სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ ემალება ედუარდ შევარდნაძე კოკო გამსახურდიას?

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი კონსტანტინე გამსახურდია არ გამორიცხავს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ვერსიას. მისი განცხადებით, კომისიას იურიდიული სტატუსი რომ ჰქონოდა, არ გაძნელდებოდა იმ პირთა დაკითხვა, რომელთა პასუხებიც კიდევ უფრო მეტ ნათელს მოჰფენდა ამ ბურუსით მოცულ საქმეს. „დრონი.ჯი“-ს კონსტანტინე გამსახურდია ესაუბრა.
„დრონი.ჯი“: რატომ ვერ მიაღწიეთ იმას, რომ კომისიას იურიდიული სტატუსი მინიჭებოდა?

კონსტანტინე გამსახურდია: როგორც ჩანს, ამის პოლიტიკური ნება ხელისუფლებაში არ არსებობს, ამიტომაც არა გვაქვს იურიდიული სტატუსი.

- ამის მიუხედავად, შესაძლებელია თუ არა დაიკითხონ ის პირები, რომელთა ჩვენებები აუცილებელია კომისიისთვის? მხედველობაში გვყავს ედუარდ შევარდნაძე და ბესარიონ გუგუშვილი.

- ედუარდ შევარდნაძე ავადმყოფობას იმიზეზებს და უარს აცხადებს, პასუხი გასცეს კომისიის შეკითხვებს. გუგუშვილი საქართველოს სამართლებრივი სივრციდან გასულია და მისი რიტორიკა, ინტერვიუ იქნება თუ კითხვებზე პასუხი, ემსახურება ერთ მიზანს - გაამართლოს კომისიასთან მისი ართანამშრომლობა. გუგუშვილის პოზიცია ისედაც ცნობილია. რაც ტელეარხ „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, იმაზე განსხვავებულ ვერსიებს გუგუშვილისგან არ უნდა ველოდოთ.

- დაგროვილი კითხვებიდან გამომდინარე, რომელიც კომისიას გააჩნია, ხომ შეიძლებოდა დაკითხვის რეჟიმში მისგან უფრო კონკრეტული პასუხების მიღება?

- ეს იმ შემთხვევაში, თუ მოხერხდება მასთან დაკონტაქტება, როგორც ვიცი, გუგუშვილი თავს არიდებს კომისიასთან ურთიერთობას. აცხადებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება უკანონოა. კარგად ცნობილ რიტორიკას მიჰყვება, რომელიც 90-იანი წლებიდან მოყოლებული, სულ იყო საქართველოში.

- ვინ ახორციელებდა დევნას ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ - შსს თუ უშიშროება?

- ეს დევნა ორივე სამინისტროს მიერ ხორციელდებოდა, მოხსენდებოდა ედუარდ შევარდნაძეს, ხოლო უშუალოდ ადგილზე იყო გია გულუა. გულუას ჰყავდა თავისი ჯგუფი და მათ შორის ეროვნული ხელისუფლებიდან გადაბირებული მებრძოლები. ასევე იყო უშიშროების სამინისტროს რეალიზების ჯგუფი, რომელსაც ავთანდილ იოსელიანი ხელმძღვანელობდა. ამ ეტაპზე ვერ გავარკვიეთ რას გულისხმობდა რეალიზების ჯგუფი.

- როგორც ცნობილია, ლიკვიდაციის ორი გეგმა არსებობდა. ვერტმფრენის გატაცება, რომელშიც იქნებოდა ზვიად გამსახურდია და თვითმკვლელობის ინსცენირება. ამ გეგმებზე იქნებ დეტალურად გვესაუბროთ?

- იყო იდეა, რომ გაეტაცებინათ ვერტმფრენი და გროზნოში გადაეყვანათ. მებრძოლები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ გია გულუასთან, გაიტაცებდნენ ვერტმფრენს, მასში ჩასვამდნენ ზვიად გამსახურდიას, თვითონ არ ჩასხდებოდნენ ვერტმფრენში. შემდეგ მოხდებოდა „უბედური შემთხვევა“. სავარაუდოდ, ეს გეგმა ძნელად შესასრულებელი აღმოჩნდა. პრეზიდენტი ვერტმფრენში ჩაჯდომას არ დათანხმდა. ამ გეგმას ბევრი სირთულე ჰქონდა, მაგალითად პილოტსაც არ უნდა სცოდნოდა მის შესახებ, თორემ უეჭველი არ დათანხმდებოდა ვერტმფრენის მართვას, თან ზვიადს შეიძლება მოეთხოვა რამდენიმე თანმხლები პირის ჩასმა მასში, ამიტომაც დარჩა თვითმკვლელობით შენიღბული გეგმა. ასეც მოხდა.

- ბადრი ზარანდიას შესახებ მინდა გკითხოთ, მისი გადაბირება სურდათ, მაგრამ იგი თავის დღიურებში წერს, რომ მან არ იკადრა ბერბიჭაშვილის როლის შესრულება. რას იტყვით ამ პიროვნებაზე?

- იგი გადაბირებული ჰყავდათ. თანამშრომლობდა კიდეც გია გულუასთან, ის წერს დღიურში, ამაზე უარი რომ მეთქვა, ეს სამი ოჯახის განადგურებას უდრიდაო, თავის ოჯახს გულისხმობდა და მისი ორი მეგობრის ოჯახებს. ბოლომდე მაინც არ შეასრულა ის დავალება და ხელი არ შეუწყო ზვიად გამსახურდიას მკვლელობას.

