სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მანანა ნაჭყებია: ოპოზიციას უნდა ჰქონდეს იმის შეგნება, რომ აღლუმის აღნიშვნას ხელი არ შეუშალოს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აუცილებლად უნდა აღინიშნოს. რა ფორმით, პომპეზურად, უზარმაზარი სამხედრო აღლუმით თუ როგორ, ამასთან დაკავშირებით შასაძლოა სხვადასხვა შეხედულებები გვქონდეს, მაგრამ ოპოზიციის მიერ აღლუმის ხელის შეშლა ან ამ დღის არ აღნიშვნა სწორი არ იქნება.

ოპოზიციას კი უნდა ჰქონდეს იმის შეგნება, რომ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასი დღის - აღლუმის აღნიშვნას ხელი არ შეუშალოს“, - განაცხადა „დრონი. ჯი“-თან საუბრისას, ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა, მანანა ნაჭყეპიამ.

- არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება, როგორ აფასებთ არსებულ მდგომარეობას და თქვენი კანდიდატის გამარჯვების შანსებს, იმ ფონზე როდესაც გამოკითხვების შედეგებით უგულავა ლიდერობს?

- ჩვენი კანდიდატის გამარჯვების შანსებს და იმას თუ ვის აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი მალე დავინახავთ. ამბობენ, ოპოზიცია რადგან ერთიანი კანდიდატით ვერ გადის არჩევნებზე, გამარჯვების ნაკლები შანსი აქვსო, რასაც არ ვეთანხმები.

ცივილიზებულ და ნორმალურ ქვეყანაში წინასაარჩევნოდ უნდა არსებობდეს რამდენიმე სხვადასხვა მიმართულების და იდეოლოგიის პლატფორმაზე მდგომი კანდიდატი, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს საშუალება ამ სხვადასხვა მიმართულების პოლიტიკური ძალებიდან ამოარჩიოს მისთვის სასურველი.

ვერ ვხვდები რატომ არის საქართველოსთვის ეს მიუღებელი და რატომ ცდილობს ხელისუფლება დათესოს გარკვეული სტერეოტიპი, რომ ერთ მხარეს უნდა იყოს ხელისუფლება, როგორც ერთი გუნდი და მეორე მხარეს უნდა იდგეს მთელი ჭრელი ოპოზიცია და ეკლექტიკური გაერთიანება უნდა შეიქმნას ამ ოპოზიციით.

ერთი პერიოდი ხელისუფლებამ მოახერხა ოპოზიციის, ასე ვთქვათ, პროვოცირება და ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის ჩვენც, წამოვეგეთ ხელისუფლების პროვოცირებულ თემას და ვთქვით, რომ აუცილებელია გაერთიანება.

სწორედ ამ გაერთიანებამ დათესა გარკვეული ნიჰილიზმი საზოგადოებაში, რადგან ეს იყო წინასწარ განწირული ერთობა. ამ ერთობაში იყო ნამდვილი ოპოზიცია და ასევე აქ იყვნენ შემოსული პოლიტიკური ძალები და სუბიექტები, რომლებიც იმართებოდნენ ხელისუფლების მხრიდან.
- რომელ ძალებს გულისხმობთ?
- მოდით, არ დავაკონკრეტებ, საზოგადოებამ ეს მშვენივრად იცის. ვიმეორებ, აღმოჩნდა რომ გარკვეული ძალები ხელისუფლებასთან თანამშრომლობდნენ. ხელისუფლებას აქვს უამრავი რესურსი, რომ თავად შექმნას პოლიტიკური პარტიები და შემდეგ ოპოზიციას მოუწოდოს ამ პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანება.

გადახედეთ ქალაქს, ვისი ბილბორდებია გამოკრული, რა ჯდება თითო ბილბორდი და საიდან აქვს ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას და მერობის კანდიდატს იმდენი თანხები, რომ ბილბორდები გამოაკრას. აქ აშკარად ხელისუფლების ხელი ურევია და ისინი ხელისუფლების შემოგზავნილი კანდიდატები არიან, რომლებიც რეალურ ოპოზიციას ხმებს გაუყოფენ.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ, ჩვენი პრინციპებიდან არასდროს გადავუხვევთ და ეს საზოგადოებამაც დაინახა მაშინ, როდესაც ხელისუფლებას ჰქონდა მცდელობა, რომ ჩვენ, ყველანი ერთად დავმდგარიყავით და ნოღაიდელი სატყუარას როლში გამოეყენებინა და შემდეგ მთელი ოპოზიცია ნოღაიდელთან ერთად ჩაერეცხა. ჩვენ გვეყო გონიერება, რომ იგივე შეცდომა არ გაგვემეორებინა და სრულიად სხვადასხვა ბანაკებში აღმოვჩნდით კიდეც.

- თუმცა, „ეროვნული საბჭო“ თვლის, რომ მათ გარეშე გამარჯვება შეუძლებელია და ეს თქვენი მისამართით იყო ნათქვამი...

- ვის გარეშეა გამარჯვება შეუძლებელი ამას არჩევნების შედეგები დაგვანახებს. „ეროვნულმა საბჭომ“ თავისი არჩევანი გააკეთა, გული მწყდება, რომ დავითაშვილი და ძიძიგური, რომლებიც კარგა ხნის განმავლობაში ჩვენი თანამებრძოლები იყვნენ ნოღაიდელისკენ წავიდნენ.
ნუ რა ვქნათ, მათ ეს გზა აირჩიეს. როგორც ჩანს, ისინი თავიანთ პოლიტიკურ მომავალს ნოღაიდელთან უფრო ხედავენ ვიდრე ჩვენთან. ამის გამო ვერავის გავკიცხავ, ყველას თავის არჩევანი აქვს, უბრალოდ, ჩვენ ვთქვით ხმამაღლა და ვამბობთ კიდეც, რომ რა თქმა უნდა, ნოღაიდელს ოპოზიციაში ყოფნას ვერ ავუკრძალავთ, მაგრამ ჩვენ მის გვერდით არასდროს დავდგებით.

