სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფგან მუხთარლიმ საქართველოსა და აზერბაიჯანს ევროსასამართლოში დავა მოუგო

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ დავა მოიგო.

ევროსასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა) და მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება) განმცხადებლის გატაცების, არასათანადო მოპყრობის შესახებ ეფექტური გამოძიების ჩატარებით და უკანონო ტრანსპორტირებით აზერბაიჯანში; თუმცა, სასამართლომ არ დაადგინა მე-3 და მე-5 მუხლების „მატერიალური დარღვევა“ (არასათანადო მოპყრობასა და დაკავებასთან დაკავშირებით).

სასამართლომ დაადგინა აზერბაიჯანის მიერ კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევა (თავისუფლებისა და პიროვნების უსაფრთხოების უფლება), რომლის მიხედვითაც დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა წარდგეს მოსამართლის, ან კანონით მინიჭებული სასამართლო უფლებამოსილების მქონე სხვა თანამდებობის პირის წინაშე; აზერბაიჯანს დაუდგინდა მე-8 მუხლის დარღვევაც, რაც პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას გულისხმობს.

ევროსასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მუხთარლის უნდა გადაუხადოს 12 500 ევრო, ხოლო აზერბაიჯანის ხელისუფლებამ - 8 500 ევრო არამატერიალური ზიანის, იურიდიული ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად (სულ 21 000 ევრო).

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, რის შემდეგაც აზერბაიჯანში, 30 მაისს დააპატიმრეს. ის წლებია ითხოვს საქართველოდან მისი გატაცების სრულყოფილად გამოძიებას და ამტკიცებს, რომ ამ სპეცოპერაციაში პირად იყვნენ ჩართული გავლენიანი ქართველი მაღალჩინოსნები. 2022 წელს, მუხთარლიმ საქართველოს პროკურატურას ჩვენება მისცა, სადაც აცხადებდა, რომ აზერბაიჯანმა მის გატაცებაში საქართველოს ხელისუფლებას $3 მლნ გადაუხადა.

მუხთარლი ამჟამად პოლიტიკური დევნილის სტატუსით, ევროპაში ცხოვრობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100