- რა ინფორმაცია გაქვთ ჭინჭარაულსა და გოგაძეზე, რომლებიც უკვალოდ გაქრნენ?

- ვეცადეთ გაგვერკვია ეს ამბავი, არავინ იცის, სად არიან ისინი ჩამარხული. მოკლულები რომ არიან, ამაში ეჭვი არ გვეპარება. ლოთი ქობალიამ ხელი დაადო ბადრი ზარანდიას და თქვა, რომ ზარანდიას ხელქვეითებმა ეს ორი პიროვნება ფიზიკურად გაანადგურესო.

- ჰამლეტ გულორდავა აცხადებს, რომ მან საიდუმლო შეკრებაზე ხმა არ მისცა ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციას, რატომ დატოვეს ცოცხალი ეს ადამიანი?

- ბევრი ადამიანი იქნებოდა იქ, ვინც ამ საშინელ გეგმას ხმა არ მისცა. 2007 წელს გულორდავა დავკითხეთ, მას მერე ჩვენს კომისიაში გულორდავამ ჩვენება შეცვალა. მან თქვა, რომ იმ |შეკრებაზე არ ყოფილა და მისი ახლობლისგან იცის ამ შეკრების შესახებ. ვარაუდობს, რომ ამ შეკრებას ესწრებოდნენ ჭინჭარაული და გოგაძე, ხელი არ აწიეს ამ გადაწყვეტილებაზე და ამის შემდეგ ისინი მოკლეს.
- საქმიდან გამომდინარე, პრეზიდენტს ორი იარაღი ჰქონდა - „სტეჩკინი“ და „ნაგანი“. იქნებ ამ იარაღებზე გვითხრათ, საიდან ჰქონდა ისინი ზვიად გამსახურდიას?

- აღმოჩნდა, რომ ეს არ ყოფილა ის „სტეჩკინი“, რომელიც ბადრი ზარანდიას გია გულუამ აჩუქა, ეს იყო სხვა „სტეჩკინი“, რომელიც ლოთი ქობალიას სახლში აჩუქეს პრეზიდენტს. „ნაგანი“ ელიზბარ ჯაველიძის მიერ იყო ნაჩუქარი. ეს „ნაგანი“ სიკვდილის დროს ზვიად გამსახურდიას ქამარში ჰქონდა. გამოდის, რომ ერთი იარაღი ქამარში ჰქონდა, მეორე იარაღი ხელში ეჭირა, რაც, ჩემი აზრით, სრული აბსურდია.

- „სტეჩკინი“ მაყუჩიანი ყოფილა, რომლიდანაც მოახდინა გასროლა ზვიად გამსახურდიამ. რას იტყვით ამაზე?

- ამის შესახებ ერთხელ განაცხადა პროკურატურაში რობინზონ მარგველანმა. მაყუჩიანი იარაღით თავს ვინ იკლავს, ეს სისულელეა.

- გარდა ამისა, როსტოვის ექსპერტიზით ცხედარს 9 ნეკნი და ბოქვენის ძვალი აქვს გატეხილი, თავის ქალაზეც აღენიშნება დაზიანებები. ამას თვითმკვლელი თავის თავს როგორ მიაყენებდა?

- ამაზე რაიმე კომპეტენტური აზრის გამოთქმა მიჭირს, არ არის გამორიცხული, რომ შეიძლება ეს მიყენებული ჰქონდა სიცოცხლეშივე. ამას იმიტომ ვერ ვამტკიცებ, რომ ამის სპეციალისტი არა ვარ.

- შეიძლებოდა თუ არა ეწამებინათ და მერე მიეტანათ ცხედარი იმ ადგილას?
- თავისუფლად შეიძლებოდა. მაგრამ, ვიმეორებ, აქ საბოლოო კომპეტენტური სიტყვა ექსპერტიზამ უნდა თქვას. თუკი მომავალში სახელმწიფო რესურსებით დაიწყება ამ საქმის გამოძიება, ამაზე შეიძლება განმეორებითი ექსგუმაცია მოხდეს.

- ზვიად გამსახურდიას „თვითმკვლელობის“ ორი ურთიერთგამომრიცხავი თარიღი სახელდება. ვინ იტყუება და ვინ ამბობს სიმართლეს?

- ძნელია ამ ეტაპზე ასეთ კითხვაზე პასუხის გაცემა. იმედია, გაეცემა პასუხი კითხვას, 31 დეკემბრის გამთენიისას მოხდა ეს თუ, როცა 30 დეკემბერი თენდებოდა. ექიმის განცხადებით, სხეულმა ბალზამი არ მიიღო. ეს მაშინ ხდება, როცა მიცვალებული დიდი ხნის გარდაცვლილია.

- ბატონ ზვიადის ოჯახის წევრი ბრძანდებით. შეეძლო მას თავი მოეკლა?

- არა. მართლმადიდებელი ქრისტიანი, ღრმად მორწმუნე ასე არ დაასრულებდა სიცოცხლეს, მეტადრე საწოლში, როგორც ამას გუგუშვილი ყვება. არც ის შეიძლება, რომ ასეთი ჭრილობა მიეყენებინა თავისი თავისთვის.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (ყოველ ორშაბათს)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100