სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით ამირეჯიბი: ძიძიგური ორშაურიანი კაგებეშნიკია

„რუსეთს უნდა საქართველოში სამოქალაქო ომის სცენარი გაათამაშოს და ვიღაც-ვიღაცები ხელს შეუწყობენ კიდევაც. დიდ პატრიოტ და ეროვნულ ძალას თამაშობს ძიძიგური. ის ფსევდო ეროვნული ძალაა. სხვათაშორის, გამსახურდიას ძიძიგურთან სერიოზული კონფლიქტი ჰქონდა და რამდენადაც ვიცი ის გროზნოში საერთოდ არ ყოფილა.
რა ზვიადიზმზეა ლაპარაკი, ზვიადი გროზნოში რუსებს ებრძოდა და რუსეთის პოლიტიკამ მოკლა. ეს ნაძირალა ძიძიგური კი პუტინთან აპირებს ჩასვლას. რომელი ზვიადისტი და ეროვნული მოღვაწე ეგა მყავს, ორშაურიანი კაგებეშნიკია, თავის ნოღაიდელთან და იმათთან ერთად ვინც მოსკოვში დადის“, განუცხადა „დრონი.ჯი“-ს ფსიქოლოგმა დავით ამირეჯიბმა.

დავით ამირეჯიბი: გუშინ ერთ-ერთ რუსულ საიტზე აკაკი ასათიანის ინტერვიუ წავიკითხე და დავიშოკე. ასათიანი ამბობს, რომ ქართველები აფხაზების და ოსების წინაშე დამნაშავეები ვართ და მათ ბოდიში უნდა მოვუხადოთ. წარმოგიდგენიათ, როდესაც ამას წაიკითხავს დევნილი რა დაემართება? გადაირევა, რადგან აქ იგულისხმება, რომ დამნაშავეები ისინი არიან, რადგან ისინი ცხოვრობდნენ აფხაზების და ოსების გვერდით და გამოდის, რომ აფხაზებს და ოსებს მათ უნდა მოუხადონ ბოდიში.
ამბობენ, რომ ეთნოკონფლიქტი იყო. მთელი იდიოტიზმი ამ პოლიტიკისა იმაშია, რომ თუ ეთნოკონფლიქტი მართლაც იყო მაშინ აფხაზები და ოსებიც დამნაშავეები გამოდიან. ჩხუბს ორი მხარე აქვს ხომ. მაშინ შენ რომ რუსული არმია მოიხმარე და საქართველოს ტერიტორიაზე ქართველებს ჟლეტ რა, არ ხარ მონაწილე კონფლიქტური მხარისა? შენ კიდევ ბოდიშს რომ უხდი ამ მხარეს და თანაც აღიარებ ეთნოკონფლიქტს მაშინ თვითონ იმ ოსს აყენებ შეურაცხყოფას, რადგან ზრდილობიანად უბოდიშებ, მაგრამ ამასობაში ეუბნები შენ ხარ ეთნოკონფლიქტის მონაწილეო.
ამიტომ ეს პოლიტიკური კონფლიქტია და არა ეთნოკონფლიქტი და რადგან პოლიტიკური კონფლიქტია ეს ჩვენი გამარჯვებაა. ჩვენ თუ ეს იდეა გაეროში გავიტანეთ, მაშინ აქ მთელი რუსული ლოგიკა ინგრევა და საქართველო მართალი გამოდის. მაშინ დევნილები უპირობოდ უნდა დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. ისინი არ არიან კონფლიქტის მონაწილე მხარე, მაშ ვის და ვის შორის იყო კონფლიქტი?
კონფლიქტი იყო ერთ საბჭოთა ლიდერს, ედუარდ შევარდნაძეს და მეორე საბჭოთა ლიდერს, არძინბას შორის. ორივე ერთი და იგივე სისტემას ემსახურებოდა და ხომ არ იყო ეს კონფლიქტი რუსეთის მიერ გათამაშებული? ეს ნაძირალა აკაკი ასათიანი კი ამბობს, რომ ქართველები ვართ დამნაშავეები. ამით ის პირდაპირ კრემლის დაკვეთას ასრულებს.

