„ზესტაფონი“ - საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 2011-2012 წლების გამარჯვებული
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი სხდომაზე ოთხი საათის განმავლობაში მსჯელობდა პრობლემაზე, რომელიც „ზესტაფონსა“ და რუსთავის „მეტალურგს“ შორის არსებულ საჩემპიონო დავას უკავშირდება.
სხდომის დასრულების შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას განცხადების მიხედვით, აღმასკომმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულება დეტალურად განიხილა, რომელიც იუწყება, რომ გუნდების მიერ ჩემპიონატის ფარგლებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ჩემპიონად ის გუნდი სახელდება, რომელსაც უფრო მეტი მატჩი აქვს მოგებული.
სიჭინავამ კი უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის განმარტა, რომ დებულების აღნიშნული პუნქტის გათვალისწინებით, გამარჯვებულად „ზესტაფონი“ ცხადდება.
რუსთავის „მეტალურგის“ მმართელმა დირექტორმა, ბუბა ტყავაძემ კი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე კომენტარისგან თავი შეიკავა. თუმცა, განაცხადა, რომ საკუთარ პოზიციას, მხოლოდ აღმასკომის ოქმის გაცნობის შემდეგ დააფიქსირებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დამატებითი იურიდიული განმარტებები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატი 20 მაისს დასრულდა და აღსანიშნავია, რომ „ზესტაფონმა“ და „მეტალურგმა“ ერთნაირი ქულები დააგროვეს და შედეგად, ორივე კლუბმა ჩემპიონობაც იზეიმა.
კომენტარი