სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიდი უხერხულობა გახარიას გუნდში - რატომ არ არის სიაში მიხეილ დაუშვილი?

გაურკვევლობა ყოფილი პრემიერის გუნდში - "გახარია საქართველოსთვის" პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სია ცოტახნის წინ ჩააბარა, თუმცა ირკვევა, რომ პოლიტიკოსთა ჩამონათვალში მიხეილ დაუშვილის სახელი და გვარი არ იძებნება.

დეპუტატი, რომელიც გიორგი გახარიას გუნდში პარტიის დაარსების დღიდან მუშაობს, საარჩევნო სიის 30-ეულშიც ვერ მოხვდა. პარტიაში არსებული კითხვის ნიშნები გუშინდელმა პრეზენტაციამ გამოიწვია, სადაც გახარიამ 29-კაციანი საარჩევნო სია წარადგინა.

წარდგენილ პარტიულ სიაში გიორგი გახარიას მიხეილ დაუშვილი არ დაუსახელებია, თუმცა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ყოფილი პრემიერი ირწმუნებოდა, რომ დაუშვილი მომდევნო საპარლამენტო დეპუტატობის კანდიდატთა სიაშია და გამოცხადებისას მისი გვარი უბრალოდ გამორჩა.

სიას რომ მივყვებოდი, ორი კაცი გამომრჩა. გიორგი შარაშიძე, მიხეილ დაუშვილი გამომრჩა. სიის შემადგენლობაში არის, მე უბრალოდ გამომრჩა", - ამბობს გახარია.

მომხდარი შემთხვევის შემდეგ, მიხეილ დაუშვილმა კომენტარი არ გააკეთა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მედიასთან არც დღეს გამოჩენილა და სატელეფონო ზარებისთვისაც არ უპასუხია.

თუმცა, როგორც დაუშვილის თანაგუნდელი, ბერდია სიჭინავა ამტკიცებს, თავდაპირველად, მიხეილ დაუშვილი პარტიულ სიაში იყო, თუმცა მოგვიანებით თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო გუნდში ყოფნა აღარ უნდოდა.

მიხეილ დაუშვილი ჩვენი საპარლამენტო სიის 20-ეულში მონაწილეობდა, თუმცა დაუშვილის გადაწყვეტილებით, მას სურს, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში არ იყოს. პოლიტიკური საბჭოს წევრად რჩება და პოლიტიკური გუნდის ნაწილი იქნება. ჩვენ საერთო ბრძოლა გვაქვს მოსაგები", - ამბობს ბერდია სიჭინავა.

ცნობისთვის, 25 სექტემბერს გიორგი გახარიამ საარჩევნო სია წარადგინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100