ჩვენ ეს ადამიანი უკვე გამოვცადეთ და დავინახეთ, რომ ის ვერასდროს იქნება დემოკრატი მმართველი. სწორედ ნოღაიდელი წიხლავდა დემოკრატიას საქართველოში და ნოღაიდელთან ერთად ჩვენ საქართველოში დემოკრატიისთვის ვერ ვიბრძოლებთ.Aასე რომ საკმაოდ კარგი არჩევანი აქვს დღეს საზოგადოებას. გამოკვეთილია პროდასავლური ძალები „ალიანსის“ სახით, ასევე ე.წ რუსული ვექტორის მქონე პოლიტიკური ძალები და არის ხელისუფლება, არჩევანი ხალხზეა.

- ალასანიას მისამართით ხშირად ისმის საყვედურები მეტად რბილ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებსო, არის კი საზოგადოება მზად ალასანიასნაირი ტიპის ლიდერის მხარდასაჭერად?

- იცით, ესეც არის გარკვეული სტერეოტიპი, რომლის დანერგვასაც მედია ცდილობს. ვფიქრობ, რომ სწორედ ალასანია აწარმოებს ყველაზე ცივილიზებულ კამპანიას და ასეთი ტიპის კამპანიები უნდა არსებობდეს.

საზოგადოება, რა თქმა უნდა, სწორედ ასეთი ტიპის წინასაარჩევნო კამპანიისთვის არის მზად. სამწუხაროა, რომ საქართველოში დაინერგა ასეთი სტერეოტიპი, რომ წინასაარჩევნო კამპანია უნდა იყოს განსაკუთრებული რადიკალიზმით გამორჩეული. არ ვიცი, თქვენ მდორე საარჩევნო კამპანიას რას ეძახით, ადამიანი ყოველდღე ხვდება და აცნობს თავის პროგრამას მოსახლეობას. „ალიანსს“ აქვს კლასიკური საარჩევნო კამპანია და ნუ ვამბობთ, რომ ქართული საზოგადოება ასეთი საარჩევნო კამპანიის მქონე ლიდერის მხარდასაჭერად არ არის მზად.

- ხელისუფლება 26 მაისის აღლუმისთვის ემზადება, ოპოზიციის ნაწილი კი ამბობს, რომ ხელისუფლებას აღლუმს არ ჩავატარებინებთო, როგორია „ალიანსის“ პოზიცია?

- ვფიქრობ რომ ეს არასწორი მიდგომა და პოზიციაა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აუცილებლად უნდა აღინიშნოს. რა ფორმით, პომპეზურად, უზარმაზარი სამხედრო აღლუმით თუ როგორ ამასთან დაკავშირებით შასაძლოა სხვადასხვა შეხედულებები გვქონდეს, მაგრამ აღლუმის ხელის შეშლა ან ამ დღის არ აღნიშვნა მგონი არ იქნება სწორი.

ოპოზიციას უნდა ჰქონდეს იმის შეგნება, რომ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასი დღის აღნიშვნას ხელი არ შეუშალოს..

- არეშიძის აზრით, შესაძლოა 26-ში სიტუაცია დაიძაბოს და არჩევნები ჩაიშალოს კიდეც, როგორ ფიქრობთ, ქვეყანაში მდგომარეობა აირევა?

- ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დაძაბულობა თავიდან ავიცილოთ. თუ ვინმე თვლის, რომ სამხედრო აღლუმი არ უნდა ჩატარდეს ეს მისი აზრია და საზოგადოებას თავს არ უნდა მოახვიოს. ვიმეორებ, უზარმაზარი თანხების დახარჯვა პომპეზურ აღლუმებზე არ შეიძლება, თუმცა სახელმწიფოს უნდა ჰყავდეს თავისი არმია და არმიას უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ მოახდინოს თავისი ერის წინაშე დემონსტრირება იმისა თუ რა ძალა შესწევს მას.

- ბურჯანაძის და ნოღაიდელის ბოლო ვოიაჟს კრემლში როგორ აფასებთ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნოღაიდელი რუსეთის დახმარებით აპირებს ხელისუფლების დამხობას...

- ოპოზიციური პოლიტიკური ძალების, რომლებსაც არანაირი ბერკეტი არ აქვთ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის მოხდენის, პუტინთან შეხვედრები პირადად ჩემთვის მიუღებელია. ჩემთვის რუსეთი არის იმპერიალისტი სახელმწიფო, პუტინი კი ამ იმპერიალური სახელმწიფოს მეთაურია. ვფიქრობ რომ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობის მოგვარება აუცილებელია, მით უმეტეს ისეთ მეზობელთან როგორიც არის რუსეთი, მაგრამ ამის ბერკეტი გააჩნია მხოლოდ ხელისუფლებას.

მიუღებელია როდესაც რომელიმე სხვა სახელმწიფოს მეშვეობით ვიღაც ცდილობს თავის ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. თუ ნოღაიდელს რუსეთი იმისთვის სჭირდება, რომ საქართველოს ხელისუფლად დასვას, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია და მეტიც, ამაზრზენი საქციელია. არა მარტო ნოღაიდელმა არამედ არავინ არ უნდა გაბედოს, რომ სხვა ქვეყნის ხელისუფლების ხელდასმით მოვიდეს ქვეყანაში ხელისუფლად. ვინ იქნება პრეზიდენტი ეს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტი უნდა იყოს და იქნება კიდეც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100