ცინიკოსი ბლოგერის ცინიზმისგან თავისუფალი პოსტი სიყვარულზე
ეს ის დილაა, რომელიც არ იწყება გადახლართული ფეხების ფერთა კონტრასტით… თუმცა წარმოსახვა ჩვეულ დილებზე გაცილებით მძაფრია. თითქოს რომელიღაც, ძველი, მეტისმეტად სენტიმენტალური წიგნის პერსონაჟები ვართ,რომელიც ამავე რომანიდან განგვდევნეს და მოვხვდით იქ, სადაც არ უნდა ვიყოთ. ან იქნებ სწორედ იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ, გასაღებების აცმა ხელში გვიჭირავს და უბრალოდ გვეზარება ცხვირწინ აღმართული კარისთვის შესაბამისი მათგანის მორგება?
ეს კიდევ ერთი დილაა… როცა მე კედლისკენ ვტრიალდები და ამავე წიგნისთვის უკვე შეუფერებელი სიცივით ვიშორებ ზურგზე მოკრულ დამნაშავე სხეულს. საწყენია ისიც, როცა გწყინს მისგან ის, რაც შეიძლებლოდა თავადაც გაგეკეთებინა, შემდეგ საკუთარ თავთან მოდიხარ კონფილიქტში, საკუთარივე არასამართლიანობის გამო… მერე გებრალება, ისიც, შენც, ორივე ერთად და ცალცალკე…
ყველაზე დრამატული და ნეგატიური ემოციებით დახუნძლული – ეს აგრესიაა, დამნაშავე ობიექტის გარეშე, როცა საბოლოოდ ისევ საკუთარი ორგანიზმის დასჯა გიწევს, ალკოჰოლის წვეთოვანი ჯერით! მერე, მოჩვენებითი იდილია დაისადგურებს, მორიგ გამოფხიზლებამდე…
ნეტა რა ხდება „იქ“? არასაკმარისი არგუმენტაცია მაქვს საკუთარი თავის დასარწმუნებლად იმაში, რომ არ მაინტერესებს, თუმცა ჩემივე, მისკენ ჩუმად გაპარებული მზერაც მწყინს… მოკლედ, არასაკმარისი ჯერია დოპინგის, მეც საკუთარ თავს მორიგ დუელში ვიწვევ – მძიმე და მწარე „შოთების“, ყურით მოთრეული მიზეზებით…
ამ დროს ყველაზე კარგი სახლში ყოფნაა და სევდიანი ფილმით ცრემლების „გაპრავებაც“ საუკეთესო გამოსავალი, თუმცა როცა არც ფილმია და არც გაპრავება, ყელში გაჩრილი ბურთი ჰაერის ღრმა ნაფაზებით ისევ უკან უნდა ჩააბრუნო. საშინელი პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამავე ბურთს სხვა, შენთვის საყვარელ ყელშიც ხედავ გაჩრილს…
გულისრევის შეგრძნება მაქვს… თითქოს შეგნებულად ვჭამე ძალიან ბევრი, უვარგისი საკვები და მინდა, რომ ფიზიოლოგიური მიზეზი მქონდეს ცუდად ყოფნის, შემდეგ გაცილებით თამამად, ღიად გამოვაცხადებდი ვაკანსიას მომვლელზე და ნუგეშზეც ვიმათხოვრებდი გარშემომყოფებში, მაგრამ…
გუშინ საღამოს, მინდოდა, რომ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დასრულებულიყო, არა იმიტომ, რომ რამემ თავისი თავი ამოწურა, უბრალოდ მინდა, რომ ბედნიერების პიკზე შეწყდეს ყველაფერი, სანამ ნელი ან სწრაფი ტემპებით ისევ საწყის ნიშნულს დაუბრუნდება… მინდა ასე მძაფრად და ემოციურად დარჩეს ყველაფერ ჩემს და მის წარმოსახვაშიც…თუმცა ეს ყველაზე ცუდი თამაში იქნებოდა, მესამე პირში, არ შემიძლია, საკუთარი მელანქოლიური კმაყოფილებისთვის სხვისით მანიპულირება…
დღეს მივხვდი, რომ ასე მარტივად ვერ გავიმარჯვებ საკუთარ თავთან ბრძოლაში, რადგან მეც ძლიერი ვარ და მეორე მეც… და იმასაც მივხვდი, რომ იდეალისტური გარემო ყველაზე წარუმატებელი ადგილია ემოციების სიმძაფრეში დასარწმუნებლად. რომ არა ეს დეპრესიული ფონი, ნეტა კიდევ რა დრო დამჭირდებოდა იმაში ჩამოსაყალიბებლად, რომ მიყვარს? ან იმაში, რომ ვუყვარვარ? და რა ბანალურია ეს ყველაფერი, როცა მეტაფორული ემოციებიდან ერთი ხელის მოსმით – გვირილით ხელში, მინდორში წამომჯდარ საპნის ოპერის გმირობაში ვინაცვლებთ?
და ოთახში შემოდის მორიგი მსახიობი, უნიჭოდ გათხაპნილი გრიმით და მოჩვენებითი მხიარული ნიღბით, რომელსაც სძულს საკუთარი თავი სიყალბის გამო… რა იქნება, რომ შეეძლოს აქვე, ყველას თანდასწრებით იყვიროს და შემდეგ ჩურჩულით დაამატოს, რომ მეტი აღარ შეუძლია?! თუმცა ბედნიერება პრივატულობაშიც არის, არის რა – გაცილებით მეტია, როცა ექსკლუზივით იკვებები და ეს ემოციურ ორგაზმს განიჭებს…
დღეს ის დილაა, როცა სიშორით ვერ ვტკბები და შეგნებულად ვწელავ თვალების გახელის პროცესს, რის შემდეგაც, უბრალოდ დავინახავ, რომ ვეღარ ვიღვიძებ მზისგან გაყავისფერებული, ოდნავ თმიანი (ჩემი) კანის და გლუვი სითეთრის სინთეზში…
რომ ნახევრად მძინარეს, არავინ მპარავს კოცნას ბეჭებიდან, ყელიდან და სახიდან… თითებიც აღარ დამთამაშებენ სახეზე და ტუჩებზე და მეც ხელის აქნევით არ ვიშორებ, ძილის პროცესის გახანგრძლივების მიზნით.
თუმცა ეს ყველაფერი დროებითია და მოჩვენებითი, ისევე, როგორც სამყარო, ბედნიერება, მელანქოლია და სხვა ყველაფერი… დროებით გემშვიდობებით, თქვენც და ამ მეტაფორულ სამყაროსაც და რეალობას ვუბრუნდები.
ან ვერ ვუბრუნდები… ვერც ვაცნობიერებთ, როდის გადაიზარდა ფიზიკური კმაყოფილება ქიმიურ ჯადოქრობაში. ეს ის ნარკოტიკია, რომელიც ერთი შეხედვით არა ჰალუცინოგენურია და შენც ნელნელა ეპარები, მერე ხვდები, რომ ღრმად შეტოპე… და შენს დამოკიდებულებაზე მეტად მისი გაშინებს და მედლის ორივე მხარეც, რომლის მიხედვითაც: ნარკომანიც ხარ და ნარკოტიკიც.
მე მქვია გურამი.
და მე ნარკომანი ვარ.
წყარო: http://guramsherozia.com/
კომენტარი