Lego-ს რობოტმა რუბიკის კუბიკი ადამიანზე სწრაფად ააწყო და რეკორდი მოხსნა
Lego-ს რობოტმა CubeStormer II-მ რუბიკის კუბიკი 5,35 წამში ააწყო. ამის შესახებ ტექნობლოგი Gizmodo იუწყება.
რობოტის რეკორდი 0,31 წამით უმჯობესი აღმოჩნდა ავსტრალიელი ფელისქს ზემდექსის შედეგზე, რომელსაც დღემდე ეკუთვნოდა კუბიკის აწყობის რეკორდი - მელბურნში ჩატარებული საერთაშორისო შეჯიბრების დროს, 2011 წლის ივნისში მას რუბიკის კუბიკის კლასიკური სახეობის ასაწყობად 5,66 წამი დასჭირდა.
რობოტი-რეკორდსმენი ბრიტანელმა კონსტრუქტორებმა მაიკლ დობსონმა და დევიდ გილდეიმ შექმნეს. ამისათვის მათ Lego Mindstorms-ის კონსტრუქტორის ოთხი ნაკრები დასჭირდათ. რობოტს სმარტფონი Galaxy S II მართავს, რომელიც კუბიკს ჩამონტაჟებული კამერის მეშვეობით „უყურებს“ და გადაწყვეტილებას ღებულობს.
საზოგადოების წინაშე რობოტის წარდგენას ინჟინრები კალიფორნიაში 26-27 ოქტომბერს დაგეგმილი TechCon გამოფენის დროს გეგმავენ.
კომენტარი