსნასთან დაკავშირებით. ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზად არის კომუნიკაციების გახსნისთვის, მაგრამ წინააღმდეგია გახსნას “კორიდორი”, რომელზეც სომხეთის კი არა, აზერბაიჯანის სუვერენიტეტი გავრცელდება. "რუსეთი ტერორისტია! მისი ადგილი სომხეთში არ არის! პუტინ წადი სომხეთიდან! რუსეთი მტერია! ОДКБ მტერია!" ამგვარი შეძახილები გუშინ ერევანში მთავარ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში არ შეწყვეტილა. ადგილობრივები მთავარ მოედანზე სომხეთის, საფრანგეთის, ევროსაბჭოსა და მთიან ყარაბაღის დროშებით ხელში იდგნენ. რადიო Азатутюн-ის წერს, რომ პატრუშევი, ლავროვი და პუტინი ერევანში ანტირუსული გამოსვლების ფონზე მაინც ჩავიდნენ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთს სომხეთი სჭირდება, რადგან სჭირდება გავლენები და მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში... ამ ეტაპზე, მხოლოდ ის ცნობები ვრცელდება, რასაც მხარეები საჭიროდ თვლიან საჭიროდ, მაგრამ ერთი რამ მაინც გაირკვა - ფაშინიანი უკმაყოფილოა, მეტიც, გაბრაზებული, რადგან "კრემლის ტრიომ" მას ფაქტობრივად კაპიტულაციაზე ხელის მოწერა მოსთხოვა... სომხეთში დიდი რუსული სტუმრიანობა შემთხვევითი არ არის. როგორც ჩანს, რუსეთი საფრთხეს გრძნობს - სამხრეთ კავკასიის დაკარგვის საფრთხეს... ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ის ნდობის დაბრუნებას ცდილობს და იცის, რომ სომხეთის დაკარგვით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის არსებობასაც უქმნის საფრთხეს. გრძნობს, რომ ბევრი მიმართულებით სუსტდება მისი პოზიციები, მაგრამ როგორც ვრცელდება ინფორმაცია, დათმობას და სიტუაციის დალაგებას კი არა, ახალი ინტრიგების ხლართვას აპირებს და პირველი ცნობები გავრცელდა არცახის მიმართულებით... "რუსეთში იციან, რომ ქვეყანაში ანტირუსული განწყობები ძლიერდება და მოსახლეობა სომხეთის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლას ითხოვს. ამიტომ საუკეთესო გამოსავალია შიდა დაძაბულობა. სხვა შემთხვევაში, პრობლემების მოგვარების გზა გამოინახება, ყინული დაიძვრება და რუსეთი დომინანტის როლს დაკარგავს. ОДКБ ხომ რუსეთის მიერ დომინირებული სამხედრო ბლოკია, რომლის მიზანიც ვითომ წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების დაცვაა, ოღონდ ყველაფერს პირიქით აკეთებს" - ამბობს სომეხი ბლოგერი ჰასმიკ აბრამიანი AMBEBI.GE-სთან საუბარში. სომხური გამოცემა newsarmenia.am-ის ცნობით, 23 ნოემბერს გამართულ სამიტზე, ფაშინიანმა ალიანსის მხრიდან დახმარების ჩავარდნაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის თქმით, სამწუხაროა, რომ სომხეთის წევრობა ორგანიზაციაში აზერბაიჯანის აგრესიულ ქმედებებს არ აკავებს. "აქამდე ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ აზერბაიჯანის აგრესიას სომხეთის წინააღმდეგ... ამას მე სომხეთის თავმჯდომარეობის მთავარ ჩავარდნად მივიჩნევ" - აცხადებს ფაშინიანი. პასუხად პუტინმა განაცხადა, რომ ОДКБ-ს პრობლემებზე კამერების გარეშე უნდა