სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ დაუჩოქა იანუკოვიჩმა რუსეთს?

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ და უკრაინულმა რადამ მედვედევსა და იანუკოვიჩს შორის დადებული შეთანხმება ერთდროულად უნდა განიხილონ და რატიფიცირებაც მოახდინონ. ამ დოკუმენტის თანახმად, შავი ზღვის ფლოტის ყირიმში ბაზირება კიდევ 25 წლით გაგრძელდა. გათვალისწინებულია ისიც, რომ თუ იმ მომენტისთვის მხარეებს ამის სურვილი ექნებათ, 25 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ შეთანხმების პირობების მოქმედება შესძლოა, მექანიკურად გაგრძელდეს კიდევ 5 წლით. ამჟამად მოქმედი შეთანხმების თანახმად, შავი ზღვის ფლოტი უკრაინაში 2017 წლამდე რჩებოდა.

„ეს შეთანხმება ზრდის საერთო ევროპული უსაფრთხოების გარანტიებს და განსაკუთრებით, შავი ზღვის აუზის ქვეყნებისთვის”, - განაცხადა მედვედევმა. ცხადია, რუს კოლეგას ვერც უკრაინის პრეზიდენტი ჩამორჩებოდა - მასაც რაღაც უნდა ეთქვა.

„ჩვენს კოლეგებს, ჩვენს რუს მეგობრებს სჭირდებოდათ ასეთი გარკვეულობა კონკრეტულად ამ საკითხში” - აღნიშნა იანუკოვიჩმა.
რუსებს თუ სჭირდებოდათ ამ საკითხში გარკვეულობა, უკრაინას სჭირდებოდა? ეტყობა იანუკოვიჩს ეს არ ანაღვლებდა. მთავარი, რუსი პატრონებისთვის გულის მოგება იყო და არა, უკრაინის ინტერესები. თუმცა, უკრაინამ ფლოტის ყირიმში დატოვების სანაცვლოდ მცირე კომპენსაცია მაინც მიიღო: რუსეთმა უკრაინას მიწოდებული ბუნებრივი აირის ფასი 30%-ით გაუიაფა. თითქოს, ეს ცუდი არ უნდა იყოს. თუნდაც, იმის გათვალისწინებით, რომ ”ფლოტის ბაზა - 30%-იანი ფასდაკლების სანაცვლოდ”- ასეთი გაცვლის გამო, მედვედევმა რუსი ექსპერტებს შორის მძაფრი კრიტიკა დაიმსახურა. ეკონომისტების აზრით, ამ შეთანხმებით რუსეთს მეტისმეტად დიდი მატერიალური ზიანი მიადგა.