„დრონი.ჯი“: ნოღაიდელი დევნილებს ახალგორსა და კოდორში დაბრუნებას ჰპირდებოდა...

- ნოღაიდელმა ერთხელ უკვე „დაგვიბრუნა“ ბავშვები. ბავშვების დაბრუნება პუტინის მხრიდან ნოღაიდელისთვის სიმბოლური აქტი იყო. ნოღაიდელი ვინ არის? ნოღაიდელი არის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ვითომ ლეგიტიმური წარმომადგენელი არა? ანუ მის პოლიტიკას ადამიანები იზიარებენ ხომ? ეს ის ნაწილია ვისაც საბჭოთა კავშირში დაბრუნება უნდა. ანუ რუსეთის ორბიტაზე გასვლა, რომელიც ცნობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის პუტინი.
ნოღაიდელს, რა თქმა უნდა, დევნილების სახლებში დაბრუნება შეუძლია, რადგან პუტინია მისი პრეზიდენტი. პუტინია აფხაზეთის და ოსეთის პრეზიდენტიც. მართალია, აფხაზეთს არ უნდა პუტინი რომ ჰყავდეს პრეზიდენტად, მაგრამ ჰყავს რადგან იქ რუსული ბაზებია. სადაც არის რუსული ბაზები და რუსული სამხედრო წარმომადგენლობა იქ ცხადია პრეზიდენტი პუტინია.
აქედან გამომდინარე, საქართველოს 20 პროცენტის, რუსეთის და ნოღაიდელის პრეზიდენტი პუტინია. პუტინს უნდა რომ დანარჩენი საქართველოს პრეზიდენტიც გახდეს და დანარჩენი 80 პროცენტის პრეზიდენტიც რომ გახდეს უნდა დაგვისვას პრეზიდენტად თავისი კაცი და ის ნოღაიდელთან ერთად შეეცდება ამის გაკეთებას.
- თქვენ ფიქრობთ რომ რუსეთი ნოღაიდელის დახმარებით შეეცდება საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას?

- ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, რუსეთს საქართველოში მომხრეები არ ჰყავს, ხალხს ვგულისხმობ. გასულ წელს აქციებზე შეგროვილი ხალხი რუსეთის სასარგებლოდ კი არ მოქმედებდა, მათ დროშაზე კი არ ეწერათ პუტინია ჩვენი პრეზიდენტიო, არა ბატონო, ისინი ქვეყანაში არსებული მდგომარეობით იყვნენ უკმაყოფილონი.
ისინი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არ გამოდიოდნენ და არ იყვნენ პრორუსული ძალა. რუსეთს უნდა რომ ეს ხალხი პრორუსული ძალა იყოს და ეს ემოცია და აგრესია ხალხის წარმართოს სახელმწიფოებრივობის წინააღმდეგ, ანუ მოახდინოს ინსპირირება სამოქალაქო დაპირისპირებისა. რუსეთს უნდა საქართველოში სამოქალაქო ომის სცენარი გაათამაშოს, გამოიყვანოს ბანდფორმირებები, საბჭოთა კაგებეშნიკები და კრიმინალები.
კრიმინალები საბჭოთა სისტემაში იყვნენ ინტეგრირებული და პოლიტიკური ძალაა, ანუ იგივე კაგებეს ფილიალია ხომ? უნდა რომ ეს ძალები ეროვნულ ხელისუფლებას დაუპირისპიროს, შემოიყვანოს თავისი ძალები და საქართველოში სამოქალაქო ომის, ასე ვთქვათ, ფარსი გაითამაშოს. მერე კი ყველაფერი ჩვენ გადაგვაბრალოს. მერე იტყვიან, ჩვენ რა შუაში ვართ, თქვენ ხომ ზვიადის დროსაც დაჭამეთ ერთმანეთიო და ფაშისტები ხართო.
ჩვენ კი სამშვიდობო ძალა ვართ და ჩვენს მოსახლეობას, ეროვნულ უმცირესობებს, იმ ქართველ ხალხს ვიცავთ, რომელსაც ჩვენთან ნორმალური ურთიერთობა უნდაო. და ძიძიგური ნახეთ რა პოპულარული გვყავს, ტელევიზიები 24 საათი ამ ნაძირალა ძიძიგურს ატრიალებენ.
- თქვენი აზრით, ქვეყანაში სიტუაცია დაიძაბება?