ესაუბრათ. სომხების მოსაზრებით კი, ეს ნიშნავს, რომ პუტინი ისევ აფათურებს, ყოველ შემთხვევაში, ცდილობს, სომხეთის შიდა და საგარეო პოლიტიკაში ხელები აფათუროს და საჭე მისთვის სასურველ მხარეს გადასწიოს... რუსეთი სამხრეთ კავკასიაში ახალ ხაფანგს ამზადებს... "პუტინი სომხეთს სტუმრობს და იმავდროულად, არცახის პრეზიდენტის არაიკ არუთინიანის ხელისუფლება რუბენ ვარდანიანს გადასცა. არადა, არუთინიანმა ეს ესაა 6 მინისტრი გაათავისუფლა... პუტინის ნაბიჯი ნიშნავს, რომ არცახში ძალაუფლებას რუსეთიდან ჩამოსული ოლიგარქი იღებს ხელში... ტოტალური მმართველობის ვარდანიანისთვის გადაცემით რუსები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ იქაურობას ისინი აკონტროლებენ და დემოკრატიის გარეშე სომხები დაცულები არიან... პროპაგანდა უკვე დაწყებულია - რუსები არცახის აზერბაიჯანისთვის დათმობაში დასავლეთს ადანაშაულებენ და სტატუს-კვოს პირობებში ანტიდემოკრატიულ ალტერნატივას სთავაზობენ. პუტინი-ლავროვი-პატრუშევის ტრიო სომხეთში იმყოფებოდა, მაშინ, როდესაც ეს სამი რუსი ჩინოვნიკი იშვიათად დადიან ერთად, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სომხეთი მათ მნიშვნელოვან გეგმებში შედის... რუსეთი ახალ ხაფანგს ამზადებს. ამიტომ ჩავიდა პუტინი სომხეთში" - წერს ადგილობრივი ანალიტიკოსი რაფი პაპაზიანი. სომეხი სამოქალაქო აქტივისტები და ანალიტიკოსები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ეს 2020 წლის ყარაბაღის მეორე, 44-დღიანი ომის შემდეგ, პუტინის პირველი ვიზიტია სომხეთში... ის, რომ ვითარება შეიცვალა რუსეთის პირველი პირების უხვი სტუმრიანობითაც ჩანს. სოციოლოგი კარეს სარგსიანი მიიჩნევს, რომ ბოლო თვეებში პოლიტიკური ძალები, რომელთაც გარშემო ადგილობრივი მოსახლეობა შემოიკრიბეს, ერთი იდეით გაერთიანდნენ - სომხეთი გავიდეს რუსეთის გავლენიდან. "ჩვენ უნდა დავტოვოთ ОДКБ. ამ პროცესის ინიციატივა სომხეთმა უნდა დაიწყოს და არ უნდა დაელოდოს, ორგანიზაცია როდის დაიშლება. ძალიან ძვირს გადავიხდით, თუ ამ ორგანიზაციაში დავრჩებით. სომხეთმა თავის მოტყუების პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს, ასევე უნდა შევიწყვიტოთ რუსეთთან იმ პუნქტების ხელმოწერა, რომელიც სომხეთის სუვერენიტეტს ზღუდავს" - ამბობს კარეს სარგსიანი. პოლიტოლოგ რუბენ მეჰრაბიანის შეფასებით, ალიევი ცდება თავის შეფასებაში როდესაც ამბობს, რომ აზერბაიჯანს მეტი მხარდამჭერი ჰყავს ОДКБ-ში, ვიდრე სომხეთს, სინამდვილეში სომხეთს არანაირი მეგობრები არ ჰყავს ორგანიზაციაში და არც შეიძლება ჰყავდეს, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ამ ორგანიზაციის წევრებმა სომხეთის სტუმართმოყვარეობის შესახებ იციან და "ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლას ამიტომაც რისკავენ". "სინამდვილეში, ეს ორგანიზაცია სომხეთის მთავარი საფრთხეა. არც ერთი მასში შემავალი არ აპირებს სომხეთის პრობლემის დახმარებას, რადგან მათი ინტერესების მის მოგვარებას ეწინააღმდეგება... ამიტომ სომხეთმა ОДКБ უნდა დატოვოს" - ამბობს მეჰრაბიანი.
კომენტარი