„მაშინ როდესაც მსოფლიოში შენარჩუნებულია ბუნებრივ აირზე ფასების კლების ტენდენცია, რუსეთმა აბსოლუტურად გადახდისუნარიან პარტნიორს მილიონები და მილიარდები დაუტოვა. ის მილიონები და მილიარდები, რომლებიც ძალიან სჭირდება კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფ რუსეთის ეკონომიკას”.
მედვედევსა და იანუკოვიჩს შორის შავი ზღვის ფლოტის ბაზირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მეორე დღესვე, პრეს-კონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტმა აღიარა, რომ „ბუნებრივი აირის მიწოდებასთან და შავი ზღვის ფლოტის საკითხთან დაკავშირებით, რუსეთმა იგი გააცურა”. თუმცა, იანუკოვიჩმა სასწრაფოდ ამაში დამნაშავეც იპოვა: იულია ტიმოშენკო.
„ჩვენ არჩევანის შესძლებლობა არ გვქონდა. რუსეთის მიერ მოწოდებულ ბუნებრივ აირზე ფასები უკრაინისთვის ევროპაში ყველაზე უფრო მაღალია. უკრიანის ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია და ასეთ მაღალ ფასებს ვერ გაუძლებდა - სასწრაფოდ უნდა მიგვეღწია მათი შემცირებისთვის. ეს ყველაფერი კი იმ შეთანხმებების გამო მოხდა, რომლებიც იულია ტიმოშენკომ გასული წლის დასაწყისში გააფორმა რუსულ მხარესთან”, - განაცხადა იანუკოვიჩმა.
გარდა ამ არგუმენტისა, უკრაინის პრეზიდენტი თავის მართლებას იმითაც ცდილობს, რომ „რუსეთი უკრაინას „ცოცხალ ფულს” გადაუხდის - 98 მლნ. დოლარი ყოველწლიურად. ოღონდ ეს „ცოცხალი ფული” უკრაინის ხაზინაში მხოლოდ 2019 წლის შემდეგ წავა.
საქმე ისაა, რომ 2010 წლის დასაწყისისთვის, რუსეთის მიმართ უკრაინის ვალი 1,095 მლირდ.დოლარი იყო. მისი მომსახურებისთვის ყოველწლიური გადასახადი 97,7 მილიონს უდრის და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზის იჯარის თანხას უტოლდება. იანუკოვიჩის თქმით, ამის გათვალისწინებით, ურთიერთჩათვლების სისტემა კიდევ 11 წელი იარსებებს, ასე უკრაინის ვალი დაიფარება. ხოლო 2019 წლისთვის, თუ რუსეთის ვალი იმ მომენტისთვის ამოწურული იქნება, რუსეთი უკრაინას ბაზის ექსპლოატირებისთვის ყოველწლიურად 98 მლნ-ს გადაიხდის.
ძალიან საეჭვოა, რომ უკრაინის პრეზიდენტს თავის მართლების და სხვაზე გადამისამართების ამ უსუსურმა მცდელობებმა რაიმე რეალური შედეგი მოუტანოს. ტიმოშენკოს ბლოკი ამ შეთანხმებას „მედვედევ-იანუკოვიჩის პაქტს” უწოდებს და მისი რატიფიცირების პროცესის ბლოკირებას აპირებს.
თუმცა სანამ რადას სხდომა გაიმართება, მათ უკვე უწოდეს ამ შეთანხმებას ანტიკონსტიტუციური რაც გარკვეულწილად სიმართლეა, რადგან უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, 2017 წლის შემდეგ, ქვეყანაში აღარ უნდა იყოს არც ერთი ქვეყნის სამხედრო ბაზა.
მოკლედ, იანუკოვიჩს მძიმე დღეები დაუდგა და რუსეთის მხრიდან მოქმედებათა ასე ფორსირებაა ზუსტად ყველაზე გაუგებარი. როგორც ყოველთვის, რუსეთმა ისევ ვერ გათვალა თავისი ძალისმიერი მეთოდებით მოქმედების ყველა შესძლო პოლიტიკური შედეგი.
გაუგებარია რატომ შეაჩერა ასე სასწრაფოდ რუსეთმა იანუკოვიჩის მცდელობები, რომ როგორმე დაემტკიცებინა: ის პრორუსული კი არა არამედ, პროუკრაინული პრეზიდენტია; ის რუსეთის „კაცი” კი არ არის, არამედ, ”ხიდია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის”. უკრაინის ახალ პრეზიდენტს ჰქონდა რამდენიმე მორცხვი მცდელობა თავისი დამოუკიდებლობის დამტკიცებისა. თუმცა, როგორც ჩანს, კრემლში ეს არ მოეწონათ. და თუ ვინმეს, ამ შეთანხმებამდე იანუკოვიჩის ერთმნიშვნელოვან პრორუსულობასთან დაკავშირებით კიდევ რაიმე კითხვები ჰქონდა, ამ შეთანხმების შემდეგ, მცირე ეჭვებიც კი აღარ დარჩა.
რუსეთმა უკრაინულ ოპოზიციას დიდი საჩუქარი გაუკეთა. ახლა მათთვის აუცილებელი აღარაა ახალი არგუმენტების ძებნა იმის დასამტკიცებლად, რომ იანუკოვიჩი არ შეცვლილა. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, იულია ტიმოშენკოს ბლოკის წარმომადგენლებს დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ ამისთვის და მათი მცდელობები დეპუტატების დიდ ნაწილში - მათ შორის, მათშიც, ვინც რეგიონების პარტიის წევრი არ არის - ღიმილს იწვევდა. ამ შეთანხმების შემდეგ კი, უმრავლესობას უკვე საბრძოლო განწყობა აქვს. დღეს ბრძოლას აპირებს ყველა, ვინც ”რეგიონების პარტიასთან” არ არის კოალიციაში.
დღეს უკრაინელ პოლიტიკოსებს კარგად ესმით, რომ ამ ბრძოლის წარმოება ღირს, რადგან ეს ის პროცესი იქნება რომელსაც კარგად დაინახავას და დააფასებს ელექტორატი.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნები კი ფაქტობრივად კარზეა მომდგარი. ეს იმას ნიშნავს, რომ შავი ზღვის ფლოტის ბაზირების საკითხის კარგად გამოყენების შემთხვევაში, შესძლოა, „რეგიონების პარტიამ” ვერც მოახერხოს უმრავლესობის მოპოვება. და მაშინ, ვიქტორ იანუკოვიჩიც ისეთივე ნომინალურ ფიგურად იქცევა როგორიც, ბოლო პერიოდში ვიქტორ იუშჩენკო იყო.
რუსეთი კი „თავის კაცს” დაკარგავს - როგორც რეალური პროცესების განმსაზაღვრელ ფიგურას, რომელსაც მათი დავალებების წარმატებით შესრულება შეეძლო. სრულიად გაუგებარია რაში დასჭირდათ რუსეთის მმართველებს, ისედაც დისკრედიტირებული ფიგურისთვის იმიჯის ბოლომდე გაფუჭება? განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ შავი ზღვის ფლოტის ბაზირების შესახებ ამჟამად მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2017 წელს ეწურება. ანუ იანუკოვიჩს მშვიდად შეეძლო, ეს მეტისმეტად საჩოთირო თემა პრეზიდენტობის პირევლ ვადაში არც კი განეხილა. კრემლმა ისევ შეცდომა დაუშვა. თუმცა, მათ ეს ხშირად ახასიათებთ. ვინ ვინ და ქართველებმა კი კარგად ვიცით კრემლის ”პოლიტიკის” ფასი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100