- საქართველოში პუტინს პრეზიდენტად არავინ სცნობს. ნუ ნოღაიდელს არ ვგულისხმობ, რადგან ის „ედინაა რასიას“ წარმომადგენელი, მისი ფილიალია თბილისში და მისი პრეზიდენტი პუტინია. ერთი რამ იცოდეთ, ნოღაიდელი და ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც რუსეთში ჩადიან, რეალურად მოქალაქეთა კავშირის, შევარდნაძის წარმომადგენლები არიან. დიდ პატრიოტ და ეროვნულ ძალას თამაშობს ძიძიგური. ის ფსევდოეროვნული ძალაა, შევარდნაძის ფსევდოოპოზიციაა. სხვათაშორის, გამსახურდიას ძიძიგურთან სერიოზული კონფლიქტი ჰქონდა და რამდენადაც ვიცი ის გროზნოში საერთოდ არ ყოფილა. არც ერთ უზენაეს საბჭოს სხდომას არ დასწრებია, რადგან ის იყო გაშიფრული. ის ფსევდოეროვნული ძალაა და მას ზვიადთან არანაირი კავშირი არა აქვს.
რა ზვიადიზმზეა ლაპარაკი, როდესაც ზვიადი დუდაევთან ერთად გროზნოში რუსებს ებრძოდა, ერთიც და მეორეც რუსეთის პოლიტიკამ მოკლა და გაანადგურა. მათ რუსეთთან ბრძოლას მსხვერპლად შეწირეს თავი და ეს ნაძირალა ძიძიგური პუტინთან აპირებს ჩასვლას. რომელი ზვიადისტი და ეროვნული მოღვაწე ეგა მყავს, ორშაურიანი კაკებეშნიკია, თავის ნოღაიდელთან და იმათთან ერთად ვინც იქ დაიარება.
მაგრამ რუსეთისთვის სრულიად საკმარისია შთაბეჭდილება იმისა, რომ საქართველოში ორი მხარეა. ერთის პრეზიდენტი პუტინია და მეორესი სააკაშვილი. ამ ორ მხარეს შორის არის ომი. ვიმეორებ, რუსეთს უნდა სამოქალაქო ომის ინსპირირება, სადაც ის შემოვა როგორც შემრიგებელი ძალა.

- რამდენად შეძლებს სამოქალაქო ომის ინსპირირებას რუსეთი, საფრთხე ამისა რამდენად რეალურია?

- ამის დიდი საშიშროებაა. თითქოს ჩვენ გვამშვიდებს ის, რომ რუსეთმა უკვე წაიღო ის რაც წასაღები ჰქონდა და ამიტომ თბილისში შემოსვლა აღარ სჭირდება, იცით რა თბილისში შემოსვლა როცა შეუძლია რატომ არ შემოვა?Mმოსახლეობას მოვუწოდებ, რომ პუტინის ორშაურიან პროვოკაციებს ნუ წამოვეგებით და მაშინ პროვოკატორები ვერაფერს შეძლებენ. მათ სჭირდებათ, რომ ხალხის უკმაყოფილება გამოაცხადონ პუტინის მომხრეებად. ელემენტალური ფორმულაა: შენ ხარ უკმაყოფილო, რადგან შენ ონკანში წყალი არ მოდის ან ხელფასი არ გაქვს... მათ სურთ, რომ შენი ეს უკმაყოფილება პუტინის გეგმებს დააკავშირონ...
ინტერვიუ დაიბეჭდა ყოველკვირეულ გაზეთ „დრონი.ჯი“-ს (გამოდის ორშაბათობით) 31 მარტის ნომერში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100