სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საწვავი თუ გაუმართავი ძრავი - რა იწვევს ჰაერის დაბინძურებას

ეკა ლალიაშვილი: „თუ შიდა წვის სისტემა არაა გამართული, რომელი საწვავიც არ უნდა ჩავასხათ, გამონაბოლქვი იქნება მავნებელი.“

რა უნდა გაკეთდეს, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პროცესი შეწყდეს და რა არის ამ პროცესის გამომწვევი მთავარი მიზეზები - ექსპერტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტის სამუშაო ჯგუფთან თანამშრომლობა დაიწყეს. სპეციალისტების მტკიცებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს მოძველებულ ავტოპარკზე და აუციელებელია, დამკვიდრდეს მკაცრი, ევროპული სტანდარტის შესაბამისი რეგულაციები.

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისათვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი აცხადებს, რომ მთავარი დამაბინძურებელი ტრანსპორტის გამონაბოლქვია და ჰაერის დაბინძურების პროცესს განსაკუთრებით ხელს ოც წელს გადაცილებული ავტომობილების არსებობა უწყობს. ლალიაშვილის თქმით, სახელმწიფომ უნდა დააწესოს შეზღუდვები ქვეყანაში ძველი ავტომობილების შემოსვლასთან დაკავშირებით. მისივე განცხადებით, თუ შიდა წვის სისტემა არაა გამართული, კარგი საწვავის გამოყენების შემთხვევაშიც, გამონაბოლქვი იქნება ადამიანის ჯანრმთელობისათვის მავნებელი. ამასთან, ინსპექტირების არსებული მეთოდი შედეგის მომტანი არ არის.

„ინსპექტირებით გამონაბოლქვის შემოწმება ხდება, თუმცა დაბალი სტანდარტია დაწესებული და ტექნიკური პარამეტრი საშუალებას არ იძლევა, მძღოლი დაჯარიმდეს. მაქსიმალური გამოყოფის ზღვარი 4.5-ია, მინიმალური - 0.8. ეს ნიშნავს, რომ თუ ავტომობილი არის ძველი და ბოლავს, შესაძლებელია, ინსპექტირება მაინც გაიაროს, რადგან დაწესებული სტანდარტი არ არის მკაცრი. გამოდის, რომ ინსპექტირებას გავდივართ, მაგრამ გარემოს ვაბინძურებთ, რადგან ავტომობილი ძველია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ძველი ავტომობილები ამოვიღოთ მოხმარებიდან,“ - აცხადებს „ალიანსი უსაფრთხო გზებისათვის“ თავმჯდომარე.

ეკა ლალიაშვილი პროცესში კატალიზატორების მნიშვნელობაზეც საუბრობს:

„5 წლამდე ავტომობილს აქვს გარანტია, რომ კატალიზატორი მუშაობს. სანამ მანქანა 10 ათას კილომეტრს გაივლის, მანამდე ეს კომპონენტი მწყობრშია. ამის შემდეგ, ავტომობილს სჭირდება ხელის შევლება. სწორედ ამიტომ, ევროპის ქვეყნებში აღარ აჩერებნ ამ ასაკის ავტომობილებს და ხდება ჩანაცვლება. მოძველებული ავტოპარკი კი მოდის საქართველოს მსგავს ქვეყნებში. თბილისში არსებული ავტომობილების მხოლოდ 3%-ია ახალი, 45% კი - 20 წელს გადაცილებული. ეს ნიშნავს, რომ სავალალო მდგომარეობაა,“ - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

მისი მტკიცებით, უფრო რთული ვითარებაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით და მათი ნაწილი მთლიანად ამოსაღებია მოხმარებიდან. ეკა ლალიაშვილი ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის დიდი ნაწილი ამორტიზირებულია და შეკეთებასაც აღარ ექვემდებარება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100